მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აპრილში, კლება მხოლოდ ენერგეტიკაში იყო - რომელმა სექტორებმა შეიტანეს წვლილი ეკონომიკის 11.8%-იან ზრდაში?

საქსტატი

საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის გოგიტა თოდრაძის განმარტებით, ერთადერთი დარგი აპრილში, სადაც კლების ტენდენცია დაფიქსირდა, ენერგეტიკა იყო, სხვა ყველა მიმართულებით კი ზრდა იყო, რამაც აპრილის მაღალი ეკონომიკური ზრდა განაპირობა. მისივე განმარტებით, აპრილში ქვეყანაში 6 700 ახალი საწარმო დარეგისტრირდა, ხოლო დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა ₾13 მილიარდამდე იყო.

საქმე ის არის, რომ საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის აპრილში, ეკონომიკა 11.8%-ით გაიზარდა, ხოლო პირველ ოთხ თვეში საშუალო მაჩვენებელი 9% იყო.

„ეკონომიკურ ზრდაში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა, ეს გახლავთ დამმუშავებელი მრეწველობა, მშენებლობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ტრანსპორტი და დასაწყობება, ასევე ვაჭრობის სექტორი. კლების ტენდენცია შეინიშნებოდა ენერგეტიკის დარგში.

მოგეხსენებათ, მიმდინარე წლის აპრილის მონაცემებით საქართველოს ექსპორტი შემცირებულია დაახლოებით 12.7%-ით, ხოლო იმპორტის მაჩვენებელი გაზრდილია 11%-ით. აპრილში ქვეყანაში დარეგისტრირდა დაახლოებით 6 700-მდე ახალი საწარმო, რაც დაახლოებით 17%-ით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. ზრდა ძირითადად განპირობებულია ადგილობრივი ინდ. მეწარმე სუბიექტების ზრდით, მათი რაოდენობა დაახლოებით 31%-ითაა გაზრდილი. 19%-ით გაიზარდა ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებისას გამოყენებული, დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის მოცულობა და 12 მილიარდ 800 მილიონ ლარს გადააჭარბა.

რაც შეეხება დარგობრივ ჭრილში მიზეზებს, დამმუმშავებელ მრეწველობაში ვაჭრობის ზრდა ძირითადად დაკავშირებული იყო მეტალურგიულ მრეწველობასთან, ასევე სასმელების წარმოების მოცულობის გაფართოებასთან. საგარეო ვაჭრობის მონაცემებით, დაახლოებით 2-ჯერ გაიზარდა ღვინის ექსპორტი, 19%-ით არის გაზრდილი მინერალური წყლების ექსპორტი, რაც შეეხება მეტალურგიას, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაახლოებით 4.4-ჯერ გაიზარდა ფეროსილიკონმანგანუმის ექსპორტის მაჩვენებელი, ძირითადად ეგვიპტის, უკრაინის და იტალიის მიმართულებით.

მშენებლობის სექტორში ზრდა დაკავშირებული იყო საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობების მშენებლობასთან. აღსანიშნია, რომ აპრილში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დაახლოებით 21%-ით გაიზარდა სამშენებლო მასალების იმპორტის მაჩვენებელი. მათ შორის ცემენტის და კლინკერის იმპორტი გაზრდილია 40-45%-ით, ასევე გაზრდილია ბეტონის და ცემენტის ადგილობრივი წარმოების მაჩვენებელი.

ინფორმაციისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების სექტორში ზრდას განაპირობებდა კომპიუტერული პროგრამირების შემუშავების, აღნიშნულ სფეროში კონსულტირებისა და მათთან დაკავშირებული საქმიანობების ზრდა.

ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორში ზრდა დაკავშირებული იყო საჰაერო ტრანსპორტის ფუნქციონირებასთან, ასევე დასაწყობების და დამხმარე სატრანსპორტო საქმიანობების მომსახურების ზრდასთან.

ვაჭრობის სექტორში შეინიშნებოდა ზრდა, რაც ძირითადად განაპირობა ავტომობილებით საგარეო ვაჭრობის მოცულობის გაფართოებამ, თუმცა ზრდის მიზეზად გვევლინება ასევე საკვები პროდუქტებით, სასმელებით, თამბაქოს ნაწარმით და სამშენებლო მასალებით, ასევე საწვავით ვაჭრობის მოცულობის გაფართოებამ.

ერთადერთი სექტორი, სადაც შემცირების ტენდენცია გამოვლინდა ეს ენერგეტიკის სექტორია. სადაც კლება ძირითადად დაკავშირებული იყო, ენერგეტიკის გამომუშავების შემცირებასთან, როგორც ჰიდრო, ისე თბოელექტროსადგურების მიმართულებით“, - განმარტა თოდრაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები