მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი მაკალათია: პრივატიზაციის პოლიტიკა მოდაშია, თუმცა შედეგები სხვაა

ირაკლი მაკალათია
26.03.24 10:25
618

ეკონომიკის დოქტორი ირაკლი მაკალათია ამბობს, რომ პრივატიზაციის 200 მილიონ ლარიანი გეგმა მიზერულია, რადგან სახელმწიფო საკუთრებაში მთლიანი ეკონომიკური აქტივების 70-80% რჩება.

როგორც ეკონომისტმა BMGTV-ს გადაცემა „წერტილში“ განაცხადა, მთავრობის წარმომადგენლები პრივატიზაციას პრიორიტეტად ასახელებენ, თუმცა შედეგები განსხვავებულია და არსებული პოტენციალის გამოყენება არ ხდება.

„200 მილიონი ლარი მიზერული წილია იმ მთლიანი აქტივებიდან, რასაც სახელმწიფო ფლობს. პრივატიზაცია არის ეკონომიკური პოლიტიკა, რასაც მთავრობა ატარებს და წინა ხელისუფლებაც ატარებდა. მსგავსი მიდგომებია, შეიძლება მეტ-ნაკლებად უკეთესი ან უარესი შედეგებით. ეკონომიკის ყველა მინისტრის პირველი განცხადება იყო, რომ პრივატიზაცია პრიორიტეტია, მოდაშია, რომ პრივატიზაცია აქტუალურია, თუმცა შედეგები სხვაა. 100-მილიონიანი გეგმა თუ დაისახე და 150 მილიონის გაყიდე, 50%-იანი ზრდა გაქვს. ეს კი იქნება ფურცელზე დაწერილი გეგმის გადაჭარბებით შესრულება, მაგრამ რა პოტენციალიც გვაქვს უმოქმედო აქტივების ეკონომიკაში ჩართვის თვალსაზრისით, ამის გამოყენება არ ხდება“, - ამბობს ირაკლი მაკალათია.

2023 წელს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 425 მილიონი ლარის ღირებულების უძრავი ქონება გაყიდა, მათ შორის განწილვადებით, ამიტომ შარშან მათი პრივატიზაციიდან სააგენტომ, ჯამში, 279,5 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო. ინფორმაცია BMG-მ ქონების ეროვნული სააგენტოსგან გამოითხოვა. როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშიდან ირკვევა, პრივატიზაციიდან შარშან ბიუჯეტში 203 მლნ ლარი შევიდა, როცა წლიური გეგმა 200 მლნ ლარი იყო ანუ წლიური გეგმა მცირედი გადაჭარბებით შესრულდა. 279,5 მლნ ლარიდან დანარჩენი თანხა კი, სავარაუდოდ, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტში დარჩა. 2024 წელს მთავრობა სახელმწიფო ქონების პრივატიზაციიდან ბიუჯეტში 200 მლნ ლარის მობილიზებას გეგმავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები