მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ამყარებს ლარს? – Galt&Taggart-ის განმარტება

64074dff115b8
თინათინ ნატმელაძე
08.03.23 00:00
1058
„ლარს ბევრი ფაქტორი ამყარებს, მაგრამ ერთ-ერთი პირველი საგარეო შემოდინებების ზრდაა. ეს ტენდენცია დაიწყო გასულ წელს და გრძელდება ახლაც“, - ამის შესახებ Galt&Taggart-ის ეკონომისტმა, ლაშა ქავთარაძემ „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა.

მისივე ცნობით, მომდევნო თვეებში ტურიზმის შემოსავლები იქნება ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი, რომელიც ლარის კურსს განსაზღვრავს.

„ვუყურებთ, როგორია უცხოური ბარათებით გადახდების დინამიკა, კოლერაცია ტურიზმის შემოსავლებთან და ამაზე დაფუძნებით გვაქვს შეფასებები გაკეთებული, როგორიც იანვრის, ისე თებერვლის და ჩვენი ინფორმაციით, ტურიზმის შემოსავალი იანვარში იყო 300 მილიონი, თებერვალში კი 307 მილიონი, რაც ორ თვეში საკმაოდ დიდი ნაკადია. არ არის გამორიცხული, თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, ჩვენი პროგნოზი, რომ ტურიზმი 15%-ით გაიზრდება, უფრო მეტითაც გაიზარდოს,“ - განაცხადა ლაშა ქავთარაძემ.

Galt&Taggart-ის ეკონომისტი ასევე აღნიშნავს, რომ ინფლაციის ქვემოთ წამოსასვლელად ქვეყანას მყარი ლარი სჭირდება.

„თებერვალში იანვართან შედარებით ინფლაცია 1.3%-ით შემცირდა, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების პროდუქტის კონტრიბუცია კვლავ მაღალი რჩება, დაახლოებით 58%-იანი წილი აქვს თებერვალში და ვფიქრობთ, რომ ეს კატეგორია შემდგომ თვეებში ლარის გამყარების ხარჯზე ქვემოთ უნდა წამოვიდეს. ანუ, ვფიქრობ, რომ საჭირო არაა ზედმეტი ხაზგასმა იმაზე, რომ ლარი ზედმეტად გამყარდა. ჩვენ გვჭირდება მყარი ლარი, რომ ინფლაცია ქვემოთ წამოვიდეს. ჩვენი პროგნოზით, წლიური ინფლაცია 5.2%-ის ფარგლებში იქნება“, - განმარტავს ქავთარაძე.

რაც შეეხება ქვეყნის ეკონომიკის ამჟამინდელ მდგომარეობას, ეკონომისტი აღნიშნავს, რომ მიმდინარე წლის გასულ ორ თვეში მოსალოდნელზე მაღალი ზრდის ტემპი დაფიქსირდა.

„ამას განაპირობებს ექსპორტის, გზავნილების და ტურიზმის შემოსავლების ზრდა. აღსანიშნავია ასევე საბანკო დაკრედიტების უფრო მაღალი ზრდის ტემპი - ყველა ეს ფაქტორი დადებითად მოქმედებს ეკონომიკურ აქტივობაზე და ზოგადად, საგადასახადო შემოსავლების ზრდის ტემპი საკმაოდ მაღალი იყო. ჩვენ შევადგინეთ საბაზო სცენარი, რომელსაც აქვს პოზიტიური სცენარიც და პესიმისტური სცენარიც, პოზიტიური სცენარის მიხედვით თუ ეს ტრენდი გაგრძელდა წლის ბოლომდე 6.9%-იანი ზრდა გვექნება.

ხოლო, პესიმისტური სცენარის მიხედვით, მიგრაციის ეფექტი სწრაფად მილევას უკავშირდება, სადაც ბევრი პარამეტრი საწყის ნიშნულს უბრუნდება, რაც იყო რუსეთ-უკრაინის ომამდე. მაგალითად, ფულადი გზავნილები მნიშვნელოვნად მცირდება, ასევე უძრავი ქონების ბაზარი უბრუნდება ძველ ნიშნულს და ფასები იკლებს. ამ სცენარში ზრდა 1.2% გვაქვს“, - ამბობს ლაშა ქავთარაძე.

აქვე შეგახსენებთ, რომ 2022 წლის IV კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 18.1%-ით გაიზარდა და 51 მილიარდ 700 მილიონი ლარი შეადგინა. საქსტატის მონაცემებით, IV კვარტალში მისი მოცულობა 19 მილიარდ 800 მილიონი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 22.1%-ით მეტია. საქსტატის წინასწარი მონაცემებითვე 2023 წლის იანვარში საქართველოს ეკონომიკა 8.4%-ით გაიზარდა გასული წლის მაღალი ბაზიდან (2022 წლის იანვარში ზრდა 18.0% იყო).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები