მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფინანსთა სამინისტრო 1 წინადადებით განმარტავს, რატომ შემოიღეს ავტომობილების რეექსპორტზე 450-ლარიანი საფასური

ბარათაშვილი და ხუციშვილი

„მომსახურების საფასურის განსაზღვრა მოხდა ადმინისტრაციული ხარჯებისა და შესაბამისი სერვისის უზრუნველყოფის მიზნით“, - ფინანსთა სამინისტრომ მხოლოდ ამ ერთი წინადადებით განმარტა BMG-სთან, რატომ დააწესეს ავტომობილების რეექსპორტისას 450-ლარიანი საფასური.

საქმე ის არის, რომ 2026 წლის 16 ნოემბრიდან, მთავრობის დადგენილების საფუძველზე, ახალი მოსაკრებელი ამოქმედდა - კერძოდ, „მსუბუქი ავტომობილის რეექსპორტში (გარდა დროებით შემოტანის პროცედურის შემდეგ რეექსპორტისა) გაფორმებაზე დაწესებულ იქნა მომსახურების საფასური, 1 ავტომობილზე 450 ლარის ოდენობით“.

აღსანიშნავია, რომ 450 ლარი ემატება ისედაც არსებულ ხარჯებს, კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს საფასურს, რომელიც მანამდეც საშუალოდ 600 ლარს აჭარბებდა.

ავტოიმპორტიორები აცხადებენ, რომ 450-ლარიანი საფასურის შემოღება სექტორისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა - მათი შეფასებით, ეს გადაწყვეტილება რეექსპორტს აფერხებს, ბიზნესს წაგებიანს ხდის და გრძელვადიან პერსპექტივაში მთლიანად ქვეყანას აზარალებს.

უფრო კონკრეტულად, რა მიზნით დაწესდა ახალი მოსაკრებელი ავტომობილების რეექსპორტისას და რატომ განისაზღვრა ის მაინცდამაინც 450 ლარით და არა, მაგალითად, 150 ლარით, ამ კითხვებზე დეტალური პასუხები უწყებებისგან არც BMG-ს მიუღია და არც - ბიზნესს.

საკითხის დასაზუსტებლად შემოსავლების სამსახურის ცხელ ხაზსაც დავუკავშირდით.

„ეს ახალი საფასურია - მაგალითად, იმპორტის დროს 150 ლარია დაწესებული. რაც შეეხება იმ თანხას, რასაც ადრე ადგილზე იხდიდით (დაახლოებით, 600 ლარამდე), ის მხოლოდ შს სამინისტროს მომსახურების სააგენტოსთან გადასახდელი თანხა იყო“, - განმარტეს შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო ცენტრში.

რაც შეეხება კითხვას, თუ რა არის რეექსპორტზე დაწესებული 450-ლარიანი მოსაკრებლის გადახდის მიზანი, ცხელ ხაზის თანამშრომელმა BMG-ის უთხრა, რომ ამ დეტალებზე ინფორმაციას არ ფლობენ და განმარტების მისაღებად საბაჟო დეპარტამენტისთვის წერილობით მიმართვა გვირჩიეს.

„ჩვენ საინფორმაციო ცენტრი ვართ და ეს დეტალები არ მოგვეწოდება. თუ გსურთ, რომ განმარტება მიიღოთ, შემოსავლების სამსახურის ელექტრონული ვებგვერდიდან კომუნიკატორის მეშვეობით შეგიძლიათ მიმართოთ საბაჟო დეპარტამენტს კონკრეტული კითხვებით და მოითხოვოთ განმარტებები. სამწუხაროდ, ამ დეტალებზე წვდომა არ გვაქვს“, - აცხადებენ უწყების საინფორმაციო ცენტრში.

BMG, ერთ კვირაზე მეტია, ცდილობს შემოსავლების სამსახურის მენეჯმენტისგან კონკრეტული და დასაბუთებული განმარტების მიღებას, მაგრამ - უშედეგოდ.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები