მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შეუსაბამობები აღმოაჩინა სახელმწიფო აუდიტმა ეკონომიკის სამინისტროს 2022 წლის ფინანსურ ანგარიშში?

დავითაშვილი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშზე ნეგატიური დასკვნა გასცა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის განცხადებით, ამის მიზეზი სამინისტროს სტრუქტურასა და მის დაქვემდებარებულ სსიპ-ებში ფინანსური აღრიცხვის მიმართულებით გამოვლენილი არაერთი შეუსაბამობა გახდა.

დასკვნა 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით სამინისტროს კონსოლიდირებულ ფინანსურ მაჩვენებლებს შეეხება. აუდიტის ანგარიშის თანახმად, სამინისტროში აქტივების აღრიცხვის საკითხი არაერთ შემთხვევაში არ არის შესაბამისობაში საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის ბუღალტრული აღრიცხვის წარმოების სტანდარტებთან.

მაგალითად, აუდიტის სამსახური მიუთითებს, რომ ქონების ეროვნულ სააგენტოს ფინანსურ ანგარიშში არ აქვს ასახული ის მისაღები პირგასამტეხლოები, რაც ინვესტორების მიერ საპრივატიზებო პირობების დარღვევებს უკავშირდება. საუბარია 77 მილიონ ლარსა და 130 მილიონ დოლარზე.

“სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ერთ-ერთი ფუნქციაა პრივატიზებული და მართვის უფლებით გადაცემული აქტივების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა და შესაბამისი ხელშეკრულებების მონიტორინგი. კერძოდ, ხელშეკრულების პირობების დარღვევის საფუძველზე დაკისრებული გადასახდელების/პირგასამტეხლოს აღრიცხვისა და ამოღების კონტროლი.

ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ მოწოდებული მონაცემების შესაბამისად, 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ხელშეკრულებების საფუძველზე მისაღები პირგასამტეხლო შეადგენს 77,240,171 ლარს და 129,713,579 აშშ დოლარს, რაც არის 2006-2022 წლებში წარმოშობილი პირგასამტეხლოები.

აღსანიშნავია, ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ აღრიცხვის ინსტრუქციის ზემოთ აღნიშნული მოთხოვნა ადმინისტრირებადი მუხლების აღრიცხვასთან დაკავშირებით გათვალისწინებული არ არის და ინფორმაცია დაკისრებული პირგასამტეხლოების შესახებ არ არის ასახული სააგენტოს ფინანსურ ანგარიშგებაში.

თანხების არსებითობისა და მისი შინაარსიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ყოველწლიურად ფასდებოდეს პირგასამტეხლოების დაკისრების და ამოღების შესაძლებლობა. ამასთანავე, ფინანსური ანგარიშგების მომხმარებლებისათვის სამართლიანი ინფორმაციის მოწოდების მიზნით, დაკისრებული პირგასამტეხლოების შესახებ ინფორმაცია ფინანსურ ანგარიშგებაში აღრიცხული იყოს აღრიცხვის ინსტრუქციის მოთხოვნების შესაბამისად, რაც სააგენტოს მიერ განხორციელებული არ არის”, - ნათქვამია აუდიტის დასკვნაში.

აუდიტის დასკვნის მიხედვით, სამინისტროს კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში ასახული არ არის მიწის ნაკვეთები საერთო ფართით − 36,630 კვ.მ და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები, რაც საჯარო რეესტრის მონაცემებით, ეკონომიკის სამინისტროს სარგებლობაშია და ექვემდებარება კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში ასახვას.

აუდიტის თანახმად, ხარვეზები გამოვლინდა სამინისტროს მიერ მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები აბონენტების გაზმომარაგების სუბსიდიის დაფინანსებაშიც.

“აუდიტის მიმდინარეობისას 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის მიხედვით ანაზღაურებული თანხების სისწორის, სისრულისა და წარმოშობის დასადასტურებლად, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია ყაზბეგის და დუშეთის მუნიციპალიტეტების მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად მცხოვრები პირების შესახებ. მიღებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ სამინისტროს აპარატის მიერ გაწეული 11,318,636 ლარის ხარჯიდან 4,088,599 ლარი ანაზღაურებულია ისეთ აბონენტებზე, რომლებსაც სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მოწოდებულ ბაზაში მუდმივად მცხოვრების სტატუსი არ აქვთ”, - ნათქვამია დოკუმენტში.

აუდიტის სამსახური აცხადებს, რომ ქონების ეროვნული სააგენტოს არ აქვს აღრიცხული სიმბოლურ ფასად გასხვისებული ქონებების საინვესტიციო ვალდებულებები, რაც აღრიცხვის ფინანსური სტანდარტის დარღვევას წარმოადგენს.

“მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2022 წელს სიმბოლურ ფასად პრივატიზებულია ჯამში 229,984 კვ.მ მიწის ფართის და 10,279 კვ.მ ფართის შენობა-ნაგებობები, რომელთა ჯამური საინვესტიციო ღირებულება შეადგენს 19,098,550 ლარს. შემსყიდველი პირებისთვის თითოეული ხელშეკრულების ფარგლებში განსაზღვრულია სხვადასხვა შინაარსის საპრივატიზებო ვალდებულებები. 2022 წელს ასევე, პრივატიზებულია ერთი სახელმწიფო საწარმო, 134 საინვესტიციო ვალდებულების გარეშე.

აღსანიშნავია, რომ სააგენტოს ფინანსური ანგარიშგების ახსნა-განმარტებით შენიშვნებში ასახული არ არის ინფორმაცია სააგენტოს მიერ სიმბოლურ ფასად განხორციელებული ქონების რაოდენობის და ასევე სიმბოლურ ფასად განხორციელებული პრივატიზებიდან წარმოშობილი საინვესტიციო მოთხოვნების ოდენობის და შინაარსის შესახებ”, - ნათქვამია დოკუმენტში.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები