მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაზრდილია ალბათობა, რომ წელს საქართველოში 7%-იანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდეს - ლაშა ქავთარაძე

ლაშა ქავთარაძე

Galt & Taggart-ის შეფასებით, 2024 წელს საქართველოს ეკონომიკა შესაძლოა, მოსალოდნელზე მაღალი ტემპით გაიზარდოს.

როგორც საინვესტიციო ბანკის ეკონომისტმა, ლაშა ქავთარაძემ BMG-ის განუცხადა, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში დაფიქსირებული 7.8%-იანი ეკონომიკური ზრდის ტემპი იმაზე მიუთითებს, რომ იზრდება მათი პოზიტიური სცენარის განვითარების ალბათობა, რაც 7%-ია.

მისი თქმით, რუსეთიდან მიგრაციის ეფექტის შედარებით კლების ფონზე, სავალუტო შემოდინებები ისეთი მიმართულებებით ბალანსდება, როგორიცაა მაგალითად, IT სექტორი.

„მარტში ეკონომიკური ზრდა ჩვენს მოლოდინზე მაღალი, 8.% დაფიქსირდა და ჯამურად პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკა 7.8%-ით გაიზარდა. მიმდინარე წლისთვის ჩვენი საბაზო სცენარი 6%-იან ეკონომიკურ ზრდას ითვალისწინებს, თუმცა ასეთი ზრდის ტემპი იმაზე მიგვანიშნებს, რომ შესაძლოა, ჩვენი პოზიტიური სცენარი გამართლდეს და წლიურ ჭრილში საქართველოს ეკონომიკა 7%-ით გაიზარდოს. ჩვენ ვხედავთ, რომ 2023 წლის მეორე ნახევრიდან ინფლაცია მნიშვნელოვნად შენელდა და მეოთხე კვარტალში ეკონომიკურ ზრდაში მოხმარების კომპონტენტის კონტრიბუცია მნიშვნელოვნად გაიზარდა. ის, რომ ინფლაცია დაბალ ნიშნულზე ნარჩუნდება, მიუთითებს იმაზე, რომ 7.8%-იან ზრდაში მოხმარების კომპონენტს კვლავ დიდი წვლილი ექნება. აღსანიშნავია, რომ საინვესტიციო აქტივობა მდგრად დონეზე ნარჩუნდება, როგორც სახელმწიფო ინვესტიციების მიმართულებით, ასევე კერძო სექტორის მხრიდან. რაც შეეხება სავალუტო შემოდინებებს, ადრე მიგრაციის ეფექტის გათვალიწინებით, უფრო მაღალ დონეზე ნარჩუნდებოდა. რაც გვაქვს დანაკლისი მიგრაციის ეფექტის შენელებიდან გამომდინარე, ფაქტობრივად დაბალანსებულია სხვა არხებიდან. ეს წყაროებია IT მომსახურების ექსპორტი, ასევე განათლების მიმართულება. შესაბამისად, მიმდინარე წლის ეკონომიკური აქტივობა კვლავ მაღალ დონეზე რჩება და ჩვენი შეფასებით, ის აღემატება ქვეყნის პოტენციური ზრდის ტემპს“, - განაცხადა ლაშა ქავთარაძემ.

ცნობისთვის, საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 8.2% შეადგინა, ხოლო I კვარტალის საშუალო რეალური ზრდა 7.8%-ით განისაზღვრა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები