მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაისში კლება პრაქტიკულად არცერთ სექტორში არ დაფიქსირებულა - გოგიტა თოდრაძე

თოდრაძე საქსტატი

საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის, გოგიტა თოდრაძის განცხადებით, 2024 წლის მაისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კლება პრაქტიკულად არცერთ სექტორში არ დაფიქსირდა.

ეკონომიკური ზრდის წინასწარ შეფასებასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე, გოგიტა თოდრაძემ აღნიშნა, რომ მაისში საქართველოს ეკონომიკა 9.2%-ით გაიზარდა, 5 თვის რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელი კი 9.3%-ია. მან სექტორების მიხედვით ზრდის მიზეზები განმარტა.

წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ინფორმაცია და კომუნიკაცია, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობის სექტორი, საფინანსო საქმიანობების სექტორი, ასევე, მშენებლობა, ტრანსპორტი და დასაწყობება და დამმუშავებელი მრეწველობა. ასევე, აღსანიშნავია ისიც, რომ მიმდინარე წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, კლების ტენდენცია არ დაფიქსირებულა პრაქტიკულად არც ერთ სექტორში.

რაც შეეხება მიზეზებს, ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორში ზრდას ძირითადად განაპირობებდა კომპიუტერული პროგრამირების, ასევე კონსულტაციების და მასთან დაკავშირებული საქმიანობების მოცულობების მოცულობების ზრდა.

პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობის სექტორში ზრდა დაკავშირებული იყო ძირითადად ბიზნესის მართვის საკითხებში საკონსულტაციო საქმიანობების მომსახურების მოცულობების ზრდასთან.

საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის სექტორს რაც შეეხება, ამ მიმართულებით ზრდა ძირითადად განაპირობა კომერციული ბანკების საპროცენტო შემოსავლების ზრდამ.

მშენებლობის სექტორში, სადაც ასევე ზრდის ტენდენციები შეინიშნებოდა, ზრდა დაკავშირებული იყო როგორც საცხოვრებელი, ისე არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობების მშენებლობის მოცულობასთან და ასევე, სპეციალიზებულ სამშენებლო სამუშაოებთან, როგორიცაა მაგალითად ელექტროტექნიკური და სარემონტო სამუშაოები.

ასევე, აღსანიშნავია ისიც, რომ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაახლოებით 14%-ით გაიზარდა სამშენებლო მასალების იმპორტი.

ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორში ზრდა ძირითადად დაკავშირებული იყო საჰაერო ტრანსპორტის ფუნქციონირებასთან, თუმცა ასევე სახმელეთო ტრანსპორტის მიმართულებით გარკვეული ზრდის ტენდენციები შეინიშნებოდა და შესაბამისი მომსახურების მოცულობა გაიზარდა.

დამმუშავებელი მრეწველობის სექტორში აღსანიშნავია მეტალურგიული მრეწველობის წარმოების მიმართულება - თუჯის, ფოლადის და ფეროშენადნობების წარმოების მაჩვენებლები გაზრდილია. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დაახლოებით 12-ჯერაა გაზრდილი ფეროსილიკომანგანუმის ექსპორტის მაჩვენებლები, ძირითადად, თურქეთის, ალჟირის და ეგვიპტის მიმართულებით“,- აღნიშნა საქსტატის დირექტორმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები