ფინანსთა სამინისტროს ხაზინამ 2023 წლის ბიუჯეტის 9 თვის შესრულების ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, სახელმწიფო ქონების პრივატიზებიდან მიღებულმა შემოსავალმა 9 თვეში 102.6 მილიონი ლარი შეადგინა, რაც გეგმასთან 122 მილიონ ლართან შედარებით 16%-ით, ანუ 19 მილიონი ლარით ნაკლებია.
მთლიანად 2023 წლის განმავლობაში პრივატიზების გეგმა 200 მილიონ ლარს შეადგენს, შესაბამისად, წლის ბოლო კვარტალში სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 97.3 მილიონი ლარის ღირებულების ქონება უნდა გაყიდოს, წინააღმდეგ შემთხვევაში გეგმით გათვალისწინებულ მაჩვენებელზე გასვლა ვერ მოხდება.
რაც შეეხება ბიუჯეტის სხვა შემოსავლებს, ის გადაჭარბებით შესრულდა. 9 თვეში დაგეგმილი იყო 12.2 მილიარდი ლარის გადასახადების აკრეფა, ფაქტობრივმა შესრულებამ კი 12.36 მილიარდი ლარი შეადგინა.
გადასახადებს შორის ყველაზე დიდი მოცულობით ხაზინამ დღგ აკრიფა, დეტალურად საგადასახადო შესრულება ასე ნაწილდება:
დამატებული ღირებულების გადასახადი - 4.98 მილიარდი ლარი, 9 თვის გეგმის 102%;
საშემოსავლო გადასახადი - 4.17 მილიარდი ლარი, 9 თვის გეგმის 105.9%;
მოგების გადასახადი - 1.58 მილიარდი ლარი, 9 თვის გეგმის 100.5%;
აქციზის გადასახადი - 1.60 მილიარდი ლარი, 9 თვის გეგმის 106%;
იმპორტის გადასახადი - 114 მილიონი ლარი, 9 თვის გეგმის 125%.
ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, ასევე გეგმასთან შედარებით გადაჭარბებით შესრულდა საერთაშორისო დონორებისგან მისაღები გრანტების პუნქტი. 9 თვეში 156 მილიონის გრანტების მიღება იყო გათვალისწინებული, ფაქტობრივად ჩარიცხული თანხები კი 240.7 მილიონი ლარია.