საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.5% შეადგინა, ხოლო იანვარ-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7.7%-ია. კერძო სექტორის, ანუ დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვამ 11.4 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წლიურად 11.8%-ით არის გაზრდილი.
ეკონომიკური ზრდის მიზეზების შესახებ ბრიფინგი გამართა საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ. მისი განმარტებით სექტორების უმეტესობაში, გარდა ენერგეტიკისა და სამთო მოპოვებითი მრეწველობისა ბრუნვის ზრდა ფიქსირდება.
"დამმუშავებელი მრეწველობის სექტორში ზრდა დაკავშირებული იყო ძირითადად მეტალურგიულ სექტორთან და აქ საუბარია ძირითადად მეტალურგიულ მრეწველობაში წარმოების მოცულობის ზრდასთან. საგარეო ვაჭრობის ანგარიშით 32%-ით გაიზარდა მანგანუმის პროდუქტების ექსპორტი, გაზრდილია ასევე ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების წარმოების მაჩვენებლები, კერძოდ 60%-ით გაიზარდა ღვინის ექსპორტი, 40%-ით გაიზარდა მინერალური წყლების ექსპორტი. 100-ჯერ და მეტჯერ გაიზარდა აზოტოვანი სასუქების ექსპორტი, რაც ძირითადად რუმინეთის, ბულგარეთისა და პერუს მიმართულებით განხორციელდა.
მშენებლობის სექტორში ზრდა ძირითადად დაკავშირებული იყო საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობასთან, ასევე თებერვალში წინა წელთან შედარებით დაახლოებით 22%-ით გაიზარდა სამშენებლო მასალების იმპორტი, მათ შორის ცემენტის და კლინკერის იმპორტი გაზრდილია დაახლოებით 19%-ით.
ლოგისტიკის სფეროში ზრდა დაკავშირებული იყო სატვირთო გადაზიდვების მოცულობასთან, როგორც საგზაო ასევე საჰაერო მიმართულებით.
ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორში ზრდა დაკავშირებული იყო IT მიმართულებით, მათ შორის კომპიუტერული მომსახურების მიმართულებით მომუშავე ეკონომიკური სუბიექტების ბრუნვის ზრდასთან.
რაც შეეხება კლების ტენდენციებს, ენერგეტიკის სექტორში კლება განაპირობა თბოსადგურების გამომუშავების შემცირებამ, აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის თებერვალთან შედარებით დაახლოებით 47%-ით არის შემცირებული, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს რომ გაორმაგებულია ჰიდროელექტროსადგურების გამომუშავება.
სამთო მოპოვებით სექტორში კლება დაკავშირებული იყო ფერადი ლითონების მადნების მოპოვების შემცირებასთან", - განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.
საქართველოს მთავრობა წელს 5.2%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებდა, თუმცა მარტში ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, რომ ზრდის პროგნოზი გადაიხედება. ამასთან აღსანიშნია, რომ სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.8%-დან 5.7%-მდე გაზარდა.