მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მოლოდინი გვაქვს, რომ სებ-ი რეფინანსირების განაკვეთს მეორედ შეამცირებს“ – Galt&Taggart

სებ

Galt&Taggart-ის ეკონომისტმა ლაშა ქავთარაძემ BMGTV-ს გადაცემა „საქმიან დილაში" 2023 წლის პირველ ნახევარში ფინანსური სექტორისა და ქვეყნის ეკონომიკური ზრდისთვის მთავარ გამოწვევებზე ისაუბრა. მისი თქმით, ასეთად კვლავ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი რჩება.

„როდესაც ინფლაცია ქვემოთ მიდის და მაღალი ეკონომიკური ზრდა გაქვს, მონეტარული პოლიტიკის შერბილებაზე ფიქრი უნდა დავივიწყოთ - ეს არის თეორიული ჩარჩო, თუმცა ფაქტია, რომ პრაქტიკაში ეს ცოტა სხვანაირადაა. მართალია, წლის პირველ ნახევარში ეკონომიკური ზრდა იმაზე მაღლა შენარჩუნდა, ვიდრე ნავარაუდები იყო და ინფლაცია მნიშვნელოვნად ჩამოსცდა 3%-იან ნიშნულს. ამან ეროვნულ ბანკს მონეტარული პოლიტიკის შერბილების საშუალება მისცა და მან ეს გააკეთა კიდეც მაისში.

მაგრამ აქ საკითხი ეხება არა მონეტარული პოლიტიკის სიმკაცრის შეფასებას, არამედ იმას, ფინანსური პირობები როგორია. ამ კუთხით, ჩვენზე გარე ფაქტორებმა იმოქმედა და ამ მხრივ კიდევ უფრო მკაცრი მონეტარული პოლიტიკა გვაქვს. მიწოდების მხრიდან მოხდა ინფლაციის შემცირება და მოთხოვნის მხრიდან კვლავ მაღალია, მიუხედავად ამისა, ეროვნულმა ბანკმა მაინც დაიწყო დაიწყო მონეტარული პოლიტიკის შემცირება, რაც გადახვევაა თეორიული ასპექტებიდან“, - ამბობს ქავთარაძე.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებას საზოგადოებას ნათია თურნავა ხვალ, 2 აგვისტოს გააცნობს, თუმცა Galt&Taggart-ის ეკონომისტის პროგნოზით, ნავარაუდებია რეფერენტული განაკვეთის 0,25 ან 0,5%-იანი კლება.

„ხვალ არის სხდომა. ჩვენი მოლოდინია, რომ ეროვნული ბანკი გადადგამს ამ ნაბიჯს და მიმდინარე წელს მეორედ შეამცირებს რეფინანსირების განაკვეთს. ჩემი აზრით, იმის გათვალისწინებით, რა გარემო და მოცემულობაც გვაქვს დღეს, ის რაც ეროვნულ ბანკს აქვს ჩაფიქრებული, რომ წლის განმავლობაში შეამციროს განაკვეთი, აგვისტოს თვეში უნდა გაკეთდეს.

სებ-ის გადმოსახედიდან, სავარაუდოდ, ორი არჩევანი იქნება, 0,25 და 0,5 პროცენტული პუნქტით კლება და ამას უკვე საბჭოს უმრავლესობა გადაწყვეტს. თუმცა, ვფიქრობ, მოცემულობას 0.5%-იანი შემცირება უფრო შეეფერება“, - აცხადებს ლაშა ქავთარაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები