ასოცირების შეთანხმების შესაბამისად, საქართველომ აიღო ვალდებულება ქვეყანაში შემოსული სამომხმარებლო (მათ შორის სათამაშოების), ინდუსტრიული და სამშენებლო პროდუქცია გააკონტროლოს. ამ ვალდებულების შესასრულებლად, მთავრობამ შეიმუშავა და დაამტკიცა საზედამხედველო პროდუქტების ტექნიკური რეგლამენტები. ეს მოიცავს სხვადასხვა კატეგორიის საქონლის სტანდარტების ქართულ კანონმდებლობაში ასახვას და მათი შემოწმების ვალდებულების განსაზღვრას.
ეს ვალდებულება ეკონომიკის სამინისტროს სსიპ ბაზარზე ზედამხედველობის სამსახურს დაევალა, რომელიც 2019 წლიდან მოყოლებული გარკვეულ პროდუქტებს პერიოდულად ამოწმებს. თუმცა, როგორც ამ რეფორმის ეფექტიანობის ანგარიშიდან ირკვევა, აღნიშნული სამსახურის საქმიანობა არასისტემატიზებულია და როგორც შემოწმებების განხორციელების, ასევე ინფორმაციის შეგროვების და დამუშავების მიმართულებით, არავითარი შიდა ინსტრუქციები არ არსებობს.
“სააგენტო თავისი საქმიანობის დასაგეგმად და განსახორციელებლად ხელმძღვანელობს კოდექსითა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით, თუმცა სააგენტოს არ გააჩნია რაიმე სახის ინსტრუქცია ან მეთოდოლოგია ბაზარზე ზედამხედველობის დასაგეგმად და განსახორციელებლად საჭირო ინფორმაციის კატეგორიების, მათი შეგროვების, დამუშავების და გამოყენების შესახებ. კონკრეტული ინსტრუქციის არარსებობისა და მონაცემთა შეგროვებისა და დამუშავების პროცესის არასათანადო დოკუმენტირების გამო, სააგენტოს თანამშრომლებმა შესაძლოა გამოიყენონ ინფორმაციის შეგროვების, დამუშავების, ანალიზის და დოკუმენტირების განსხვავებული მიდგომები, რამაც შესაძლოა ხელი შეუშალოს ინსტიტუციური ცოდნის დაგროვებას და შეგროვებულ მონაცემთა ეფექტიან გამოყენებას ბაზარზე ზედამხედველობის პროცესთან დაკავშირებით, ინფორმირებული გადაწყვეტილებების მისაღებად,”- ნათქვამია აუდიტის ანგარიშში.
რაც შეეხება უწყების მიერ განხორციელებული შემოწმებების რაოდენობას, როგორც ანგარიშიდან ირკვევა, შემოწმებული ათასობით ნიმუშიდან სააგენტომ სტანდარტებთან შეუსაბამობა საკმაოდ მცირე შემთხვევებში დააფიქსირა. მაგალითად, არმატურის შემთხვევაში ეს იყო 2 ფაქტი (თუმცა მითითებული არაა რა ოდენობის საქონლის მოწოდება შეჩერდა), ცემენტის შემთხვევაშიც ეს იყო 2 ფაქტი, სათამაშოების მხრივ 44 ფაქტი, ინდივიდუალური დაცვის საშუალებებში (ჩაფხუტები, კომბინეზონები) 19 ფაქტი.