მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გავლენა აქვს რეფინანსირების განაკვეთის კლებას ლარის კურსზე? - ეკონომისტის შეფასება

გალტი

Galt & Taggart-ის ეკონომისტი ლაშა ქავთარაძე მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკის მიერ რეფინანსირების განაკვეთის 0.75 პროცენტული პუნქტით შემცირების შედეგად ლარის კურსზე მცირე ზეწოლა შესამჩნევია.

როგორც ეკონომისტმა „საქმიანი დილას“ ეთერში აღნიშნა, მკვეთრად შერბილებულმა მონეტარულმა პოლიტიკამ და შესაბამისად კორექტირებულმა საპროცენტო განაკვეთებმა, შესაძლოა უცხოური ვალუტის დეპოზიტები წაახალისოს.

„მე უფრო პაუზის მომხრე ვიყავი, იმიტომ რომ, როდესაც ერთბაშად ხდება მონეტარული პოლიტიკის შერბილება, ლარის კურსზე შეიძლება გარკვეული ზეწოლა წამოსულიყო. ბევრი უყურებს როგორია განაკვეთები უცხოურ და ეროვნულ ვალუტაში. ბევრს შეიძლება არ უნდა 4-5%-იანი სპრედის დროს ლარის რისკის აღება და ა.შ. შეიძლება ეს იყოს ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ვიღაცებმა უცხოურ ვალუტაში ამჯობინეს დეპოზიტების გადატანა ან გახსნა. შეიძლება, მოლოდინებზეც იმოქმედა წინასწარ და ეს ასახვა გვაქვს. ცოტათი ზეწოლა რომ გამოჩნდა, ეს დავინახეთ ლარის კურსზე“,- ამბობს ეკონომისტი.

მისივე შეფასებით, დოლართან მიმართებით ლარის არსებული კურსის შენარჩუნების შემთხვევაში, გაცვლითი კურსიდან ფასებზე ზეწოლა არ იქნება და რეფინანსირების განაკვეთის კლებას ეკონომიკაზე პოზიტიური გავლენა ექნება.

„რა კურსიც არის ახლა, 2.7 წონასწორულ დონეზეა, მთავარია წლის განმავლობაში შენარჩუნდეს. ამ დონეზე გაჩერება იმას ნიშნავს, რომ კურსიდან ფასებზე ზეწოლა არ გვექნება, თუმცა თუ გაუფასურების შემდგომი ტრენდი გაგრძელდა, რა თქმა უნდა, გავლენა ექნება. სავალუტო შემოდინებები საკმაოდ კარგია. თუ კურსი შენარჩუნდება, მონეტარული პოლიტიკის ამ დონით შემცირებას ეკონომიკურ აქტივობაზე მხოლოდ პოზიტიური გავლენა ექნება“,- აცხადებს ლაშა ქავთარაძე.

19 მარტის ვაჭრობის შედეგად,ლარი აშშ დოლართან მიმართებით 0.30 თეთრით გაუფასურდა და 1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2,7128 ლარი გახდა. ეროვნული ვალუტის გაუფასურება რამდენიმე დღეა დაიწყო და 13 მარტის კურსთან შედარებით, ცვლილება უკვე 5 თეთრზე მეტია. ასევე 5 თეთრზე მეტადაა გაუფასურებული ლარი ევროსთან მიმართებით და 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9529 ლარია.

ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის 13 მარტის გადაწყვეტილებით, რეფინანსირების განაკვეთი 0.75 პროცენტული პუნქტით, 8.25%-მდე შემცირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები