მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფო ქონების პრივატიზებისთვის მობილური აპლიკაცია ამოქმედდება - მინისტრი

ლევან დავითაშვილი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, სახელმწიფო ქონების პრივატიზებისთვის მობილური აპლიკაცია შეიქმნება. ამის შესახებ დავითაშვილმა პარლამენტში 5 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ახალი სისტემა მოქალაქეებს პრივატიზების პროცესში უფრო მარტივად მონაწილეობის შესაძლებლობას მისცემს.

“ვაგრძელებთ პროექტს 100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს, რომლის ფარგლებშიც 100 ქონება ბიზნესს სახელმწიფოს მხრიდან პროაქტიურად შეეთავაზება და 2019-2023 წლებში ამ პროგრამით 900-ზე მეტი ობიექტის გაყიდვა მოხდა, საიდანაც ნახევარ მილიარდ ლარზე მეტის მობილიზება მოხდა. საგულისხმოა ის გარემოება, რომ 2024 წელს უკვე გასხვისებულია 36 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ქონება. ჩვენ არ ვივიწყებთ სერვისების გაუმჯობესებასაც ამ მიმართულებით და ამოქმედდება მობილური აპლიკაცია იმისთვის, რათა მოქალაქეებმა უფრო იოლად იყიდონ და მიიღონ ამ პროცესში მონაწილეობა,”- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

2024 წელს ეკონომიკის სამინისტრო სახელმწიფო ქონების პრივატიზაციიდან 2023 წლის მსგავსად 200 მილიონი ლარის მობილიზებას გეგმავს.

არსებული მდგომარეობით, სახელმწიფო ქონების პრივატიზაცია ვებგვერდ eAuction.ge-ის მეშვეობით ხორციელდება, რომელიც ჯერ კიდევ 2010 წელს შეიქმნა და მას შემდეგ თითქმის უცვლელი დიზაინით ოპერირებს.

უცნობია როდის გეგმავს ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო აუქციონის ახალი მობილური პორტალის ამოქმედებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები