მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამ განაპირობა ნოემბერში 5.9%-იანი ეკონომიკური ზრდა? - გოგიტა თოდრაძის განმარტება

რამ განაპირობა ივნისში 7.7%-იანი ეკონომიკური ზრდა? - გოგიტა თოდრაძის განმარტება

2023 წლის ნოემბერში საქართველოს ეკონომიკის რეალურმა ზრდამ 5.9% შეადგინა, ამის შესახებ საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშიდან ხდება ცნობილი. დოკუმენტის მიხედვით, 2023 წლის 11 თვეში ზრდამ 6.9% შეადგინა.

ნოემბრის ეკონომიკური ზრდის მიზეზების შესახებ ბრიფინგი გამართა საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ. მისი განმარტებით სექტორების უმეტესობაში ბრუნვის მატება შეინიშნება, ხოლო რამდენიმე სფეროში, მათ შორის ენერგეტიკაში, დამმუშავებელ მრეწველობასა და ლოგისტიკაში შემცირება აღინიშნა.

ყველაზე მაღალი ზრდა ვაჭრობის, მშენებლობის და საფინანსო სფეროებში შეინიშნება.

“საფინანსო სექტორში ზრდა ძირითადად დაკავშირებული იყო, კომერციული ბანკების საპროცენტო შემოსავლების მატებასთან.

რაც შეეხება მშენებლობის სექტორს, აქ ზრდა დაკავშირებულია საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი, ასევე სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მშენებლობასთან, როგორიცაა ხიდების, გზების და გვირაბების მშენებლობა.

ვაჭრობის სექტორში ზრდა დაკავშირებული იყო ავტომობილებით ვაჭრობის მოცულობის გაფართოებასთან. ნოემბერში დაახლოებით 82%-ით არის მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის მაჩვენებელი. ზრდა განსაკუთრებით შეინიშნებოდა ყირგიზეთის, ყაზახეთისა და აზერბაიჯანის მიმართულებებით. გარდა ამისა, გაზრდილია საკვები პროდუქტებით და თამბაქოს ნაწარმით ვაჭრობის მაჩვენებლები.

რაც შეეხება პროფესიულ სამეცნიერო და ტექნიკურ საქმიანობებს, აქ ზრდა დაკავშირებული იყო სარეკლამო საქმიანობების ასევე არქიტექტურული საქმიანობების მომსახურების ზრდასთან.

რაც შეეხება კლების ტენდენციებს უპირველეს ყოვლისა ის გამოვლინდა დამმუშავებელი მრეწველობის სექტორში. აქ კლება დაკავშირებული იყო ქიმიურ მრეწველობასთან, ძირითადად ქიმიური სასუქების წარმოების მოცულობის შემცირებასთან, ასევე 22%-ით არის აზოტოვანი სასუქების ექსპორტი შემცირებული.

შემცირებულია ასევე სასმელების წარმოების მოცულობა და ეს აისახა ექსპორტზეც. წინა წელთან შედარებით ნოემბერში 53%-ით შემცირდა ღვინის ექსპორტი და 52%-ით შემცირდა მინერალური წყლების ექსპორტის მაჩვენებლები.

ენერგეტიკაში კლება დაკავშირებული იყო ძირითადად თბოსადგურების გამომუშავების კლებასთან, რადგანაც 27%-ით არის შემცირებული თბოსადგურების გამომუშავება.

კლება არის ტრანსპორტისა და დასაწყობების სფერო, ამ მიმართულებით კლება ძირითადად დაკავშირებულია დასაწყობების და დამხმარე სატრანსპორტო საქმიანობების მომსახურების კლებასთან,”- განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.

საქსტატის ინფორმაციით, ნოემბერში კერძო სექტორის ანუ დღგ-ის გადამხდელი კომპანიების ბრუნვა 12.3 მილიარდი დოლარი იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები