Galt & Taggart-მა 2025 წლისთვის საქართველოს ეკონომიკური პროგნოზები განაახლა. ორგანიზაციის შეფასებით, წელს მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი, რომელიც ქვეყნის ეკონომიკაზე მოახდენს გავლენას იქნება ქვეყანაში არსებული პოლიტიკა და ის თუ როგორ წარიმართება ამ მხრივ მოვლენები.
Galt & Taggart-ის ეკონომისტმა ლაშა ქავთარაძემ 2025 წლის პროგნოზების შესახებ “საქმიანი დილის” ეთერში ისაუბრა. ის აღნიშნავს, რომ საბაზო სცენარით, 2025 წელს 5%-იან ეკონომიკურ ზრდას, ინფლაციის 3.9%-მდე ზრდას და დოლართან მიმართებით ლარის 2.88 ლარის ნიშნულამდე გაუფასურებას პროგნოზირებენ.
ლაშა ქავთარაძე დეტალურად მიმოიხილავს ინფლაციის განმსაზღვრელ ფაქტორებს და აღნიშნავს, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში შედარებით დაბალი ინფლაცია განპირობებული იყო ლარის შედარებითი სტაბილურობითა და გლობალურ ბაზრებზე ნედლეულის შემცირებული ფასებით. თუმცა, 2025 წელს პოლიტიკური ფაქტორებიდან გამომდინარე მოსალოდნელია ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურება, რაც იმპორტირებული საქონლის ფასებს გაზრდის. Galt & Taggart-ის შეფასებით, ლარის გაცვლითი კურსის ყოველი ერთი პროცენტით გაუფასურება ინფლაციას 0.2-0.35 პროცენტული პუნქტით ზრდის.
ლაშა ქავთარაძე ასევე საუბრობს პესიმისტურ და ოპტიმისტურ ეკონომიკურ სცენარებზე და აღნიშნავს რომ თითოეული მათგანის განვითარება მეტწილად საშინაო პოლიტიკურ მოვლენებზე იქნება დამოკიდებული. ქავთარაძის განცხადებით მთავარი ფაქტორი, რამაც პოზიტიური ეკონომიკური სცენარის განვითარება შეიძლება განაპირობოს არის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბრუნება, რომელიც როგორც გაცვლითი კურსის მოლოდინებს გააუმჯობესებს, ასევე გაზრდის ინვესტორთა ნდობას და ხელს შეუწყობს ინფლაციის შემცირებას. ამ შემთხვევაში მოსალოდნელია ლარის გამყარება დოლართან 2.78-ის ნიშნულამდე, ინფლაციის 3%-ის ნიშნულის მიმდებარედ შენარჩუნება და 7%-იანი ეკონომიკური ზრდის მიღწევა.
საპაირისპირო სცენარის პირობებში, რომელიც უფრო მკვეთრი პოლიტიკური პოლარიზაციის განვითარების შემთხვევაში შეიძლება მოხდეს, ლარი დოლართან მიმართებით, სავარაუდოდ, 3.1 ლარის ნიშნულამდე გაუფასურდება, ინფლაცია 5.1%-მდე გაიზრდება, ქვეყნის ეკონომიკა კი მხოლოდ 2.4%-ით გაიზრდება. პესიმისტური სცენარით ასევე ეროვნული ბანკის მიერ რეფინანსირების განაკვეთის ზრდა არის მოსალოდნელი.
საბაზო პროგნოზით 2025 წელს ეკონომიკური ზრდა 2024 წელს არსებული 9.5%-დან წელს 5%-მდე მცირდება
"ჩვენ ვფიქრობთ, რომ პოლიტიკური პროცესების განვითარება მნიშვნელოვნად იქნება განმსაზღვრელი თუ როგორ წარიმართება მაკროეკონომიკური გარემო საქართველოში. რთულია თქმა თუ როგორ წარიმართება პოლიტიკური პროცესები. ჩვენ გვაქვს შემუშავებული სამი სცენარი. საბაზო, ოპტიმისტური და პესიმისტური.
საბაზისო სცენარში ჩვენი ძირითადი დაშვებაა რომ მიმდინარე პოლიტიკური გაურკვევლობა შენარჩუნდება მთელი წლის განმავლობაში და გავლენას იქონიებს როგორც ბიზნესის ასევე სამომხმარებლო მოლოდინებზე. ამ მიმდინარე დაშვებით ჩვენი პროგნოზია, რომ 5%-ით გაიზრდება ეკონომიკა.
5%-იანი ზრდა 2024 წელთან შედარებით არის შესუსტებული, რადგან 2024 წელს 9.5%-იანი ზრდა ჰქონდა ეკონომიკას. პანდემიამდელ ზრდას თუ შევხედავთ იქამდეც საშუალოდ 5%-ით იზრდებოდა ეკონომიკა. შესაბამისად მაინც მაღალ დონეზე რჩება ეკონომიკური ზრდა. შესაბამისად ეს არ არის დაბალი მაჩვენებელი. მანამდე უფრო მაღალი ზრდა ჰქონდა პროგნოზად აღებული ეროვნულ ბანკს, ჩვენც უფრო მაღალი 6%-იანი მოლოდინი გვქონდა.
რაც შეეხება უფრო მსხვილ მაკრო მაჩვენებლებს, როგორიცაა ბიუჯეტის დეფიციტი და მიმდინარე ანგარიშის ბალანსი, ჩვენ ვფიქრობთ რომ 3%-ს ქვემოთ იქნება ბიუჯეტის დეფიციტი და 40%-ზე ქვემოთ იქნება სახელმწიფო ვალი 2025 წელს.
შესაბამისად, ჩვენი და მთავრობის ნომინალური მშპ-ის ზრდის ტემპი თანხვედრაში და ბიუჯეტის დეფიციტი რაც დამტკიცებულ 2025 წლის ბიუჯეტშია ჩადებული უცვლელი რჩება ჩვენს საბაზისო პროგნოზში"- აცხადებს ლაშა ქავთარაძე.
საბაზო პროგნოზის მიხედვით, ერთი დოლარის კურსი 2025 წელს 2.88 ლარი იქნება
"რაც შეეხება სხვა მაკროეკონომიკურ პარამეტრებს, პროგნოზი რთულია მაგრამ გარკვეული დაშვება უნდა გავაკეთოთ, ეს დაშვება არის დოლარის ღირებულება 2.88 ლარი. იანვარში გარკვეულად ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში შენარჩუნდა ამ არეალში, შესაბამისად ეს გვაქვს აღებული მთელი წლის სცენარად.
გაცვლითი კურსი გარკვეულწილად გაუფასურებული გამოდის მთელი წლის განმავლობაში შესაბამისად ზეწოლა ფასებზე მთელი წლის განმავლობაში აქედან მომდინარეობს.
ლარის გაცვლითი კურსის ყოველი 1%-ით გაუფასურება ფასების საერთო დონეს 0.2-დან 0.35-მდე პროცენტული პუნქტით ზრდის. ამის გათვალისწინებით და იმ ფაქტით რომ საერთაშორისო ბაზრებზე ნედლეულის ფასი გაზრდილია და არ ველოდებით რომ ფასების კლება იქნება. საბაზო პროგნოზით მოველით რომ წელს ინფლაცია იქნება 3.9%-ის ფარგლებში.
ეს ფაქტი სებ-ს არ მისცემს საშუალებას რომ მონეტარული პოლიტიკის ცვლილება მოახდინოს და ის საბაზისო პროგნოზში დარჩება 8%-ის მიმდებარედ,"- განმარტავს ქავთარაძე.
საბაზო სცენარით 2025 წელს ინფლაცია 3.9%-მდე იზრდება
"სტაბილურად დაბალ ინფლაციას, რაც ერთ წელზე მეტია 3%-ზე დაბლა იყო განაპირობებდა სტაბილური ლარი და ინფლაციის შემცირება საერთაშორისო ბაზრებზე ნედლეულისა და ფასების კლება, რამაც იმპორტირებული საქონლის ინფლაცია შეამცირა. ეს იყო ძირითადი კონტრიბუტორი თუ რატომაც იყო დაბალი ინფლაცია.
2025 წელი დაიწყო 2%-იანი ინფლაციით, თუმცა მთელი წლის ჭრილში აქ არის საბაზისო ეფექტი, როგორ განვითარდება პროცესები საერთაშორისო ბაზრებზე, ნედლეულის ფასები უკვე ზრდას ავლენს და არ არის გამორიცხული ნავთობპროდუქტების ფასების შემოტრიალება ვნახოთ.
წელს ჩვენ ვპროგნოზირებთ, რომ თუკი 2024 წელს იმპორტირებულ ინფლაციას დადებითი კონტრიბუცია შეჰქონდა ინფლაციაში, წელს ინფლაციის მთავარი განმსაზღვრელი სწორედ იმპორტირებული ინფლაცია იქნება.
ამის მიზეზია, რომ ველით ნედლეულის ფასების ცვლილებას და თან ლარი დასუსტებულია 2024 წელთან შედარებით. დოლარის საშუალო კურსი 2024 წელს 2.72 ლარი იყო. წელს უკვე 2.8 ლარზე მაღლაა.
რაც შეეხება სხვა მაკროეკონომიკურ პარამეტრებს, პროგნოზი რთულია მაგრამ გარკვეული დაშვება უნდა გავაკეთოთ, ეს დაშვება არის დოლარის ღირებულება 2.88 ლარი. იანვარში გარკვეულად ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში შენარჩუნდა ამ არეალში, შესაბამისად ეს გვაქვს აღებული მთელი წლის სცენარად.
გაცვლითი კურსი გარკვეულწილად გაუფასურებული გამოდის მთელი წლის განმავლობაში შესაბამისად ზეწოლა ფასებზე მთელი წლის განმავლობაში აქედან მომდინარეობს.
ლარის გაცვლითი კურსის ყოველი 1%-ით გაუფასურება ფასების საერთო დონეს 0.2-დან 0.35-მდე პროცენტული პუნქტით ზრდის. ამის გათვალისწინებით და იმ ფაქტით რომ საერთაშორისო ბაზრებზე ნედლეულის ფასი გაზრდილია და არ ველოდებით რომ ფასების კლება იქნება. საბაზო პროგნოზით მოველით რომ წელს ინფლაცია იქნება 3.9%-ის ფარგლებში.
ეს ფაქტი სებ-ს არ მისცემს საშუალებას რომ მონეტარული პოლიტიკის ცვლილება მოახდინოს და ის საბაზისო პროგნოზში დარჩება 8%-ის მიმდებარედ,"- ამბობს ქავთარაძე.
პესიმისტური სცენარი - იზრდება პოლიტიკური დაძაბულობა, ლარი დოლართან უფასურდება 3.1 ლარამდე, ეკონომიკური ზრდა 2.4%-მდე მცირდება, იკლებს FDI, ინფლაცია 5.1%-მდე იზრდება, სები ამკაცრებს მონეტარულ პოლიტიკას
"პესიმისტურ სცენარში ჩვენ დაშვება გვაქვს რომ პოლარიზაცია კიდევ უფრო ღრმავდება და ამის შედეგი იქნება საინვესტიციო აქტივობაზე ზეწოლა. სწორედ ამ აქტივობის კლებით იქნება განპირობებული ეკონომიკური ზრდის შენელება. ჩვენი პესიმისტური სცენარით 2024 წელს 2.4%-ის ფარგლებში არის მოსალოდნელი ეკონომიკური ზრდა. ვფიქრობთ რომ საინვესტიციო კომპონენტი, რომელიც წარმოადგენს ერთ-ერთ ფუნდამენტურ ფაქტორს, რომელიც კურსის დინამიკას ცვლის. კურსი კიდევ უფრო გაუფასურებული რჩება, პესიმისტურ სცენარში დოლარის კურსი გვაქვს 3.1 ლარამდე გაზრდილი. სწორედ ეს გაუფასურბეა კიდევ უფრო ამძაფრებს ზეწოლას ფასების დონეზე და საშუალო წლიურ ინფლაციას ჩვენ ვპროგნოზირებთ 5.7%-ის ფარგლებში. ამ შემთხვევაში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი კიდევ უფრო გაუარესებულია და სწორედ ეს არის ის ფუნდამენტური ფაქტორი, რომელიც გაცვლით კურსზე ახდენს გავლენას.
