მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

15-20 მარტი: TOP-10 ეკონომიკური მოვლენა

605729737390b
ირაკლი მაკალათია
21.03.21 15:31
1313
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის ერთკვირიანი ვიზიტი უშედეგოდ დასრულდა. დანიელსონმა საქართველო დატოვა. ოპოზიციურ პარტიებსა და ხელისუფლებას შორის მიმდინარე მოლაპარაკებების წარუმატებლად დამთავრების შემდეგ კი, ოპოზიციამ გუშინ, 20 მარტს, სამოქმედო გეგმა გააჟღერა - ის მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის. ოპოზიციის ლიდერების ინფორმაციით, 15 მაისს რუსთაველის გამზირზე კვლავ შეიკრიბებიან. საქართველოში პოლიტიკური კრიზისი გრძელდება.

პოზიტიური სიახლეები არც ქვეყნის ეკონომიკაში შეინიშნება. პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი კვლავ ძალაშია, მათ შორის, "კომენდანტის საათი", რომლის მოხსნასაც ბიზნესი ითხოვს, მაგრამ - უშედეგოდ.

ჯერჯერობით წარმატებულად არც ვაქცინაცია მიმდინარეობს. ახალციხეში მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ პროცესი უფრო გართულდა; არადა ახლა ყველაზე მთავარი სწორედ ვაქცინაციის სწრაფი ტემპია, რადგან სხვა შემთხვევაში, ქვეყანა ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს კიდევ დიდხანს ვერ დაუბრუნდება. შეზღუდვები და მორიგი "ლოქდაუნი" კი ისედაც უკვე ღრმა ეკონომიკურ კრიზისში მყოფი საქართველოსთვის რთულად გადასალახავი იქნება. 


გთავაზობთ გასული კვირის (15 – 20 მარტი, 2021) TOP-10 ეკონომიკურ მოვლენას:


1. 2020 წლის IV კვარტალში საქართველოში საშუალო ნომინალურმა ხელფასმა თვეში 1 314.7 ლარი შეადგინა;
2. თებერვალში ფულადი გზავნილების მოცულობა წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 17.5%-ით გაიზარდა;
3. 2021 წლის იანვარ-თებერვლის საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლები;
4. ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებით, რეფინანსირების განაკვეთი 8.5%-მდე გაიზარდა;
5. რა მოლოდინია საწვავის ფასის ცვლილებაზე?
6. თებერვალში ელექტროენერგიის მოხმარება 5%-ით შემცირდა, ხოლო მისი იმპორტი 32%-ით გაიზარდა;
7. აღდგენილი კულტურისა და სპორტის სამინისტრო 300,7-მილიონიანი ბიუჯეტით;
8. 12 აპრილს საქართველოს მთავრობას $500 მილიონი დოლარის მოცულობის 10-წლიანი ევროობლიგაციების დაფარვა უწევს;
9. საერთაშორისო ფონდ "კურაციოს" და Galt & Taggart-ის საქართველოს ჯანდაცვის სექტორის შესახებ ერთობლივი ანგარიში;
10. ევროკავშირისგან მისაღები 75 მილიონი ევროს დახმარება, რომელიც რეფორმების შესრულებაზეა დამოკიდებული.



1. 2020 წლის IV კვარტალში საქართველოში საშუალო ნომინალურმა ხელფასმა თვეში 1 314.7 ლარი შეადგინა

2020 წლის IV კვარტალში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.4%-ით (5.0 ლარით) შემცირდა და 1 314.7 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით, ყველაზე მაღალი ხელფასი პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (2 319.9 ლარი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირდა 7.3%-ით), ასევე ინფორმაციისა და კომუნიკაციის (2 257.2 ლარი, გაიზარდა 6.9%-ით) დარგებში ფიქსირდება.

პანდემიის გამო დაწესებული სამთავრობო შეზღუდვების შედეგად, 100 ათასზე მეტმა ადამიანმა დაკარგა სამსახური და შემოსავლები, ხოლო სექტორებში, სადაც მეტ-ნაკლებად გაუძლეს კრიზისს, აქ დასაქმებულთა საშუალო ხელფასი თითქმის იმავე დონეზე დარჩა, რაც წინა წელს. ამავე დროს 2020 წელს საშუალო ხელფასის დონის შენარჩუნება მნიშვნელოვნად იყო დამოკიდებული იმაზე, რომ სამსახურებს ძირითადად დაბალშემოსავლიანი ადამიანები კარგავდნენ, რამაც საშუალო ხელფასის მოცულობა დააკომპენსირა. ამავე დროს, მნიშვნელოვანია, რომ გასული წლის განმავლობაში სურსათისა და პირველადი მოხმარების პროდუქტებზე იყო მაღალი ინფლაციის მაჩვენებელი, რაც იმას ნიშნავს, რომ მიუხედავად საშუალო ხელფასის ნომინალური მაჩვენებლის თითქმის იმავე დონეზე შენარჩუნებისა, მისი მსყიდველუნარიანობა მკვეთრად შემცირდა.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/38YySfb 

2. თებერვალში ფულადი გზავნილების მოცულობა წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 17.5%-ით გაიზარდა

ეროვნული ბანკის მონაცემებით 2021 წლის თებერვალში საქართველოში 161.4 მლნ აშშ დოლარის მოცულობის ფულადი გზავნილები შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე 17,5%-ით მეტია. გადმორიცხული თანხის 44,0% ევროკავშირის ქვეყნებიდან მოდის, ხოლო ქვეყნებს შორის ლიდერი იტალიაა (28.55 მლნ აშშ დოლარი).
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3lwtswQ 

3. 2021 წლის იანვარ-თებერვლის საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლები

2021 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 1 654.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 12.0%-ით ნაკლებია. ექსპორტი 6,8%-ით შემცირდა და 94.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 14,1%-ით შემცირდა 1 159.3 მლნ აშშ დოლარამდე. მართალია, ამ პერიოდში უარყოფითი სავაჭრო ბალანსი შემცირდა, თუმცა ეს განპირობებულია იმპორტის უფრო მეტად შემცირებით, ვიდრე - ექსპორტის.

უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნებია: რუსეთი (71.1 მლნ აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (66.4 მლნ აშშ დოლარი) და ჩინეთი (53.8 მლნ აშშ დოლარი); ხოლო უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყნებია: თურქეთი (203.3 მლნ აშშ დოლარი), ჩინეთი (139.9 მლნ აშშ დოლარი) და რუსეთი (131.6 მლნ აშშ დოლარი). მთავარი საექსპორტო საქონელი ტრადიციულად არის: სპილენძის მადნები და კონცენტრატები (19,1%); ფეროშენადნობები (10,5%) და მსუბუქი ავტომობილები (10,1%). ხოლო უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები იმპორტში შემდეგია: მსუბუქი ავტომობილები (8,5%); ნავთობის აირები (7,8%); ნავთობი და ნავთობპროდუქტები (7,2%) და სპილენძის მადნები (5,1%).
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3cRmdMe ; https://bit.ly/3r3m1hN 

4. ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებით, რეფინანსირების განაკვეთი 8.50%-მდე გაიზარდა

2021 წლის 17 მარტს რეფინანსირების განაკვეთის 50 საბაზისო პუნქტით გაიზარდა და 8.50% შეადგინა. აღნიშნული გადაწყვეტილება ეროვნულმა ბანკმა მოსალოდნელი მაღალი ინფლაციის გამო მიიღო, რომელმაც თებერვალში 3.6% შეადგინა, თუმცა კომუნალური გადასახადების სუბსიდირების დასრულების შემდეგ მაღალი ინფლაციის დონეა მოსალოდნელი. არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკების’’ ინფორმაციით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 124 300 სესხია გაცემული, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული, შესაბამისად, მათ სესხი გაუძვირდათ.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3twdkym ; https://bit.ly/38YCiyG 

5. რა მოლოდინია საწვავის ფასის ცვლილებაზე

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, „დღეისათვის ნავთობის ფასებმა პანდემიამდელ ნიშნულებს გადააჭარბა“. ფასების ზრდის მიზეზს, საერთაშორისო ბაზარზე ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე ფასების მატება და დოლართან მიმართებით ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურება წარმოადგენს. საწვავზე ფასების ზრდის შემცირების ერთადერთ ბერკეტად კი ნავთობპროდუქტებზე აქციზის განაკვეთის შემცირებას ასახელებენ.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3s76Khf ; https://bit.ly/3f0aIEJ ; https://bit.ly/38ZrQqq 

6. თებერვალში ელექტროენერგიის მოხმარება 5%-ით შემცირდა, ხოლო მისი იმპორტი 32%-ით გაიზარდა

2021 წლის თებერვალში საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი 32%-ით გაიზარდა, რისი მიზეზიც “ენგურჰესის" სარეაბილიტაციოდ გაჩერება იყო. იმპორტი რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან განხორციელდა. თავის მხრივ ეკონომიკური აქტივობის კლებასთან ერთად თებერვალში 5%-ით შემცირდა ელექტროენერგიის მოხმარება. გასულ კვირას დედაქალაქსა და რეგიონებში ასიათასობით აბონენტი უშუქოდ დარჩა, მიზეზი ელექტროგადამცემი ხაზის, „მესხეთის“ გამორთვა იყო, რის გამოც თურქეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი შეწყდა.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3f1gPcc ; https://bit.ly/3c7EXrq ; https://bit.ly/314zVWo 

7. აღდგენილი კულტურისა და სპორტის სამინისტრო 300,7 მლნ ლარის ბიუჯეტით

საქართველოს პარლამენტმა კულტურისა და სპორტის სამინისტროს აღდგენის საკანონმდებლო პაკეტს მხარი დაუჭირა - 79 - მომხრე, 0 - წინააღმდეგ. წლების წინ მცირე მთავრობის კონცეფციის განხორციელება იმით გრძელდება, რომ კვლავ ძველ კალაპოტს ვუბრუნდებით, კიდევ უფრო იზრდება სახელმწიფო სტრუქტურების ზომა და ხარჯები. 2021 წლისთვის სამინისტროს დაფინანსება 300.7 მილიონ ლარზე მეტი იქნება.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3lyQOC6 ; https://bit.ly/3vL2k1Q

8. 2021 წლის 12 აპრილს საქართველოს მთავრობას $500 მილიონი დოლარის მოცულობის 10-წლიანი ევროობლიგაციების დაფარვა უწევს

2008 წელს გამოშვებული $500-მილიონიანი ევროობლიგაციების რეფინანსირება მთავრობამ 2011 წელს საერთაშორისო საფინანსო ბაზარზე განთავსებული ფასიანი ქაღალდების მეშვეობით მოახდინა. 2021 წლის 12 აპრილს საქართველოს მთავრობას 10-წლიანი ევროობლიგაციების დაფარვა უწევს. ევროობლიგაციების გამოშვების უზრუნველყოფის მიზნით შეარჩიეს უმაღლესი ქულის მქონე სამი ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო საინვესტიციო ბანკი და მთავრობას დასამტკიცებლად წარედგინება ხელშეკრულებები.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3cPKzpK

9. საერთაშორისო ფონდ "კურაციოს" და Galt & Taggart-ის საქართველოს ჯანდაცვის სექტორის შესახებ ერთობლივი ანგარიში

საერთაშორისო ფონდ "კურაციოს" და Galt & Taggart-ის ერთობლივი ანგარიშის მიხედვით საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გადახარჯვამ შესწავლილი შვიდი წლის მანძილზე ჯამურად, დაახლოებით, 350 მლნ ლარი ანუ დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით 8%-ით მეტი შეადგინა, ხოლო ზედმეტი დანახარჯი ნაწილობრივ იფარება ჯანმრთელობის დაცვის სხვა პროგრამების ხარჯზე. სექტორის მომგებიანობის მაჩვენებლები 2015 წლიდან უარესდება, ხოლო სახელმწიფო დანახარჯები ჯანდაცვაზე მუდმივად მზარდი და არაკონტროლირებადია.

სამედიცინო სექტორის მრავალჯერ მიმართვის შემდეგ, ჯანდაცვის სამინისტრომ კლინიკების ტარიფების ახლებურად გაანგარიშებაზე მუშაობა დაიწყო, რომლის მიზეზიც დარგში გაძვირებული ფასებია. გაუფასურებული ლარი, სამედიცინო მომსახურებისათვის გასაწევი აუცილებელი სახარჯი მასალების გაძვირება, აპარატურის მაღალი ღირებულება, შემცირებული მიმართვიანობა კლინიკებში და გაზრდილია კომუნალური ხარჯები.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3r4cN4T ; https://bit.ly/3vL45w7 ; https://bit.ly/3vN372f

10. ევროკავშირისგან მისაღები 75 მილიონი ევროს დახმარება, რომელიც რეფორმების შესრულებაზე დამოკიდებული

ევროკავშირმა საქართველოს, ჯამში, 150 მილიონი ევროს ფინანსური დახმარება გამოუყო, რომლის პირველი ნახევარი საქართველომ 2020 წლის ნოემბერში მიიღო, ხოლო იმისთვის, რომ მეორე ნახევარიც მიიღოს, ევროკავშირთან ხელშეკრულებით ნაკისრი რეფორმები უნდა გაატაროს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და ქვეყნაში სტაბილური პოლიტიკური კლიმატის მისაღწევად.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3tFrtct