მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ველოდებით, რომ წლის მეორე ნახევარში ეკონომიკა შენელდება” -  Galt&Taggart-ის ახალი პროგნოზი

galt

Galt & Taggart-ის ეკონომისტი, ლაშა ქავთარაძე, “საქმიანი დილას” ეთერში აცხადებს, რომ, საინვესტიციო ბანკის პროგნოზით, 2024 წლის II ნახევარში ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელებაა მოსალოდნელი. მისი თქმით, ამის ერთ-ერთი მიზეზი, ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საინვესტიციო აქტივობის მოსალოდნელი შემცირებაა.

“მოგეხსენებათ, წლის დასაწყისში ეკონომიკურ ზრდასთან დაკავსირებით ორი სცენარი გვქონდა შემუშავებული: 1. 6.0%-იანი ზრდა, რაც ეფუძნებოდა, რომ ინფლაცია 3.0%-ის ფარგლებში იქნებოდა, გაცვლითი კურსი - 2.7-ის ფარგლებში, რეფინანსირების განაკვეთი კი 8%-მდე შემცირდებოდა; 2. ოპტიმისტური სცენარი, სადაც მიმდინარე წლისთვის 7%-იან ზრდას ვპროგნოზირებდით, მაკროეკონომიკური ცვლილებები კი ასე გამოიყურებოდა: საშუალო წლიური ინფლაცია 2.5%, გაცვლითი კურსის 2%-ით გამყარება და მონეტარული პოლიტიკის 7.75%-მდე შემცირება წლის ბოლომდე.

ვხედავდით, რომ ალბათობა, ოპტიმისტური სცენარის აღდგენისა, გაზრდილი იყო, თუმცა, მიმდინარე მოვლენების ფონზე, შექმნილი გაურკვევლობიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ წლის მეორე ნახევარში იქნება ეკონომიკის გარკვეულწილად შენელება - ამის მიზეზი, ვფიქრობთ, საინვესტიციო აქტივობის შესაძლო შენელებაა”, - ამბობს ლაშა ქავთარაძე.

Galt&Taggart-ის ეკონომისტი აცხადებს, რომ დაკორექტირდა ტურიზმიდან მიღებული შემოსავლის პროგნოზიც და ის 200 მილიონი დოლარით შემცირდა.

“ამასთან, ჩვენ მცირედით დავაკორექტირეთ ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების მაჩვენებელი. თუ წელს $4.5 მილიარდს ველოდებოდით, ეს მაჩვენებელი შევამცირეთ 200 მილიონით და $4.3 მილიარდს ველოდებით ახლა”, - ამბობს ქავთარაძე.

მისი თქმით, ამჟამად Galt & Taggart-ი ინარჩუნებს ეკონომიკური ზრდის 6.0%-იან პროგნოზსს, თუმცა, ამ შემთხვევაშიც, გარკვეული პარამეტრები დაკორექტირებულია.

“მიუხედავად მოსალოდნელი შენელებისა, ჩვენ თუ გაზრდილი ალბათობით 7%-იან ზრდის მომხრე ვიყავით, ახლა უკვე 6.0%-იანი ზრდისკენ ვიხრებით - ეს არის ჩვენი საბაზისო სცენარი, მაგრამ ამ სცენარშიც იცვლება კიდევ სხვა პარამეტრები.

მაგალითად, თუ გაცვილითი კურსი ჩვენი პროგნოზით იყო 2.7-ის ფარგლებში, ახლა, საბაზისო სცენარში, საშუალო გაცვილით კურსი 2.78-ია, რაც ნიშნავს იმას, რომ მომდევნო თვეებში შესაძლოა გაცვლითი კურსის ვარირება იყოს 2.8-2.9-ის ფარგლებში. ამ ფონზე ვფიქრობთ, რომ გაცვილითი კურსიდან მცირედი წნეხი ინფლაციაზე წამოვა და, თუ მანამდე ინფლაცია საშუალოდ 2.5%-ის ფარგლებში იქნებოდა, ახლა 3.0%-ის ფარგლებში იქნება - ამ ნიშნულს ვინარჩუნებთ.

რაც შეეხება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს, არ ველოდებით, რომ მიმდინარე წელს ის გადაიხედება. უფრო მეტიც, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი არის ნეიტრალურთან ახლოს, არა ჩვენი, არამედ საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით”, - განაცხადა ლაშა ქავთარაძემ.

Galt&Taggart-ის ეკონომისტმა ასევე განმარტა, რომ, წინასწარი მონაცემებით, მაისის თვის ეკონომიკური ზრდის ტემპი, სავარაუდოდ, 8.0%-ის ფარგლებში იქნება.

ქავთარაძემ ისაუბრა 2025 წლის ეკონომიკური ზრდის მოსალოდნელ სცენარზეც და აღნიშნა, რომ მომდევნო წელს, Galt&Taggart-ის პროგნოზით, ეკონომიკა საქართველოს 4.5%-ით გაიზრდება. მისი თქმით, მოსალოდნელია გაცვლითი კურსის რყევები, რაც ინფლაციასა და მონეტარულ პოლიტიკაზეც აისახება: “ინფლაცია 2025 წლისთვის 3.0%-ზე მაღლა იქნება, ეს კი იმას განაპირობებს, რომ მონეტარული პოლიტიკა არა შერბილებას, არამედ გამკაცრებას მოითხოვს”.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები