მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

1 მლნ მოქალაქისთვის თამაშის აკრძალვით ბიუჯეტს 50 მლნ დააკლდება - განმარტებითი ბარათი

61b87ff128afb
შოთა ტყეშელაშვილი
14.12.21 15:21
1164
საქართველოს მთავრობა ქვეყანაში აზარტული თამაშების მინიმალურ ასაკობრივ ცენზს 25 წლამდე ზრდის, ასევე საჯარო მოხელეებს და სოცდაუცველ პირებს თამაშის უფლებას უკრძალავს. ჯამში, ეს შეზღუდვა 1 მილიონამდე მოქალაქეზე ვრცელდება. ასევე, ონლაინ-თამაშების ოპერატორებისთვის სრულად იცვლება საგადასახადო ბაზა და ის არსებულთან შედარებით 65%-70%-ით ფართოვდება.

პარლამენტში გუშინ დარეგისტრირდა ამ ცვლილებების საკანონმდებლო პაკეტი, რომლის განხილვაც ბიუროს გადაწყვეტილებით არა - ჩვეულებრივი, არამედ “დაჩქარებული” პროცესით მოხდება და ის ძალაში უკვე 2022 წლის იანვრიდან უნდა შევიდეს.

ასევე საგულისხმოა ფაქტი, რომ მართალია, ცვლილებები მთავრობის მიერ იყო დაანონსებული და კანონპროექტიც სავარაუდოდ, ფინანსთა სამინისტრომ მოამზადა, მის ავტორებად ქართული ოცნების დეპუტატები - დავით სონღულაშვილი; ლევან მგალობლიშვილი; გელა სამხარაული და სხვა პირები არიან მითითებული.

კანონპროექტის განმარტებით ბარათს აქვს ეკონომიკური გათვლებიც, კერძოდ, მას შემდეგ, რაც მილიონ მოქალაქეს თამაში აეკრძალება აზარტული თამაშების ოპერატორებიდან მისაღები საგადასახადო შემოსავლები დაახლოებით 50 მლნ ლარით შემცირდება.

კანონპროექტის ავტორები წერენ:

“კანონპროექტის მიღებით, დაახლოებით,1 000 000 ფიზიკურ პირს აეკრძალება აზარტულ და მომგებიან თამაშობებში მონაწილეობის მიღება, რაც გამოიწვევს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის, დაახლოებით, 50 მლნ ლარით შემცირებას, რაც თავის მხრივ დაკომპესირდება საგადასახადო კოდექსში განსახორციელებელი ცვლილებით გათვალისწინებული საგადასახადო ტვირთის გაზრდით გამოწვეული ფისკალური შედეგებით, კერძოდ: შემოსავლების სამსახურიდან მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით, მოქმედი კანონმდებლობის შენარჩუნების შემთხვევაში, აზარტული თამაშობის სისტემურელექტრონული ფორმით მოწყობის ნაწილში, მოგების გადასახადში 2022 წლის ბიუჯეტის სავარაუდო შემოსავალი შეადგენს 175 მლნ ლარს.

კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, ბიუჯეტის 2022 წლის სავარაუდო შემოსავლები აზარტული თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მომწყობი პირებიდან, მოგების გადასახადში შეადგენს 127 მლნ ლარს, ხოლო თანხის გატანის გადასახადიდან - 98 მლნ ლარს. შესაბამისად, წარმოდგენილი ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში 2022 წლის ბიუჯეტის სავარაუდო შემოსავალი აღნიშნული სფეროდან , ჯამურად შეადგენს 225 მლნ ლარს, რაც შემცირდება დაახლოებით 50 მლნ ლარით, ასაკობრივ ზღვართან, აკრძალულ და დამოკიდებულ პირთა მიმართებაში კანონში განსახორციელებელი ცვლილებების გათვალისწინებით, ვინაიდან აღნიშნული სოციუმისთვის აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებში მონაწილეობის აკრძალვა გამოიწვევს ბიუჯეტის შემოსავლების შემცირებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ბიუჯეტის 2022 წლის სავარაუდო შემოსავლები აზარტული თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის ნაწილში ჯამურად განისაზღვრება დაახლოებით 175 მლნ. ლარით

ამასთანავე, სათამაშო ბიზნესის ორგანიზატორების მიერ სულ ბიუჯეტში გადახდილი თანხა (მოსაკრებლები, გადასახადები) შეადგენს წლების მიხედვით შეადგენს: 2017 წელს - 332,092,506 ლარი, 2018 წელს - 393,195,562 ლარი, 2019 წელს - 420,341,765 ლარი, 2020 წელს - 241,429,051 ლარი,” - ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.