2025 წლის იანვარში საქსტატმა სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლისა და მომსახურების ხვედრითი წონები განაახლა. როგორც Galt&Taggart-ის ეკონომისტი, ლაშა ქავთარაძე "საქმიანი დილას" ეთერში აღნიშნავს, სამომხმარებლო კალათის თორმეტი გამსხვილებული ჯგუფიდან, მიდმინარე წელს მნიშვნელოვანი ცვლილება ექვს მათგანში დაფიქსირდა.
ცნობისთვის, სამომხმარებლო კალათაში პროდუქტის ხვედრითი წონა განისაზღვრება იმით, თუ რა კატეგორიაზე ხარჯავს მოსახლეობა უფრო მეტ ფულს. გარდა ამისა, რაც უფრო გაიზრდება მეტი წონის მქონე პროდუქტის ან მომსახურების ფასი, მით უფრო დიდი იქნება ინფლაცია.
როგორც ქავთარაძე აღნიშნავს, მიმდინარე წელს მოსალოდნელია ჯანდაცვის კატეგორიაში ფასების ზრდის გაგრძელება და მისი წონის შემცირება ინფლაციაზე გავლენას უფრო დაბალს წარმოაჩენს.
"მაგალითად, ჯანდაცვის კატეგორიის ხვედრით წონა სამომხმარებლო კალათაში 1.33 პროცენტული პუნქტით შემცირდა 2025 წელს, წინა წელთან შედარებით. უნდა აღინიშნოს, რომ პანდემიის დროს ჯანდაცვის კატეგორიას წონა მნიშვნელოვნად მოემატა, მაგრამ მიმდინარედ როდესაც ვუყურებთ წელი-წელთან მონაცემებს, 1.33-პუნქტიანი შემცირება საკმაოდ მაღალია. 2022 წლის ივნისიდან 2024 წლის ოქტომბრამდე ინფლაცია ჯანდაცვის კატეგორიაში ფაქტიურად 0-თან ახლოს იყო, ზრდა გასული წლის ნოემბრიდან დაიწყო და დეკემბერში 2%-ს გადასცდა, იანვარში კი 3.8% იყო. მოსალოდნელია, რომ მოცემულ კატეგორიაში ფასების ზრდის გაგრძელება და მისი წონის შემცირება ინფლაციაზე გავლენას უფრო დაბალს წარმოაჩენს", - განმარტავს ლაშა ქავთარაძე.
Galt&Taggart-ის ეკონომისტის თქმით, მნიშვნელოვანი კლება დაფიქსირდა ტრანსპორტის კატეგორიაში, რადგან საწვავში გადახდილი თანხები შემცირდა.
"მეორე კატეგორია, რაში მნიშვნელოვანი ცვლილება იყო, ტრანსპორტირებაა, სადაც წონა წლიურად 1.11 პროცენტული პუნქტით შემცირდა. ამის რაციონალი ისაა და ლოგიკურადაც შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ბოლო პერიოდში საზოგადოებამ ჰიბრიდული და ელექტრომობილების გამოყენება დაიწყო და საწვავზე ჯიბიდან გადახდილი თანხები შედარებით შემსუბუქდა.
წონის 0.5 პპ-იანი წლიური კლება დაფიქსირდა ასვე კავშირგაბმულობის კატეგორიაში. შეიძლება ითქვას, რომ კავშირგაბმულობამ გასულ წელს ინფლაციაც აურია, რადგან ეს არის კატეგორია, სადაც დეფლაცია ფიქსირდება იმის გამო, რომ ინტერნეტის სიჩქარე გაუმჯობესდა, რაც ფასის კლებაში ითარგმნება. ამიტომ, თუ ამ კატეგორიას გამოვრიცხავთ და ისე შევხედავთ ინფლაციას, უფრო მიზანშეწონილი იქნება", - ამბობს ლაშა ქავთარაძე.
საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.4%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2% შეადგინა.