სექტემბერში, საქართველოს ეკონომიკა 8,3%-ით გაიზარდა. საქსტატის ხელმძღვანელის, გოგიტა თოდრაძის განცხადებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს შემდეგმა დარგებმა: მშენებლობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის სექტორი, ტრანსპორტი და დასაწყობება, საინფორმაციო, საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სექტორი, ვაჭრობა და უძრავი ქონების სექტორი.
კლების ტენდენცია კი გამოვლინდა ენერგეტიკის სექტორში.
"მშენებლობის სექტორში ზრდა ძირითადად განპირობებული იყო საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობების მშენებლობასთან, ასევე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასთან, როგორიცაა, გზების, ხიდების და გვირაბების მშენებლობა. აქვე, ადმინისტრაციული მონაცემებიდან, დაახლოებით 32%-ით გაიზარდა სამშენებლო მასალების იმპორტი.
საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის სექტორში ზრდა დაკავშირებული იყო კომერციული ბანკების საპროცენტო შემოსავლების ზრდასთან.
ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორში ზრდა დაკავშირებული იყო საჰაერო ტრანსპორტის ფუნქციონირებასთან, ასევე, სატვირთო და სამგზავრო ტრანსპორტის ფუნქციონირებასთან, ასევე საგარეო ვაჭრობაში განვითარებული ტენდენციების შესაბამისად, გაიზარდა ტვირთის სატრანსპორტო დამუშავების მაჩვენებლებიც.
ვაჭრობის სექტორში ზრდა ძირითადად განაპირობა საცალო ვაჭრობამ, კვების პროდუქტებით, სასმელებით და თამბაქოს ნაწარმით. აქვე აღსანიშნავია, რომ გაიზარდა როგორც საცალო, ისე საბითუმო ვაჭრობა საწვავით და სამშენებლო მასალებით. 2024 წლის 9 თვის მონაცემებით, დაახლოებით 4,5%-ით არის გაზრდილი საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა.
რაც შეეხება უძრავი ქონებით ოპერაციების სექტორს, ზრდა აქ დაკავშირებული იყო როგორც საკუთარი, ისე იჯარით აღებული არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობების გაქირავებასა და მათ მართვასთან.
ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორში კი, ზრდა დაკავშირებული იყო კომპიუტერული პროგრამების შემუშავებასთან და მასთან დაკავშირებული საქმიანობის ზრდასთან, ასევე საინფორმაციო სამსახურების საქმიანობის და ტელესაკომუნიკაციო მომსახურების მოცულობის ზრდასთან“, - განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.
რაც შეეხება კლების ტენდენციას, საქსტატის ხელმძღვანელის განმარტებით, ენერგეტიკის სექტორში კლება განპირობებული იყო ჰესების გამომუშავების მოცულობის შემცირებასთან.
ამასთან, გოგიტა თოდრაძის თქმით, 11,2%-ით გაიზარდა ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებისას გამოყენებული დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის მოცულობა და 14 მლრდ ლარი შეადგინა.
"რაც შეეხება საწარმოთა რეგისტრაციის მაჩვენებლებს, მიმდინარე წლის სექტემბერში 6400 კომპანია დარეგისტრირდა და აღნიშნული მაჩვენებელი დაახლოებით 4,6%-ით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მონაცემებს. ზრდა ძირითადად მოდის ადგილობრივი ინდმეწარმე სუბიექტების მაჩვენებლის ზრდაზე. უნდა აღინიშნოს, რომ ზოგადად, ინდმეწარმეების რეგისტრაციის მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაახლოებით 10%-ით გაიზარდა, აქედან ადგილობრივი ინდმეწარმე სუბიექტების მაჩვენებელი დაახლოებით 15%-ით არის გაზრდილი, ხოლო უცხოური ინდმეწარმეების მაჩვენებელი შემცირებულია 2%-ით“, - განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.
მისივე განმარტებით, 2024 წლის სექტემბერში საქონლის ექსპორტი გაიზარდა 17%-ით, ხოლო იმპორტის მაჩვენებელი შემცირებულია 4,2%-ით, ექსპორტის ზრდა ძირითადად განაპირობა მსუბუქი ავტომობილების, ასევე მადნების და სასმელის ექსპორტის მოცულობის გაფართოებამ, ძირითადად ჩინეთის, ცენტრალური აზიის ქვეყნების მიმართულებით.