ბიუჯეტის შესრულების ანგარიშიდან ირკვევა ისიც, რომ თავდაპირველ გეგმასთან მიმართებაში 70%-ზე დაბალი ათვისება აქვს 27 პროექტს.
აუდიტის მიხედვით, მიზეზები, რომელთაც სახელმწიფო სტრუქტურები პროექტების განუხორციელებლობის განმაპირობებელ ფაქტორებად ასახელებენ, ტენდერების გაჭიანურება და დონორებთან მოლაპარაკებების გაჭიანურებაა. ამასთან, ცალკეულ პროექტებში სახსრების აუთვისებლობის გამო სახელმწიფომ 4.8 მილიონი ლარის მოცულობის ე.წ. Commitment Fee გადაიხადა, რაც ამ პროექტების შეუსრულებლობისთვის დონორების მიერ დაწესებულ "ჯარიმას" წარმოადგენს.
"მნიშვნელოვანია, რომ პროექტის განმახორციელებელმა უწყებებმა უზრუნველყონ გამოყოფილი სესხების დროული და ეფექტიანი ათვისება და ასევე, გაითვალისწინონ პროექტების მიმდინარე შესრულების მდგომარეობა არსებული პროექტების ფარგლებში დამატებითი სესხების მოზიდვის საჭიროებასთან დაკავშირებით, რათა თავიდან იქნეს აცილებული სესხზე ვალდებულების გადასახადით გაწეული დამატებითი ხარჯების და დროში გაჭიანურებული ან/და დაუსრულებელი პროექტების რაოდენობის ზრდა.
პროექტები, რომელთა შესრულებაც 2019 წლის ბიუჯეტის თავდაპირველი კანონის მიხედვით (დაზუსტებამდე, შეცვლამდე) განსაზღვრული იყო, თუმცა ფაქტობრივი ათვისება 0%-ია.
- თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ძირულა არგვეთას მონაკვეთის რეკონსტრუქცია-მშენებლობა (JICA) - 48.8 მლნ ლარი, შესრულება 0%;
- ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტი (EU, KfW) - 15 მილიონი ლარი, შესრულება 0%;
- საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობის გაძლიერება (SG) - 55 მლნ ლარი (განახლებული პროექტით 15 მლნ ლარი), შესრულება 0%;
- კახეთის ინფრასტრუქტურის გაძლიერება (KfW) - 9 მლნ ლარი, შესრულება 0%;
- გურიის ელგადაცემის ხაზების ინფრასტრუქტურის გაძლიერება (KfW) - 4.5 მლნ ლარი, შესრულება 0%;
- ჩრდილოეთის რგოლი ეგხ (I ფაზა) (KfW, EBRD) - თავდაპირველი პროექტით 13.5 მლნ ლარი, განახლებული პროექტით 1.5 მლნ ლარი, შესრულება 0%;
- თბილისის ავტობუსების პროექტი (II ფაზა – გაზი) (EBRD) - თავდაპირველი პროექტით 75 მლნ ლარი, განახლებული პროექტით 0 ლარი, შესრულება 0%;
- 500 კვ ეგხ „წყალტუბო –ახალციხე – თორთუმი“ (KfW) - თავდაპირველი პროექტით 5 მლნ ლარი, განახლებული პროექტით 0 ლარი, შესრულება 0%;
- საქართველოს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განახლების პროექტი (EIB) - თავდაპირველი პროექტით 8 მლნ ლარი, განახლებული პროექტით 1.6 მლნ ლარი, შესრულება 0%;
- ხელედულა –ლაჯანური –ონი (KfW) - თავდაპირველი პროექტით 9 მლნ ლარი, განახლებული პროექტით 0 ლარი, შესრულება 0%;
- თბილისის მყარი ნარჩენების პროექტი (EBRD) - თავდაპირველი პროექტი 20 მლნ ლარი, განახლებული პროექტი 0 ლარი, ათვისება 0%.
აუდიტის მიერ ნეგატიურადაა შეფასებული ფაქტი, რომ სახელმწიფო უწყებები მას შემდეგ რაც პროექტებს ვერ ახორციელებენ, ცვლიან და ამცირებენ აღნიშნული პროექტების გეგმას, შედეგად კი, ხდება იმ ფაქტის გადაკეთება, რომ მათ განკუთვნილი სახსრები ვერ აითვისეს.
"სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, მიზანშეწონილია, საინვესტიციო პროექტებისათვის არ ხდებოდეს ბიუჯეტის კანონით განსაზღვრული წლიური გეგმების შემცირება მათზე გამოყოფილი საკრედიტო რესურსის დაბალი ათვისების ტენდენციიდან გამომდინარე, რათა ანგარიშგების ეტაპზე მოხდეს აუთვისებლობის გამომწვევი მიზეზების წარმოდგენა და ანალიზი, რისი საშუალებითაც შესაძლებელი იქნება მომავალი პერიოდის ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში წარსული გამოცდილების გათვალისწინება," - ნათქვამია ანგარიშში.