13 სექტემბერს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთის თაობაზე მორიგი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა 12:00 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, ამჟამად რეფინანსირების განაკვეთი 10.25%-ს შეადგენს. წინა სხდომაზე, მისი 0.25პპ-ით შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს. Galt & Taggart-ის ეკონომისტის, ლაშა ქავთარაძის შეფასებით, აგვისტოში არსებული დაბალი ინფლაციის მაჩვენებელი ეროვნულ ბანკს აძლევს საკმარის პირობას იმისთვის, რომ რეფინანსირების განაკვეთის შემცირება ახლაც განაგრძოს და ის ხვალაც 0.25 პროცენტული პუნქტით შეამციროს.
ცნობისთვიუს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 11%-მდე გაზრდილი რეფინანსირების განაკვეთის შემცირება მიმდინარე წლის მაისში დაიწყო და ის ჯერ 0.5 პროცენტული პუნქტით, შემდეგ კი 0.25 პროცენტული პუნქტით შეამცირა. სებ-ის საბაზო პროგნოზით, 2023 წლის მეოთხე კვარტლის ბოლოსთვის რეფინანსირების განაკვეთი 9.8% იქნება, ხოლო უკვე 2024 წლის პირველი კვარტლისთვის დამატებით 9.5%-მდე შემცირდება.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი კვარტალში ორჯერ იკრიბება და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შესახებ იღებს გადაწყვეტილებას. სხდომის ჩატარების შემდეგ, საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, კომიტეტის გადაწყვეტილება პრესრელიზის სახით გამოქვეყნდება, სადაც წარმოდგენილია ინფორმაცია მიღებული გადაწყვეტილების შესახებ და აღწერილია ამ გადაწყვეტილების მიღების მოტივაცია.