მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სავალუტო შემოდინებები, შემცირებული რეფინანსირების განაკვეთი... - რა განაპირობებს ეკონომიკურ ზრდას?

გალტი

საინვესტიციო ბანკ Galt&Taggart-ის ეკონომისტ ლაშა ქავთარაძის შეფასებით, ქვეყანაში მაღალი, თითქმის 10%-იანი ეკონომიკური ზრდა, რამდენიმე ძირითადი ფაქტორით არის განპირობებული - ამის შესახებ ქავთარაძემ "საქმიანი დილას" ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, ერთ-ერთი ასეთი ფაქტორი საგარეო ვალუტის შემოდინებაა.

"თუ შევაჯამებთ 9 თვის მონაცემებს, ექსპორტის, ფულადი გზავნილების, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების, IT მომსახურების და ტურიზმის შემოსავლები, დაახლოებით, $13 მილიარდია. მართალია, შარშან, ანალოგიურ პერიოდში ცოტათი მეტი იყო, მაგრამ თუ შევხედავთ პანდემიამდელ მაჩვენებლებს, მაგალითად, 2019 წელს, ყველაზე მაღალი შემოსავალი $11 მილიარდამდე იყო, ახლა კი 9 თვეში გვაქვს უკვე $13 მილიარდი. სწორედ ასეთი მაღალი სავალუტო შემოდინებებები განაპირობებს მაღალ ეკონომიკურ ზრდას ", - განმარტავს ლაშა ქავთარაძე.

ეკონომისტის განმარტებით, შემდეგი ფაქტორი ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის შერბილებაა, რაც ბიზნესის განწყობაზე აისახება.

"გასული წლიდან მონეტარული პოლიტიკა 11%-დან 8%-მდე ჩამოვიდა. ეს გადაითარგმნა იმაში, რომ საბანკო დაკრედიტება, განსაკუთრებით ბიზნესის ნაწილში გაიზარდა, რაც თავის მხრივ, საინვესტიციო აქტივობაზე მიუთითებს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ლარი არის სტაბილური, რაც კიდევ უფრო ზრდის ბიზნესის განწყობას - ეს ძირითადი კომპონენტებია, რომლითაც მაღალი ეკონომიკური აქტივობა გვაქვს", - აღნიშნავს Galt&Taggart-ის ეკონომისტი.

ლაშა ქავთარაძის თქმით, 2024 წლის ეკონომიკურ ზრდაში დომინანტურ სექტორებად რჩება ტრანსპორტის, IT და განათლების სექტორები, რომლებიც წინა პოზიციებზე რუსეთ-უკრაინის ომის შემდგომ გადმოვიდნენ. ამასთან, გასულ წელთან შედარებით, ზრდა გვაქვს დაჩქარებული დამამუშავებელი მრეწველობისა და უძრავი ქონების სექტორებშიც.

"საქმიანი დილას" ეთერში ლაშა ქავთარაძემ ეკონომიკური ზრდის 8 თვის მონაცემებიც შეაჯამა. მისი თქმით 10%-იანი ეკონომიკური ზრდის ტემპი მიუთითებს, რომ 2022 წელს დაწყებული ეკონომიკური აქტივობა ამ დრომდე მაღალ დონეზე რჩება.

"ინფლაცია, რომელიც წინა წლებში იყო გამოწვევა, უკვე მეორე წელია, გასული წლის მაისიდან მოყოლებული, მიზნობრივ 3.0%-ზე დაბალია. სექტემბრის თვეში წლიური ინფლაცია 0.6% იყო, რაც უმეტესწილად იმპორტირებული ინფლაციის ტემპის შენელებამ განაპირობა.

დაბალი ინფლაცია ეხმარება, რომ მოხმარება იყოს აქტიური, შესაბამისად, მიმდინარე წლის ეკონომიკურ ზრდას თუ შევხედავთ კომპონენტების მიხედვით, მოხმარება არის ეკონომიკის ზრდის ძირითადი განმაპირობებელი, მაშინ როდესაც 2022-2023 წლებში ეს ინვესტიციების კომპონენტი იყო, რაც წელს შენელებულია", - განმარტავს ლაშა ქავთარაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები