მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EU-ზე საერთაშორისო ვიზიტების 6% მოდის - ლიდერი პოლონეთი და გერმანიაა

ტურიზმი

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2024 წლის I კვარტალში საქართველოში ევროკავშირიდან და დიდი ბრიტანეთიდან 77 045 საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდს 40.9%-ით, ხოლო პანდემიამდელ 2019 წელის შედეგებს 44.4%-ით აჭარბებს.

აღსანიშნავია, რომ ზრდის მიუხედავად, ევროკავშირის ქვეყნებზე მთლიანი ვიზიტების შედარებით მცირე, 6%-იანი წილი მოდის.

ევროკავშირის ქვეყნებიდან ვიზიტებით პოლონეთი და გერმანია ლიდერობენ. იანვარ-მარტში პოლონეთიდან 11 734 ვიზიტი განხორციელდა, რაც წლიურად 15.9%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. გერმანიიდან კი 11 005 ვიზიტი შედგა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 48.1%-ით აჭარბებს. ევროკავშირის ქვეყნებიდან მხოლოდ ეს ორი მოხვდა ვიზიტორების მიხედვით ლიდერი ქვეყნების TOP-15-ეულში, სადაც პოლონეთი მე-11, ხოლო გერმანია მე-12 პოზიციაზე.

I კვარტალში ევროკავშირიდან საერთაშორისო ვიზიტების მიხედვით ქვეყნების TOP-10-ეული ასე გამოიყურება:

  1. პოლონეთი - 11,734
  2. გერმანია - 11,005
  3. გაერთიანებული სამეფო - 6,484
  4. საბერძნეთი - 5,309
  5. საფრანგეთი - 5,138
  6. ლიეტუვა - 4,859
  7. ლატვია - 3,965
  8. იტალია - 3,788
  9. ესპანეთი - 3,077
  10. ნიდერლანდები - 2,238

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ვიზიტორების სტატისტიკაში საქართველოს მეზობელი ქვეყნები ლიდერობენ. წლის პირველ სამ თვეში თურქეთიდან 254 577 ვიზიტი შედგა, რაც 3-ჯერ და მეტად აჭარბებს ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და გაერთიანებული სამეფოს ჯამურ მონაცემებს.

ამის მიუხედავად, ეკონომიკის სამინისტროში, გავრცელებულ პრესრელიზებში ხაზს უსვამენ, რომ ევროკავშირის ქვეყნებიდან მაჩვენებელი რეკორდულია და დივერსიფიკაციის დინამიკა ნარჩუნდება.

2024 წლის იანვარ-მარტში, საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების 1 157 347 ვიზიტი შედგა, საიდანც 938 644 ტურისტული იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები