მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლარის ყოველი 1%-იანი გაუფასურება ინფლაციას 0.2-0.35 პროცენტული პუნქტით ზრდის - Galt & Taggart

გალტი

Galt & Taggart-ის შეფასებით, ლარის ყოველი 1%-იანი გაუფასურება ინფლაციას 0.2-0.35 პროცენტული პუნქტით ზრდის. მთავარი რისკი იმპორტირებული პროდუქციის გაძვირებაა, რაც ლარში მათ ღირებულებას ზრდის.

2025 წლის ინფლაციურ მოლოდინებზე "საქმიანი დილის" ეთერში Galt & Taggart-ის ეკონომისტმა ლაშა ქავთარაძემ ისაუბრა. მისი თქმით, ამ მხრივ ორი მნიშვნელოვანი რისკი არსებობს, რომელთაგან პირველი ლარის კურსის ცვლილება, ხოლო მეორე მხრივ საერთაშორისო ბაზარზე ნედლეულის ფასის ზრდაა.

ლაშა ქავთარაძე აღნიშნავს, რომ Galt & Taggart-ის საბაზისო პროგნოზით 2025 წელს ქვეყანაში ინფლაციის 3.9%-მდე ზრდა არის მოსალოდნელი.

"სტაბილურად დაბალ ინფლაციას, რაც ერთ წელზე მეტია 3%-ზე დაბლა იყო განაპირობებდა სტაბილური ლარი და ინფლაციის შემცირება საერთაშორისო ბაზრებზე ნედლეულისა და ფასების კლება, რამაც იმპორტირებული საქონლის ინფლაცია შეამცირა. ეს იყო ძირითადი კონტრიბუტორი თუ რატომაც იყო დაბალი ინფლაცია.

2025 წელი დაიწყო 2%-იანი ინფლაციით, თუმცა მთელი წლის ჭრილში აქ არის საბაზისო ეფექტი, როგორ განვითარდება პროცესები საერთაშორისო ბაზრებზე, ნედლეულის ფასები უკვე ზრდას ავლენს და არ არის გამორიცხული ნავთობპროდუქტების ფასების შემოტრიალება ვნახოთ.

წელს ჩვენ ვპროგნოზირებთ, რომ თუკი 2024 წელს იმპორტირებულ ინფლაციას დადებითი კონტრიბუცია შეჰქონდა ინფლაციაში, წელს ინფლაციის მთავარი განმსაზღვრელი სწორედ იმპორტირებული ინფლაცია იქნება.

ამის მიზეზია, რომ ველით ნედლეულის ფასების ცვლილებას და თან ლარი დასუსტებულია 2024 წელთან შედარებით. დოლარის საშუალო კურსი 2024 წელს 2.72 ლარი იყო. წელს უკვე 2.8 ლარზე მაღალია.

პროგნოზი რთულია მაგრამ გარკვეული დაშვება უნდა გავაკეთოთ, ეს დაშვება არის დოლარის ღირებულება 2.88 ლარი. იანვარში გარკვეულად ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში შენარჩუნდა ამ არეალში, შესაბამისად ეს გვაქვს აღებული მთელი წლის სცენარად.

გაცვლითი კურსი გარკვეულწილად გაუფასურებული გამოდის მთელი წლის განმავლობაში შესაბამისად ზეწოლა ფასებზე მთელი წლის განმავლობაში აქედან მომდინარეობს.

ლარის გაცვლითი კურსის ყოველი 1%-ით გაუფასურება ფასების საერთო დონეს 0.2-დან 0.35-მდე პროცენტული პუნქტით ზრდის. ამის გათვალისწინებით და იმ ფაქტით რომ საერთაშორისო ბაზრებზე ნედლეულის ფასი გაზრდილია და არ ველოდებით რომ ფასების კლება იქნება. საბაზო პროგნოზით მოველით რომ წელს ინფლაცია იქნება 3.9%-ის ფარგლებში.

ეს ფაქტი სებ-ს არ მისცემს საშუალებას რომ მონეტარული პოლიტიკის ცვლილება მოახდინოს და ის საბაზისო პროგნოზში დარჩება 8%-ის მიმდებარედ,"- აღნიშნავს ქავთარაძე.

Galt & Taggart-ის შეფასებით, 2025 წელს საქართველოს ეკონომიკა სამი შესაძლო სცენარის წინაშეა:

  1. საბაზისო (5% ზრდა):

    • ლარი 2.88-ის ფარგლებში
    • ინფლაცია 3.9%
    • მაღალი გაურკვევლობის შენარჩუნება
  2. ოპტიმისტური (7% ზრდა):

    • სტაბილური ლარი (2.78 ლარამდე)
    • ინფლაცია 3%;
    • ევროკავშირთან ინტეგრაციის გაძლიერება
    • ინვესტიციების ზრდა
  3. პესიმისტური (2.4% ზრდა):

    • ლარის გაუფასურება (3.1-მდე)
    • ინფლაცია 5.7%
    • ინვესტიციების კლება

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები