მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სითი მოლის" მფლობელმა ვაკეში ქონება ₾36 მილიონად იყიდა - საინვესტიციო ვალდებულება $20 მილიონია

ქონება

„სითი მოლის“ მფლობელმა კომპანიამ თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე 9 200 კვადრატულ მეტზე მეტი მიწა და მასზე განთავსებული შენობები 35 778 188 ლარად იყიდა.

როგორც BM.GE-მ გაარკვია, სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ მიერ გამოცხადებულ პირობიან ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული შპს სითი დეველოფმენტია. სამეწარმეო ამონაწერის თანახმად, ამ უკანასკნელის 100%-იანი წილი „სითი მოლის“ მფლობელ კომპანია შპს აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიას ეკუთვნის.

აუქციონში კომპანია ერთადერთი პრეტენდენტი იყო, რომელმაც ქონების ყიდვა საწყის 3 მლნ ლარიან ღირებულებაზე ერთი ბიჯით, 5 000 ლარით მეტად შეძლო. მან ეს შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 1 წლის ვადაში უნდა გადაიხადოს, თუმცა კომპანიამ დამატებით ბიუჯეტს 32 773 188 ლარი უნდა გადაუხადოს, რაც ქონების ჯამურ ღირებულებას 35 778 188 ლარამდე ზრდის.

აღსანიშნავია, რომ საპრივატიზებო არეალი მათ შორის სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ ოფისსაც მოიცავს, რომელიც ჭავჭავაძის №49ა-ში მდებარეობს. როგორც ირკვევა, სააგენტო გარკვეული პერიოდით კვლავ გააგრძელებს შენობით სარგებლობას. მყიდველი კი ვალდებულია მინიმუმ 5 წელი ქონების სააგენტოს მხრიდან უძრავი ქონების უსასყიდლოდ სარგებლობა უზრუნველყოს. სააგენტოს მიერ ქონების გამოთავისუფლების პირობად კი ჩადებულია კომპანიის მხრიდან ალტერნატიული ოფისის შეთავაზება. კერძოდ, შემძენმა ხელშეკრულების დადებიდან სამი წლის შემდეგ, თუმცა არაუგვიანეს 40 თვეში, ქონების სააგენტოს შეთავაზება უნდა წარუდგინოს თბილისში სხვა ინფრასტრუქტურით უსასყიდლოდ სარგებლობაზე, რომელიც კონკრეტულ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს, ამის შემდეგ კი სააგენტო ვალდებულია შენობა ორი თვის ვადაში გამოათავისუფლოს. სააგენტოსთვის შეთავაზებული შენობა არანაკლებ 3 985 კვ.მ. ფართობის უნდა იყოს, 70 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომით, კეთილმოწყობილი და ა.შ.

უფრო დეტალურად, საპრივატიზებო ქონების აღწერა შემდეგია: №49ა-ს მიმდებარედ არსებული 22.00 კვ.მ; 5.00 კვ.მ; 8.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, ჭავჭავაძის გამზირზე N49-ში მდებარე 121.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და №49ა-ში მდებარე 9134.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებიდან სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული წილი და მათზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთი.

აუქციონის პირობებით კომპანიას 20 მლნ დოლარის ინვესტირების ვალდებულება ეკისრება მას შემდეგ, რაც ქონების სააგენტო შენობას დაცლის. უფრო დეტალურად, საპრივატიზებო პირობების თანახმად ინვესტორს ეკისრება:

ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ მის სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების განთავისუფლებიდან 48 თვის ვადაში, უძრავი ქონების ან მისი ნაწილის განვითარების მიზნით (მშენებლობა/რემონტი/დემონტაჟი) პირადად ან/და მესამე პირის მეშვეობით, არანაკლებ 20 000 000 აშშ დოლარის (დღგ-ის გარეშე) ინვესტიციის განხორციელება.

ამასთან, ინვესტორმა უნდა უზრუნველყოს ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ ქონების გამოთავისუფლებამდე, საპრივატიზებო ტერიტორიაზე 528,67 კვ.მ. შიდა ფართზე ა(ა)ი.პ მხატვრული ტანვარჯიშის ფედერაციის სასყიდლიანი (ყოველთვიური ქირა 2589 ლარის ოდენობით) სარგებლობა.

ტერიტორიაზე გარკვეული ნაწილი უკავია ა(ა)ი.პ საქართველოს სროლის სახეობათა ეროვნულ ფედერაციას, რომლით სარგებლობა ასევე უნდა უზრუნველყოს კომპანიამ.

კომპანიამ სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა ჩარიცხოს 32 773 188 ლარი შემდეგი გრაფიკის შესაბამისად: ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ შენობის გამოთავისუფლებიდან ერთი თვის ვადაში - 17 000 000 ლარი, ხოლო გამოთავისუფლებიდან ერთი წლის ვადაში - დამატებით 15 773 188 ლარი.

ცნობისთვის, შპს აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიას სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ბიზნესმენი მინდია საბანაძეა. კომპანია 2010 წელს დაარსდა და მისი ძირითადი საქმიანობის სფეროა უძრავი ქონების დეველოპმენტია. აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია სითი მოლი საბურთალოს, სითი მოლი გლდანის და სითი თაუერის მფლობელი და მმართველი კომპანიაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები