საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ მიმდინარე წლის III კვარტალის საპრივატიზებო გეგმა გადაჭარბებით შეასრულა.
უწყების მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, პრივატიზაციის შედეგად, სააგენტომ სახელმწიფო ბიუჯეტში, გეგმით გათვალისწინებული 40 მილიონი ლარის ნაცვლად, 70 126 367 ლარი გადარიცხა (გეგმის 175.3%). საანგარიშგებო პერიოდში სააგენტომ 198 ელექტრონული აუქციონი გამოაცხადა და 120 ერთეული უძრავი ქონება გაყიდა.
პრივატიზაციის მხრივ მთავრობა გააქტიურებას გეგმავს წყალტუბოს ყოფილი სანატორიუმების ხელახლა საპრივატიზაციოდ გამოტანის მხრივაც. უკვე გამოცხადდა 10 აუქციონი, რომლებშიც სანატორიუმები საერთო ჯამში 55 მილიონ ლარად იყიდება, თუმცა ამ ობიექტების შემძენს ადგილზე საერთო ჯამში არანაკლებ 285 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელება დაევალებათ. ათივე სანატორიუმის ჯამური ფართობი 395,090 კვადრატულ მეტრს შეადგენს, შესაბამისად ერთი კვადრატულის საშუალო ფასი 140 ლარს შეადგენს.
























