Galt&Taggart-ის ეკონომისტი, ლაშა ქავთარაძის შეფასებით, თებერვალში საშინაო ინფლაცია შენელდა, იმპორტირებული ინფლაციის კონტრიბუცია კი, 2023 წლის შემდეგ პირველად, პოზიტიურად შემოტრიალდა. ამის შესახებ მან გადაცემა “საქმიანი დილაში” ისაუბრა.
“ინფლაცია თებერვალში მცირედით, 0.3%-ით იყო გაზრდილი, თუმცა ეს მაინც დაბალია. აქ ჩვენ დეკომპოზიციას უნდა შევხედოთ: საშინაო ინფლაცია შენელებას განაგრძობს, 3.0%-ს ქვემოთ იყო იანვარში და გასულ თვეს კიდევ უფრო შენელდა. იმპორტირებული ინფლაცია კი, რომელიც წინა თვეებში უარყოფითი კონტრიბუციით გამოირჩეოდა, თებერვალში პოზიტიურისკენ შემოტრიალდა.
ერთ-ერთი, რასაც ყურადღება უნდა მიექცეს საბაზო ინფლაციაა, რომელიც თებერვალში, წლიურ ჭრილში იანვართან შედარებით გაორმაგებულია, თუ ის იანვარში 1.2% იყო, თებერვალში - 2.4% იყო. ეს იმას ნიშნავს, რომ მომსახურების ფასები წლიურ ჭრილში თებერვალში უფრო მეტად გაიზარდა, ვიდრე ეს წინა თვეებში იყო”, - განმარტავს ლაშა ქავთარაძე.
ეკონომისტის თქმით, Galt&Taggart-ის პროგნოზით, ინფლაცია წლის განმავლობაში 3.0%-ის ფარგლებში შენარჩუნდება და ზოგიერთ თვეებში 4.0%-საც მიუახლოვდება.
“ვფიქრობთ, წლის განმავლობაში წლიური ინფლაცია 3%-თან ახლოს იქნება, თუმცა ეს ნიშნავს, რომ 3%-ზე მეტიც იქნება და ზოგიერთ თვეებში 4.0%-საც მიუახლოვდება.
ჩვენი საბაზისო პროგნოზი 3%-ია, თუმცა თუ გაცვლით კურსზე დადებითი ტენდენციები გვექნება, შესაძლოა, ოპტიმისტური სცენარით, 2.5% იყოს”, - აცხადებს ლაშა ქავთარაძე.
ცნობისთვის, Galt&Taggart-ის ანგარიშის თანახმად, თებერვლის ინფლაციაზე ძირითადი გავლენა ჰქონდა, ერთის მხრივ, შერეული საქონლის ფასების წლიურ 3.1%-იან კლებას, ხოლო, მეორეს მხრივ, ადგილობრივად წარმოებული ფასების წლიურ 2.4%-იან ზრდას. გარდა ამისა, მიმდინარე წლის თებერვალში იმპორტირებული საქონლის ფასების მცირე წლიური ზრდა (+0.2%) 2023 წლის თებერვლის შემდეგ პირველად დაფიქსირდა.