მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

11 მლნ ლარის ინვესტიციით რუსთავში სინთეზური ბოჭკოს საწარმო იხსნება

6251452b5dceb
სალომე ჭიპაშვილი
09.04.22 20:40
1398
კომპანია „პოლივიმი“ 2022 წლის ბოლოსთვის სინთეზური ბოჭკოს საწარმოს გახსნის. სინთეზური, იგივე ხელოვნური ბოჭკო არის ნედლეული, რომელსაც ფართო გამოყენება აქვს. აქტიურად გამოიყენება ისეთ დარგებში, როგორიცაა ტექსტილის წარმოება, ავეჯის მრეწველობა, ავტოწარმოება და ა.შ.

ახალი საწარმო რუსთავში „პოლივიმის“ ამჟამინდელი ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება, რომელშიც დაახლოებით 11 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება.

„სინთეზური ბოჭკოს მისაღებად ჩვენივე ნედლეულს ე.წ. ფატელებს გამოვიყენებთ, რომელსაც უკვე 4 წელია პლასტმასის მეორადი ბოთლების გადამუშავებით ვაწარმოებთ. აქამდე ფანტელების მხოლოდ ექსპორტს ვახორციელებდით, ახალი საწარმოს აშენების შემდეგ სინთეზურ ბოჭკოს უკვე ადგილზე ვაწარმოებთ და ექსპორტზე საბოლოო პროდუქტს გავგზავნით“- განაცხადა bm.ge-სთან საუბარში „პოლივიმის“ კომერციულმა მენეჯერმა, ბექა ფონჯავიძემ.

„პოლივიმი“ დღეში დაახლოებით 4-5 ტონა პოლიმერულ ნარჩენებს ამუშავებს, სრული დატვირთვის შემთხვევაში კომპანიას ამ რიცხვის 25 ტონამდე გაზრდაც შეუძლია.

„ეს გამოწვეულია იმით, რომ საქართველოში ნარჩენების ეფექტიანი შეგროვება ვერ ხერხდება. ქვეყანაში გადამამუშავებელი სექტორის არარსებობა იწვევდა იმას, რომ არ იყო წახალისებული შემგროვებლური რგოლის ჩამოყალიბება. მაშინ როდესაც, მხოლოდ თბილისში ყოველთვიურად 1500-1700 ტონა პლასტმასის მეორადი ბოთლი იყრის თავს ნარჩენის სახით ნაგავსაყრელზე. ჩვენ რადგანაც გამოვჩნდით ბაზარზე და ვამბობთ, რომ დღე-ღამეში შეგვიძლია 25 ტონის გადამუშავება, ეს უკვე შემგროვებელი კომპანიებისთვის, იქნება ეს კერძო თუ სახელმწიფო, წამახალისებელი ფაქტორია“ - აღნიშნა კომპანიის კომერციულმა მენეჯერმა.

ერთი კილოგრამი პლასტმასის მეორადი ბოთლის ფასი 20 თეთრიდან 1 ლარამდე მერყეობს, რაც პროდუქციის ხარისხსა და ფერზეა დამოკიდებული. 

კომპანია „პოლივიმი“ 2018 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე, რომელსაც თავისი პროდუქცია, პლასტმასის ფანტელი ექსპორტზე საბერძნეთსა და ნიდერლანდებში გააქვს. უახლოეს მომავალში კი ამ ქვეყნების ჩამონათვალს ლიეტუვა და ლატვიაც დაემატება.