საქსტატმა 2023 წლის ეკონომიკური ზრდის გადაანგარიშებული მაჩვენებელი გამოაქვეყნა. საქსტატის შეფასებით, წინა წელს საქართველოს ეკონომიკა 7%-ის ნაცვლად 7.5%-ით გაიზარდა. შეცვლილია წინა წლების ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებიც და 2022 წელს ზრდა 10.4%-ის ნაცვლად 11% იყო, ასევე შეიცვალა 2021 წლის ზრდის მაჩვენებელიც და ის 10.5%-ის ნაცვლად 10.6% იყო.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, ეკონომიკური ზრდის ცვლილება ორი ფაქტორითაა განპირობებული. როგორც გოგიტა თოდრაძემ "საქმის კურსის" ეთერში განმარტა, საანგარიშო პერიოდში საკვლევი წყაროები გაფართოვდა, მეთოდოლოგია კი გაუმჯობესდა.
"გადაანგარიშების პროცესი 2023 წლის იანვრიდან დავიწყეთ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ექსპერტების ჩართულობით. აქტივობები უნდა დაიყოს ორ ნაწილად: წყაროს არსებითი გაუმჯობესება და მეთოდოლოგიური გაუმჯობესება. მთლიანი შიდა პროდუქტის და ეროვნული ანგარიშების მაჩვენებლების გაანგარიშებაში ორი ჯგუფის წყარო გვაქვს. ერთი, საქსტატის მიერ ორგანიზებული სტატისტიკური კვლევები და ამ თვალსაზრისით 10-მდე სტატისტიკური კვლევა ჩატარდა, მათ შორის, შუალედური მოხმარების სტატისტიკური გამოკვლევა, დაუკვირვებადი ეკონომიკის კვლევები განათლებაში, ინფორმაციისა და კომუნიკაციის , ხელოვნების, გართობის, დასვენების სექტორებში. მეორე მიმართულება ადმინისტრაციულ მონაცემთა წყაროებია. სახელმწიფო ფინანსების სტატისტიკის დასაანგარიშებლად ფინანსთა სამინისტროს ბიუჯეტის მონაცემებს ვიყენებთ, ასევე გადასახადების შესახებ განახლებული ინფორმაცია გამოვითხოვეთ", - აღნიშნა გოგიტა თოდრაძემ.
რაც შეეხება მეთოდოლოგიას. როგორც გოგიტა თოდრაძემ აღნიშნა, ერთ-ერთი ცვლილება სოფლის მეურნეობას ეხებოდა, სადაც, მისი თქმით, მემცენარეობის გაანგარიშების კომპონენტი გაუმჯობესდა.
"საერთაშორისო სავალუტო ფონდის ექსპერტები ჩვენთან ერთად აქტიურად მუშაობდნენ და მეთოდოლოგიური ხასიათის ცვლილებები მათი რეკომენდაციების შედეგად განხორციელდა, რაც სოფლის მეურნეობის სექტორის შეფასებისას მემცენარეობის გაანგარიშების კომპონენტის გაუმჯობესებას ითვალისწინებდა. მეორე იყო საკუთარი საცხოვრისის გამოყენების პირობითი რენტა მთლიან შიდა პროდუქტში. ამასთან, იყო რამდენიმე მიმართულება. მაგალითად: ჰოლდინგური მოგება-ზარალის გაანგარიშების თავისებურებანი და ა.შ. ", - განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.
სტატისტის ეროვნული სამსახური მთლიანი შიდა პროდუქტის და ეროვნული ანგარიშების მაჩვენებლების გადაანგარიშებულ მონაცემებს 2029 წელს გამოაქვეყნებს.