მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამ განაპირობა მაისში ეკონომიკის 7%-იანი ზრდა - გოგიტა თოდრაძის განმარტება

649e9e7d14648
შოთა ტყეშელაშვილი
30.06.23 13:23
566

საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, მაისის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7%-ით გაიზარდა. 2023 წლის 5 თვეში კი ეკონომიკურმა ზრდამ 7.5% შეადგინა.

საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ აღნიშნულ შედეგებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, კერძო სექტორის ბრუნვამ წინა თვეში 11.2 მილიარდი ლარი შეადგინა, დარგების უმეტესობაში კი შემოსავლების მატება დაფიქსირდა. მათ შორის ზრდა იყო მშენებლობის, ფინანსების, ვაჭრობის, ლოგისტიკისა და სხვა სექტორებში. ამასთან, შემცირებულია უძრავი ქონების იჯარის სფეროს შემოსავლები, ასევე ინდუსტრიის შემოსავლები, რაც ძირითადად ფეროშენადნობების წარმოების და ექსპორტის კლებას, ასევე მინერალური სასუქების წარმოების შემცირებას უკავშირდება.

“მშენებლობის სექტორში ზრდა დაკავშირებული იყო ძირითადად საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობების მშენებლობასთან. ასევე ისეთი ობიექტების მშენებლობასთან, როგორიცაა გზების და ავტობანების მშენებლობა. წინა წელთან შედარებით დაახლოებით 29%-ით გაიზარდა სამშენებლო მასალების იმპორტის მაჩვენებელი. 33%-იანი ზრდა გვაქვს ცემენტის და კლინკერის იმპორტის მატების მხრივ. ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორში ზრდის ტენდენციები დაკავშირებული იყო საინფორმაციო საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, ასევე კომპიუტერული მომსახურებით დაკავებული კომპანიების ბრუნვის მოცულობის ზრდასთან.

ვაჭრობის სექტორში ზრდა დაკავშირებული იყო ავტომობილების და მათი ნაწილევბით ვაჭრობის გაფართოებასთან. აღსანიშნავია, რომ 2023 წლის მაისში წინა წელთან შედარებით 3.4-ჯერ გაიზარდა მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის მაჩვენებელი. ზრდა განსაკუთრებით აღსანიშნავია ყაზახეთის, ყირგიზეთის და სომხეთის მიმართულებით. გარდა ამისა, ზრდა ფიქსირდება საკვებით, სასმელებითა, ფარმაცევტული მასალებითა და თამბაქოს ნაწარმით ვაჭრობის მიმართულებითაც. გაზრდილია სატრანსპორტო გადაზიდვებისა და დასაწყობების სექტორის ბრუნვა, ასევე საფინანსო-სადაზღვევო სექტორში და ეს დაკავშირებული იყო კომერციული ბანკების საპროცენტო და არასაპროცენტო შემოსავლების მატებასთან. გაზრდილია სასმელების წარმოების მაჩვენებელი, 29%-ით გაიზარდა ღვინის ექსპორტი და ოთხჯერ გაიზარდა მინერალური წყლების ექსპორტის მოცულობა.

ორ სექტორში გამოვლინდა კლების ტენდენციები. უპირველეს ყოვლისა დამმუშავებელი მრეწველობის სექტორში შემცირების ტენდენცია დაკავშირებული იყო მეტალურგიულ მრეწველობასთან და მინერალური სასუქების წარმოებასთან. ასევე მიმდინარე წლის მაისში წინა წელთან შედარებით 95%-ით შემცირდა ფერო-სილიკონ მანგანუმის ექსპორტი. კლება იყო ასევე უძრავი ქონებით ოპერაციების სექტორში და კლების მიზეზად სახელდება საცხოვრებელი სახლების გაქირავებისა და მართვის სფეროს მომსახურების მოცულობის შემცირება. ასევე არასაცხოვრებელი შენობების ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებული მომსახურებების შემოსავლები,”- განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები