ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი არ შეამცირა და კვლავ 10%-ზე დატოვა. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მომდევნო სხდომა დეკემბერშია დაგეგმილი. Galt and Taggart-ის ეკონომისტი, ლაშა ქავთარაძე პროგნოზირებდა, რომ სებ-ს ჰქონდა შესაძლებლობა, განაკვეთი შეემცირებინა. ეკონომისტი პოზიციას არ იცვლის და ამბობს, რომ სებ-ს ამის შესაძლებლობა ნამდვილად ჰქონდა.
“დავიწყოთ იმით, თუ რა განაპირობებს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ცვლილებას. არის ერთ მხარეს ფაქტორები, რომლებიც ამბობს, რომ განაკვეთი შესამცირებელია, მეორე ნაწილი კი ამბობს, რომ თავი უნდა შევიკავოთ და კიდევ დავაკვირდეთ. . ინფლაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი. თუ შევხედავთ ჩვენი და ეროვნული ბანკის პროგნოზებს, წლის ბოლომდე ინფლაცია მიზნობრივზე დაბალი იქნებოდა და საშუალო წლიური პროგნოზი მიმდინარე წლისთვის იყო 2.4 - 2,7%-ის მონაკვეთში. გასათვალისწინებელია ადგილობრივი ინფლაცია, რომელიც ორნიშნა იყო, თუმცა მნიშვნელოვანი შემცირების ტრენდი ჰქონდა. ვხედავდით, რომ ბოლო პერიოდში, ეკონომიკური ზრდის ტემპი რომ შემცირდა, ეს გადაითარგმნებოდა, რომ ერთობლივი წნეხის მოთხოვნა იქნებოდა შემცირებული ინფლაციაზე. კიდევ ერთი ფაქტორი, რასაც სებ-ი უყურებს, ეს არის საბაზო ინფლაცია, რომელიც ასევე შემცირდა და ჩამოსცდა 3%-ს”, - განაცხადა ლაშა ქავთარაძემ "საქმიანი დილის" ეთერში.
ეკონომისტი ამბობს, რომ პროგნოზები, რაც მანამდე კეთდებოდა, მიუთითებდა იმაზე, რომ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლა უნდა მომხდარიყო ნელ-ნელა. ეს არგუმენტი შემცირებული ინფლაციური წნეხი, შემცირებული მოლოდინები და სტაბილური კურსი.
“რაც შეეხება სებ-ის არგუმენტებს, რამაც გადაწყვეტილება განაპირობა - ერთ-ერთი გეოპოლიტიკური დაძაბულობაა, რაც 2022 წლიდან მოყოლებული ყველა პრესრელიზში წერია და ასეც დარჩება ალბათ, რადგან რეგიონში სიმშვიდე არ არის. ბოლოს დაემატა ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობა, ნავთობზე ფასების მცირე ზრდით გადახრა იყო შესამჩნევი საუბარი იყო იმაზე, რომ ამის გამო იმპორტირებული ინფლაცია გაიზრდებოდა, რაც თავისთავად გაზრდიდა ინფლაციურ მოლოდინებს. ეს არგუმენტი არის ნამდვილად, თუმცა მისი წონა ჩვენთან არის მცირე. მე ვფიქრობ, რომ ბოლო სხდომაზე იყო მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირების შესაძლებლობა და ეროვნული ბანკის პროგნოზები აჩვენებს,რომ ამას დეკემბერში გააკეთებს. მანამდე მოლოდინი იყო ბაზარზე, რომ წელს განაკვეთი ჩამოვიდოდა 9,5%-მდე, ხოლო ახლა მოლოდინი შენელდა. რაც შეეხება 2024 წელს, ეროვნული ბანკი იძლევა სიგნალებს, რომ თუ 0.25%-ებით გაჰყვება შემცირების ტემპს, მომდევნო წელსაც სამი შემცირება გაკეთდება, თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ სებ-ს მეტი შესაძლებლობა ექნება”,- განაცხადა ლაშა ქავთარაძემ.