ინფლაციის ზრდის გამო ეროვნულ ბანკს თავის მხრივ მოუწევს რეფინანსირების განაკვეთის გამკაცრება და მისი 1.5 პროცენტული პუნქტით, 9.5%-მდე გაზრდა.
რაც შეეხება ფისკალურ პარამეტრებს, ბიუჯეტის დეფიციტი 3%-ის ქვემოთ რჩება და ეს განპირობებული იქნება იმით რომ თუ ეს მოხდა, მთავრობა შეინარჩუნებს ფისკალურ დისციპლინას. შესაბამისად, მთავრობას გარკვეული ტიპის ხარჯების შემცირება მოუწევს ამ სცენარში.
პესიმისტურ სცენარში საგადასახადო შემოსავლები შემცირდება, ამის გამო კი ვფიქრობთ რომ მთავრობა ხარჯების გარკვეულ კატეგორიას დააკორექტირებს,"- ამბობს ქავთარაძე.
ოპტიმისტური სცენარი - EU-ში გაწევრიანების პროცესი გაგრძელდება, ეკონომიკური ზრდა 7% იქნება, ინფლაცია 3% იქნება, ლარი მყარდება, სებ-ი რეფინანსირების განაკვეთს ამცირებს
"ოპტიმისტურ სცენარში ჩვენ ვუშვებთ დასავლეთთან ურთიერთობების გადატვირთვას. ამ ყველა სცენარს ახლავს პოლიტიკური კომპონენტი და ოპტიმისტური სცენარი მოიცავს იმას რომ ევროკავშირთან გაწევრიანების პროცესი გაგრძელდება, რომელიც რა თქმა უნდა ბიზნესსა და სამომხმარებლო განწყობებზე პოზიტიურად აისახება.
ამ სცენარში ჩვენი პროგნოზით ეკონომიკა გაიზრდება 7%-ით, მოველით რომ გაცვლითი კურსის გამყარება მოხდება მიმდინარე დონიდან, თუმცა ვპროგნოზირებთ რომ მაინც 2024 წლის საშუალო კურსთან (2.72 ლართან) მიმართებით გაუფასურებული დარჩება. დაახლოებით 2.78-ის დონეზე.
ოპტიმისტური სცენარის მიხედვით ინფლაცია არის 3%-ის მიმდებარედ და ამან სებ-ს უნდა მისცეს შესაძლებლობა რომ 0.25 პროცენტული პუნქტით შეამციროს რეფინანსირების განაკვეთი,"- აღნიშნავს ქავთარაძე.
Galt & Taggart-ის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა სამი შესაძლო სცენარის წინაშეა:
-
საბაზისო (5% ზრდა):
- ლარი 2.88-ის ფარგლებში
- ინფლაცია 3.9%
- მაღალი გაურკვევლობის შენარჩუნება
-
ოპტიმისტური (7% ზრდა):
- სტაბილური ლარი (2.78 ლარამდე)
- ინფლაცია 3%;
- ევროკავშირთან ინტეგრაციის გაძლიერება
- ინვესტიციების ზრდა
-
პესიმისტური (2.4% ზრდა):
- ლარის გაუფასურება (3.1-მდე)
- ინფლაცია 5.7%
- ინვესტიციების კლება