მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქონების სააგენტო სახელმწიფო საწარმოების მართვას სრულფასოვნად ვერ უზრუნველყოფს - აუდიტი

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ათეულობით სახელმწიფო საწარმოს მართვაზეა პასუხისმგებელი, თუმცა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნით, სააგენტო ამ მიმართულებით დაკისრებულ ფუნქციებს სრულყოფილად ვერ ასრულებს. აუდიტის შედეგად გამოვლინდა ხარვეზები როგორც საწარმოების ფინანსურ მდგრადობაში, ისე მათ მართვასა და კონტროლში. ანგარიშის თანახმად, სააგენტოს მართვაში არსებული კომპანიების ნაწილი ზარალზე მუშაობს, ხოლო შვილობილი საწარმოების ფინანსური მდგომარეობის მონიტორინგი სააგენტომ მხოლოდ 2025 წელს დაიწყო.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშის მიხედვით, სააგენტოს მართვაში 63 სახელმწიფო საწარმოა, რომელთაგან 44 ფუნქციონირებს, 19-ს კი უფუნქციო სტატუსი აქვს. ფუნქციონირებადი საწარმოებიდან სამეთვალყურეო საბჭო მხოლოდ ხუთს აქვს. სააგენტოს მართვის უფლებით სხვადასხვა სახელმწიფო ორგანიზაციისთვის კიდევ 25 საწარმო აქვს გადაცემული.

აუდიტის მიხედვით, სახელმწიფო საწარმოების არაეფექტიანმა მართვამ შესაძლოა გაზარდოს საბიუჯეტო ხარჯები, შექმნას დამატებითი დაფინანსებისა და სესხების საჭიროება და უარყოფითად იმოქმედოს ქვეყნის ფისკალურ მდგრადობაზე.

„ემ თი ეი“ ოთხ წელიწადში ბიუჯეტიდან 345 მილიონ ლარზე მეტით დაფინანსდა

სახელმწიფოს 100%-იანი წილის მქონე შპს „ემ თი ეი“, რომელიც სამთო-სათხილამურო კურორტების, საბაგირო გზებისა და სათხილამურო ტრასების მოვლა-პატრონობასა და განვითარებაზეა პასუხისმგებელი, სახელმწიფოს ფინანსურ მხარდაჭერაზეა დამოკიდებული.

აუდიტის ანგარიშის მიხედვით, 2022-2025 წლებში კომპანიას სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჯამში 345.229 მილიონი ლარი გადაერიცხა. თანხა ძირითადად საბაგირო გზებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას, ტრასების გათოვლიანების სისტემებსა და სხვა სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებს მოხმარდა. ამასთან, 2025 წელს კომპანიას 14 მილიონი ლარი საოპერაციო ხარჯების, შეუფერხებელი ფუნქციონირებისა და ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად გადაერიცხა.

კომპანიის ფინანსური შედეგებიც ზარალზე მიუთითებს. 2023 წლის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, „ემ თი ეი“-ს სრულმა ზარალმა 2022 წელს 13 მილიონი ლარი, ხოლო 2023 წელს 7.6 მილიონი ლარი შეადგინა.

აუდიტორის დასკვნაში აღნიშნულია, რომ კომპანიის საქმიანობის გაგრძელება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სახელმწიფოს დაფინანსებაზე. თავად კომპანიის განმარტებით, ზამთრის კურორტებიდან მიღებული შემოსავლები ვერ ფარავს როგორც კაპიტალურ, ისე საოპერაციო ხარჯებს. კომპანია ასევე მიუთითებს, რომ მისი არასაოპერაციო ხარჯების ნაწილი სამთავრობო უწყებებისა და მუნიციპალიტეტებისთვის აბონემენტების უსასყიდლოდ მიწოდებას უკავშირდება.

„აქტივების მართვისა და განვითარების კომპანია“ ზარალზეა, მიუხედავად სახელმწიფო ქონებიდან მიღებული შემოსავლებისა

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 100%-იანი წილით შექმნილი „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანია“ სახელმწიფო ქონების მართვას, მოვლა-პატრონობასა და რეალიზაციას, ასევე მის კაპიტალში შეტანილი იურიდიული პირების კორპორაციულ მართვას ახორციელებს.

აუდიტის ანგარიშის მიხედვით, კომპანიამ 2023 წელი 15.2 მილიონი ლარის ზარალით, ხოლო 2024 წელი 1.3 მილიონი ლარის ზარალით დაასრულა. ამავე პერიოდში შრომის ანაზღაურების ხარჯმა 2023 წელს 3.6 მილიონი ლარი, 2024 წელს კი 4.2 მილიონი ლარი შეადგინა.

კომპანიის შემოსავლების წყაროებს შორისაა უძრავი ქონებისა და მობილურ ოპერატორებზე გაცემული იჯარებიდან მიღებული თანხები, ასევე სახელმწიფო ქონების რეალიზაცია. თუმცა, აუდიტის შეფასებით, ამ შემოსავლების არსებობის მიუხედავად, კომპანია ფინანსურ მდგრადობას ვერ უზრუნველყოფს.

ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია შტატგარეშე თანამშრომლების ნაწილზეც. აუდიტის მიხედვით, საჭიროა მათი ფუნქცია-მოვალეობების რეალური საჭიროებისა და კომპანიის საქმიანობის მიზნებთან შესაბამისობის სიღრმისეული შეფასება.

2022-2025 წლებში კომპანიას სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხები სხვადასხვა მიზნისთვის გადაერიცხა. მათ შორის, 2024 წელს 14 მილიონი ლარი ქუთაისში ყოფილი პარლამენტის შენობის ფასადის მედიაგანათების პროექტირება-მშენებლობის დასაფინანსებლად მიიღო. ამ თანხიდან 7.5 მილიონი ლარის სამუშაოებზე ხელშეკრულება გაფორმდა, 4.7 მილიონი ლარის გადარიცხვა კი კულტურის სამინისტროს მართვაში არსებულ კომპანია „სთარინგ ჯორჯიას“ დაევალა. დარჩენილი 1.7 მილიონი ლარი კომპანიის ანგარიშზე ირიცხებოდა, სააგენტოს განმარტებით, სახელმწიფო ქონების მოვლა-პატრონობის ხარჯების დასაფინანსებლად.

აუდიტის სამსახური მიიჩნევს, რომ ბიუჯეტიდან მიღებული თანხები მხოლოდ თავდაპირველად განსაზღვრული მიზნებისთვის უნდა გამოიყენებოდეს. დარჩენილი თანხის შემთხვევაში კი საჭიროა მისი ბიუჯეტში დაბრუნება ან შესაბამისი ნორმატიული დოკუმენტით შემდგომი განკარგვის მიზნებისა და საჭიროების განსაზღვრა.

შვილობილი საწარმოების უმეტესობა უარყოფითი შედეგებით მუშაობს

„აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიას“ 12 შვილობილი საწარმო ჰყავს, რომელთაგან აუდიტის ანგარიშის მიხედვით, მხოლოდ ექვსი ფუნქციონირებს. მათგან რამდენიმე ბოლო წლებში ზარალზე მუშაობდა, მიუხედავად კაპიტალში განხორციელებული შენატანებისა.

მაგალითად, შპს „საქსპეცტრანსმა“ 2022 წელს 798 ათასი ლარის, 2023 წელს 868 ათასი ლარის, ხოლო 2024 წელს 473.5 ათასი ლარის ზარალი მიიღო. შპს „საქართველოს მაღალი ტექნოლოგიების ეროვნულმა ცენტრმა“ 2024 წელი 3.571 მილიონი ლარის ზარალით დაასრულა, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას სხვადასხვა დანიშნულებით ფინანსური რესურსი და ქონება გადაეცა.

აუდიტის ანგარიშის მიხედვით, მაღალი ტექნოლოგიების ეროვნულ ცენტრს 2023 წელს 9.159 მილიონი ლარის ღირებულების უძრავი ქონება გადაეცა, ხოლო 2024 წელს მის კაპიტალში 710 ათასი და 400 ათასი ლარი შეიტანეს ადმინისტრაციული და საწარმოო დანადგარების შეკეთებისა და მოვლა-პატრონობის ხარჯების დასაფინანსებლად. ამასთან, 2023-2024 წლებში კომპანიამ 1.25 მილიონი ლარის სესხების აღებაზე თანხმობაც მიიღო.

უარყოფითი ფინანსური შედეგები დაფიქსირდა სხვა შვილობილ საწარმოებშიც. „წყალტუბოს თერმულმა წყლებმა“ 2024 წელი 1.699 მილიონი ლარის ზარალით დაასრულა, ხოლო „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ ზარალმა იმავე წელს 1.715 მილიონი ლარი შეადგინა. ამ კომპანიების ფინანსურ მაჩვენებლებში წლიდან წლამდე ცვლილებები იყო, თუმცა აუდიტი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ შვილობილ საწარმოებში რესურსების დამატებით შეტანა ყოველთვის არ აისახებოდა მდგრად ფინანსურ შედეგებში.

აუდიტის სამსახურის შეფასებით, სააგენტოს მხრიდან დამატებით მონიტორინგსა და შეფასებას საჭიროებს შვილობილი საწარმოების კაპიტალური სამუშაოებისთვის მიღებული დაფინანსება. ასევე მნიშვნელოვანია შეფასდეს, რამდენად მიზანშეწონილია უძრავი ქონების გასხვისება იმ საწარმოებში, რომლებიც ზარალზე მუშაობენ, და ხომ არ ამცირებს ასეთი გადაწყვეტილებები საწარმოების, შესაბამისად კი სახელმწიფოს, ქონებრივ ბაზას.

სააგენტოს მონიტორინგი მხოლოდ 2025 წლიდან გაფართოვდა

აუდიტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიგნება შვილობილი კომპანიების კონტროლს უკავშირდება. სააგენტო მანამდე არ ახორციელებდა მის მართვაში არსებული საწარმოების შვილობილი კომპანიების საქმიანობის მონიტორინგსა და შეფასებას. 2025 წლიდან სააგენტომ მათი ინდივიდუალური ფინანსური ანგარიშგებების გამოთხოვა დაიწყო, რაც აუდიტის ანგარიშში ამ მიმართულებით კონტროლის უზრუნველყოფის საწყის ეტაპად არის შეფასებული.

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ საწარმოებისთვის დადგენილი მოთხოვნები ითვალისწინებს ფინანსური ანგარიშგებებისა და ბიზნესგეგმების წარდგენას, მათ შორის, საპროგნოზო წლისა და მომდევნო სამი წლის განვითარების გეგმებს. ბიზნესგეგმებში უნდა აისახოს საწარმოების მიზნები, მოსალოდნელი შედეგები, ბაზრისა და რისკების ანალიზი, საჭირო ფინანსური რესურსები და კაპიტალური ხარჯების დასაბუთება.

თუმცა, აუდიტის მიერ გამოვლენილი შემთხვევები აჩვენებს, რომ ფორმალური დაგეგმვის მოთხოვნების არსებობა თავისთავად არ უზრუნველყოფს საწარმოების ფინანსურ მდგრადობას. „საქართველოს ფოსტის“ ბიზნესგეგმის ზოგადი ხასიათი, „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიის“ ზარალი და მისი შვილობილი საწარმოების უარყოფითი ფინანსური შედეგები მიუთითებს, რომ საჭიროა დაფინანსების მიზნობრიობის, მართვის გადაწყვეტილებებისა და მიღწეული შედეგების უფრო მკაფიო შეფასება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები