მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობამ სოლოლაკში 3,500 მ²-ის მიწის ნაკვეთი 7.7 მილიონ ლარად აუქციონის გარეშე გაყიდა

ეკო სოლოლაკი

საქართველოს მთავრობამ სოლოლაკში 3,500 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი აუქციონის გარეშე, პირდაპირი მიყიდვის წესით გაყიდა - მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, სოლოლაკში, გერგეტის შესახვევ N8-ში მდებარე უძრავი ქონება საკუთრებაში შპს "ეკო სოლოლაკს" გადაეცემა.

განკარგულების მიხედვით, უძრავი ქონება მოიცავს ერთმანეთის მომიჯნავედ არსებულ ორ მიწის ნაკვეთს (3,035 კვადრატული მეტრი და 450 კვადრატული მეტრი), შესაბამისად უშუალოდ მიწის სარეალიზაციო ღირებულება კვადრატულ მეტრზე 2,206 ლარს ანუ 809 დოლარს შეადგენს.

ამასთანავე, უძრავი ქონების შემძენი ვალდებულია, რომ ადგილზე მომდევნო 24 თვის განმავლობაში განახორციელოს არანაკლებ 1 მილიონი ლარის ინვესტიცია, ხოლო პროექტის განხორციელების საბანკო გარანტიის სახით, 28 თვის განმავლობაში ინვესტიციის ოდენობის 10%-ის გამოუხმობი გარანტია განათავსოს.

კომპანიას ასევე დაევალა ამ უძრავი ქონების წინა მესაკუთრეების - ჯორჯიანტრანზოილისა და თბილეკოტექმრეწვისთვის სახელმწიფოს წინაშე დაკისრებული ჯარიმები გადაიხადოს, თუმცა რა მოცულობის თანხაზე არის საუბარი დადგენილებაში მითითებული არაა.

ბიზნეს რეესტრის მონაცემებით, შპს "ეკო სოლოლაკი" 2023 წლის სექტემბერში დაფუძნდა და მას ექვსი აქციონერი ჰყავს, მათ შორის ფიზიკური პირები ელენა გუნცაძე, ქეთევან ცინცაბაძე, ნანა რუსიშვილი და როდიკო გოგუაძე 17%-17%-იან აქციებს ფლობენ, სანდრო კახნიაშვილის საკუთრებაშია კომპანიის 27%-იანი წილი, ხოლო ინგა გავვას საკუთრებაში კი 5%-იანი წილი.

კომპანიის დირექტორია სანდრო კახნიაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები