მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

“ისეთი აქტივობა არ იყო, რასაც ველოდით” - მეხუზლა ღვინის მარკეტინგის სუბსიდირების პროგრამაზე

64329b5a39d84
ნანუკა ნარიმანიძე
09.04.23 15:48
724
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავჯდომარის ლევან მეხუზლას განცხადებით, საექსპორტო ბაზრებზე ღვინის პოპულარიზაციის მიზნით 2021 წელს გამოცხადებული მარკეტინგული კამპანიის სუბსიდირების პროგრამაში, ღვინის კომპანიების მხრიდან ისეთი აქტივობა არ იყო, როგორსაც ელოდნენ. Ამის შესახებ მან გადაცემა “საქმის კურსში” ისაუბრა.

Ლევან მეხუზლამ აღნიშნა, რომ პროგრამის პირობები ბევრმა კომპანიამ ვერ დააკმაყოფილა, ამიტომ აღნიშნული გამოცდილების გათვალისწინებით, სუბსიდირების პროგრამაში ცვლილელბები შევა.

„ჩვენი პროექტის ფარგლებში პირველ შედეგებს განვიხილავთ, შარშანდელი შედეგების მიხედვით შევიტანთ ცვლილებებს და ამ პროგრამას მომავალი წლისთვის კიდევ ერთხელ გამოვაცხადებთ.

სამწუხაროდ, პროგრამაში ისეთი აქტივობა არ იყო, როგორსაც ველოდებოდით. შემოვიდა ბევრი განაცხადი, მაგრამ პროგრამისთვის გათვალისწინებული პირობები ბევრმა ვერ დააკმაყოფილა. ჩვენ ყველა იმ კომპანიასთან, რომლისგანაც გვქონდა განაცხადები მიღებული, ინდივიდუალურად ვმუშაობთ იმ მიზეზებზე, რამაც პირობების დაუკმაყოფილებლობა გამოიწვია, ამიტომ, ვიმედოვნებთ, რომ წელს მეტი აქტიურობა იქნება განაცხადების მიღების მიზნით, მომავალ წელს კი მეტი კომპანია დააკმაყოფილებს იმ პირობებს, რომელიც ამ პროგრამითაა გათვალისწინებული“, - განმარტა მან.


ცნობისთვის: საქართველოს მთავრობამ ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით, 2021 წლის სექტემბერში „ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა“ დაამტკიცა. პროგრამის მიზანი საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის, კონკურენტუნარიანობისა და ცნობადობის გაზრდა, სტრატეგიული და პრიორიტეტული საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებაა. პროგრამას სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კოორდინაციით ახორციელებს.

პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარებს აუნაზღაურდებათ მარკეტინგული ხარჯები (გარდა საქართველოსა და დსთ-ის ქვეყნებში გაწეული ხარჯებისა), შემდეგი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში:

ბენეფიციარი მოახდენს მეტი ლიტრი ღვინის ექსპორტს მიმდინარე კალენდარულ წელს, ვიდრე ექსპორტირებული აქვს წინა კალენდარულ წელს;

ბენეფიციარი მიმდინარე საანგარიშო პერიოდში უზრუნველყოფს მეტი მარკეტინგული ხარჯის გაწევას, ვიდრე გაწია წინა საანგარიშო პერიოდში;

პროგრამით თითოეულ ბენეფიციარზე კალენდარული წლის მანძილზე გასაცემი ანაზღაურების მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრება არა უმეტეს 600 000 ლარით. პროგრამის ფარგლებში არ დაიანგარიშება საქართველოსა და დსთ-ს ქვეყნებში გაყიდული ღვინო და მარკეტინგული ხარჯები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები