მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფო საწარმოების პრივატიზებისთვის სააგენტოს გეგმა და მკაფიო კრიტერიუმები არ აქვს - აუდიტი

პრივატიზაცია

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო სახელმწიფო საწარმოების პრივატიზებას წინასწარ განსაზღვრული გეგმისა და მკაფიო კრიტერიუმების გარეშე ახორციელებდა, რაც პროცესის გამჭვირვალობასთან დაკავშირებულ კითხვებს აჩენს, - ამის შესახებ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული კომპანიების მართვის ეფექტიანობასთან დაკავშირებით აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშში არის აღნიშნული.

აუდიტის დასკვნით, სააგენტოში არ იყო შემუშავებული წესები, რომლებითაც განისაზღვრებოდა, კონკრეტულად რომელი საწარმოს პრივატიზება იყო მიზანშეწონილი და რა საფუძვლით უნდა მიეღოთ შესაბამისი გადაწყვეტილება.

აუდიტის ანგარიშის მიხედვით, 2022-2025 წლებში სააგენტომ აუქციონის გზით გასაყიდად 9 სახელმწიფო საწარმო გაიტანა, თუმცა მათგან მხოლოდ სამ შემთხვევაში მოხერხდა სახელმწიფოს კუთვნილი წილების რეალიზება. 2022 წელს გაიყიდა ორი საწარმოს 25%-იანი და 20%-იანი წილები, შესაბამისად, 87 ათას და 154 ათას ლარად. 2023 წელს კი ერთ საწარმოში სახელმწიფოს კუთვნილი 60%-იანი წილი 197.5 ათას ლარად გაიყიდა. დანარჩენი ექვსი საწარმოს წილების გასხვისება აუქციონზე ვერ მოხერხდა.

სააგენტოს განმარტებით, პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება ეფუძნებოდეს როგორც საწარმოს ფინანსურ მაჩვენებლებს, ისე გარე დაინტერესებას, როდესაც კონკრეტული კომპანიის შეძენის მსურველი სააგენტოს მიმართავს. თუმცა, აუდიტის სამსახურის შეფასებით, შემოწმების შედეგად ვერ მოიპოვა საკმარისი და დასაბუთებული მტკიცებულებები, რომლებიც აჩვენებდა, რა საფუძვლით იღებდა სააგენტო კონკრეტული საწარმოს პრივატიზების გადაწყვეტილებას.

აუდიტის სამსახური მიიჩნევს, რომ პრივატიზების პროცესის გამჭვირვალობისა და გადაწყვეტილებების დასაბუთებულობის გასაუმჯობესებლად სააგენტომ უნდა შეიმუშაოს სახელმწიფო საწარმოების პრივატიზების გეგმა და განსაზღვროს მკაფიო კრიტერიუმები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები