მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტებით მეზობელი ქვეყნები ლიდერობენ. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, იანვარ-მარტში თურქეთიდან 254 577 ვიზიტი განხორციელდა, რაც წლიურად 17.6%-იან ზრდას წარმოადგენს, 2019 წელთან შედარებით კი, ზრდა 26.5%-ია.
რაც შეეხება რუსეთს, წინა წელთან შედარებით 16.1%-იანი კლების მიუხედავად, 215 468 ვიზიტით მეორე ადგილზეა. რუსეთიდან ვიზიტების რაოდენობა 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 15.2%-ით ჩამორჩება.
აღსანიშნავია, რომ ვიზიტორების მიხედვით ლიდერი ქვეყნების ათეულში ევროკავშირის არცერთი ქვეყანა არ მოხვდა და TOP-15-ეულში პოლონეთი მე-11, ხოლო გერმანია მე-12 პოზიციაზეა.
უფრო დეტალურად, I კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების მიხედვით TOP 15 ქვეყანა შემდეგია:
- თურქეთი - 254,577
- რუსეთი - 215,468
- სომხეთი - 191,830
- აზერბაიჯანი - 51,466
- ისრაელი - 46,789
- ირანი - 28,811
- ყაზახეთი - 27,874
- უკრაინა - 24,538
- ინდოეთი - 20,645
- ბელარუსი - 17,236
- პოლონეთი - 11,734
- გერმანია - 11,005
- ფილიპინები - 10,551
- ჩინეთი - 9,905
- უზბეკეთი - 9,863
ევროპიდან ტურიზმის აღდგენის დადებითი დინამიკის შესახებ ეკონომიკის სამინისტრო პრესრელიზს ავრცელებს, სადაც ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, მარიამ ქვრივიშვილი აცხადებს, რომ „ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოსული საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა რეკორდულია“ და დივერსიფიკაციის დინამიკა ნარჩუნდება.
„ტურიზმის ინდუსტრიაში კვლავ ნარჩუნდება ძალიან მნიშვნელოვანი დინამიკა, რაც გულისხმობს დივერსიფიკაციას - ჩვენთვის სასიხარულოა, რომ იზრდება ტურისტული ნაკადები ევროპის ქვეყნებიდან, განსაკუთრებით აღსანიშნავია გერმანია, პოლონეთი და სხვა ქვეყნები, ისევე, როგორც მზარდია ტურისტული ნაკადები ყურის ქვეყნებიდან“,- ამბობს ქვრივიშვილი განცხადებაში, რომელიც ეკონომიკის სამინისტრომ გაავრცელა.
მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოში 938 644 ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც 2023 წელთან შედარებით 11%-ით გაზრდილი მაჩვენებელია, 2019 წლის მონაცემებთან შედარებით კი ზრდა 6.4%-ია.