ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქართული ღვინის ექსპორტის დინამიკა მზარდია.
"2022 წლის 11 თვის მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტირებულია 91.4 მლნ ლიტრი ღვინო. აღნიშნული მოცულობა უკვე აჭარბებს 2021 წლის რეკორდულ მაჩვენებელს - 80.5 მლნ ლიტრს", - ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.
ინფორმაციისთვის, 2022 წლის 10 თვეში ღვინის ექსპორტი წლიურად 6.2%-ით გაიზარდა. კერძოდ, მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან ჯამში თითქმის 201 მლნ აშშ დოლარის ღვინოა ექსპორტირებული.
განსაკუთრებით გაზრდილია ღვინის ექსპორტი რუსეთში. სტატისტიკის მიხედვით, 10 თვეში რუსეთში ექსპორტირებულია 129 მლნ დოლარის ღვინო, მაშინ როცა ეს მაჩვენებელი გასული წლის შესაბამის პერიოდში 106 მლნ დოლარი იყო. ზრდა 21.6%-ს შეადგენს. ასევე, თითქმის 65%-მდეა გაზრდილი რუსეთის წილი ქართული ღვინის მთლიან ექსპორტში. გასულ წელს საქართველომ რეკორდული ღირებულების ღვინო გაიტანა ექსპორტზე და რუსეთის წილი მთლიან ექსპორტში 57%-მდე შეამცირა. გასულ წლებში რუსეთის წილი ღვინის ექსპორტში 60%-ის ფარგლებში იყო.
თიბისი კაპიტალის ინფორმაციით, ქართული ღვინო ყველაზე ძვირი იაპონიაში, აშშ-სა და გერმანიაში ღირს. 2021 წელს საექსპორტო ბაზრებზე ღვინის ფასი წლიურად გაიზარდა. შედეგად, ერთი ლიტრი ქართული ღვინის საშუალო ფასმა უკრაინაში 2.62 დოლარი შეადგენდა, რუსეთში ღვინის საშუალო ფასი 2.76 დოლარი იყო. ყველაზე ძვირად საქართველოში წარმოებული ღვინო იაპონიაში იყიდება და ლიტრის საშუალო ფასი 7 დოლარს აღწევს. რაც შეეხება ქართული ღვინის პრიორიტეტულ ბაზრებს, პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებს აქ ლიტრის საშუალო ფასი 2.78-დან 3.28 დოლარს შორის მერყეობს. ჩინეთში ლიტრის საშუალო ფასი 3.73 დოლარს შეადგენს, ხოლო აშშ-ში - 6.38 დოლარს.