"რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვება, ეროვნული ბანკის გაცხადებულ პოლიტიკასთან შესაბამისობაში ნაკლებად მოდის", - ასე აფასებს Galt&Taggart-ის ეკონომისტი, ლაშა ქავთარაძე ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას, რეფინანსირების განაკვეთის 10%-ზე დატოვების შესახებ და მას არასწორად მიიჩნევს.
"თუ ეკონომიკურ მაჩვენებლებს, ინფლაციის დონეს, ეკონომიკურ აქტივობასა და სხვა პარამატრებს შევხედავთ, ყველანაირი საფუძველი არსებობდა, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შერბილება გაგრძელებულიყო და 0.25%-ით შეემცირებინა", - აცხადებს ლაშა ქავთარაძე.
ეროვნული ბანკის გნმარტებით, მწვავე გეოპოლიტიკური მდგომარეობა, მათ შორის, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი, არასტაბილურ გარემოს ქმნის და ინფლაციის პროგნოზის გარშემო დამატებით გაურკვევლობას აჩენს. ამასთან, სებ-ი მიუთითებს, რომ საწვავის ბაზარზე ტენდენციები როგორც ფასების, ასევე მიწოდების არასტაბილურობის თვალსაზრისით, გაუარესდა. გარდა ამისა, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი ყურადღებას ადგილობრივ ეკონომიკაზეც ამახვილებს და აღნიშნავს, რომ მოთხოვნა ისევ მაღალია, სესხების ზრდის ტემპი კი კვლავ დაჩქარდა. ეროვნული ბანკი საკრედიტო აქტივობის დაჩქარებით გამოწვეულ მოთხოვნაში ინფლაციურ რისკებს ხედავს. შესაბამისად, მარეგულირებელი აცხადებს, რომ მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას ინარჩუნებს.
"არის არგუმენტი, რომ გეოპოლიტიკური დაძაბულობაა, ახლო აღმოსავლეთის ფაქტორი დაემატა, თუმცა ეს რისკები მომავალ წელს თუ რეალიზდა, ეკონომიკური ზრდის ტემპს დიდი რისკი ექნება და, შესაძლოა, რამდენიმე ქვეყანას, მათ შორის, საქართველოს მონეტარული პოლიტიკის შერბილება მოუწევს. ამ რისკის რეალიზების შემთხვევაში, თუ ინფლაციის მოსათოკად განაკვეთის შემცირებას ყველა ერთობლივად დაიწყებს, კრიზისს კიდევ უფრო გააღრმავებს. შესაბამისად, იმ აზრზე ვარ, რომ რეფინანსირების განაკვეთის შერბილება საუკეთესო გადაწყვეტილება იქნებოდა", - აცხადებს ლაშა ქავთარაძე.