მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2013-2020 წლებში სახელისუფლებო პიარის თანამშრომლებზე 140 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა - TI

61a9d040be243
ინგა მურუსიძე
03.12.21 12:20
658
2013-2020 წლებში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში სახელმწიფო უწყებებში პიარ-სამსახურებში დასაქმებული თანამშრომლების ანაზღაურებისთვის ბიუჯეტიდან 140.5 მლნ ლარი დაიხარჯა, - შესაბამის ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ აქვეყნებს.

კვლევა ამჯერად 322 სახელმწიფო უწყების მონაცემებს მოიცავს, მათ შორისაა, საკანონმდებლო, აღმასრულებელი, სასამართლო ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, ასევე საჯარო სამართლის იურიდიული პირები.

მთავარი მიგნებები:

 - „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში სახელმწიფო უწყებებმა პიარში დასაქმებულ თანამშრომლებს ანაზღაურების სახით ბიუჯეტიდან 140.5 მლნ ლარი გადაუხადეს. ყველაზე სოლიდური თანხა, 19.9 მლნ ლარზე მეტი, 2016 წელს დაიხარჯა.

- 2020 წელს, 2012 წელთან შედარებით, 578-დან 969-მდე (68%) გაიზარდა სახელმწიფო უწყებების პიარში დასაქმებული თანამშრომლების რაოდენობა.

- თბილისის მერიამ 2018 წელს ააიპ „საზოგადოებასთან კომუნიკაციის სააგენტო“ შექმნა, რომელშიც გამგეობებსა და მერიას დაქვემდებარებულ სტრუქტურებში მოქმედი საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურები გაერთიანდა. დედაქალაქის მერიაში 2020 წელს საშუალოდ 56 თანამშრომელი იყო დასაქმებული, რომელთა ანაზღაურებაზეც 1.6 მილიონი ლარი დაიხარჯა.

- საჯარო ინფორმაცია 322 სახელმწიფო უწყებიდან გამოვითხოვეთ. 35 დაწესებულება ინფორმაცია არ ან არასრულად მოგვაწოდა. მათ შორის, აღსანიშნავია, მთავრობის ადმინისტრაცია, თავდაცვის სამინისტრო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, რომელთა წინააღმდეგაც სასამართლოს საჩივრით მივმართეთ და კანონის შესაბამისად, გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის მოწოდებას მოვითხოვთ.

2013-2020 წლებში პიარსამსახურებში დასაქმებულების რაოდენობა და ანაზღაურება:

სახელმწიფო უწყებებში პიარის სფეროში დასაქმებული თანამშრომლების რაოდენობა და მათი ანაზღაურება 2012 წლიდან, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, საგრძნობლად გაიზარდა.

ანაზღაურების მაქსიმალური ოდენობა 2016 წელს გაიცა და 20 მილიონამდე ლარი შეადგინა. 2020 წელს, პიარ-სამსახურების თანამშრომელთა ანაზღაურებაზე დახარჯულმა თანხამ კი 18.4 მლნ ლარი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ მსხვილმა უწყებებმა, მათ შორის თავდაცვის სამინისტრომ, 2020 წლის, ხოლო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და მთავრობის ადმინისტრაციამ 2019-2020 წლების მონაცემები არ მოგვაწოდეს, დროის ამ მონაკვეთში დასაქმებულთა რიცხვი და ხარჯები შესაძლოა გაცილებით მაღალი იყოს.

კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ პიარის მიმართულებით დასაქმებული ადამიანების რაოდენობა 2012 წლიდან 2018 წლამდე ყოველწლიურად იზრდებოდა, 2018 წელს ყველაზე მეტი, 1107 ადამიანი იყო დასაქმებული.

ყველაზე მსხვილი უწყებები დასაქმებისა და ანაზღაურების მხრივ:

სხვადასხვა წლებში პიარ-სამსახურებში მომუშავე თანამშრომლების რაოდენობისა და ანაზღაურების მიხედვით, ყველაზე დიდი უწყებებია: მთავრობის ადმინისტრაცია, თბილისის მერია, შინაგან საქმეთა სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო, საქართველოს პარლამენტი, პრეზიდენტის ადმინისტრაცია. პრეზიდენტის ადმინისტრაცია ლიდერ უწყებებში მხოლოდ 2013 წელს მოხვდა.

გაუმჭვირვალე მთავრობის ადმინისტრაცია:

ცალკე უნდა გამოვყოთ მთავრობის ადმინისტრაცია, რომელიც ერთ-ერთი ლიდერი უწყებაა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სფეროში დასაქმებული თანამშრომლების რაოდენობისა და მათი ანაზღაურების მხრივ. ამას ადასტურებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ 2018 წელს გამოქვეყნებული ანგარიში, რომლისთვისაც ინფორმაცია სასამართლოს მიმართვის შემდეგ მოვიპოვეთ.

2019 წელს გამოთხოვილ ინფორმაციაში 2018 წელთან შედარებით რადიკალურად განსხვავებული ინფორმაცია მოგვაწოდეს, ხოლო 2019-2020 წლების ინფორმაცია კი საერთოდ აღარ გამოაგზავნეს.

მიუხედავად ამისა, მთავრობის ადმინისტრაცია 2013-2020 წლებში პიარის თანამშრომელთა ანაზღაურების მხრივ საერთო მონაცემებში მაინც პირველ ადგილს იკავებს და არსებული მონაცემებით, 2013-2018 წლებში მთავრობის ადმინისტრაციამ ჯამში პიარ თანამშრომლების ანაზღაურებისთვის 12.3 მლნ ლარი დახარჯა. 2020 წლის მონაცემებში არ შედის რამდენიმე უწყების მონაცემები, მათ შორის, ისეთი მსხვილი დაწესებულებების, როგორიცაა მთავრობის ადმინისტრაცია, ეკონომიკის და თავდაცვის სამინისტროები. ჩვენი მიმართვის მიუხედავად მათ, სამწუხაროდ, საჯარო ინფორმაცია არ მოგვაწოდეს. მთავრობის ადმინისტრაციამ 2018 წლის მონაცემებიც არასრულად მოგვაწოდა.

TI-ში ამბობენ, რომ საბოლოო ჯამში, საჯარო ინფორმაციაზე მოთხოვნა 322 უწყებას გაეგზავნა, პასუხი ვერ ან არასრულად მიიღო 35 დაწესებულებიდან.

მსხვილი დაწესებულებებიდან, პიარის თანამშრომლების შესახებ გამოთხოვილი ინფორმაცია არ მიაწოდა: თავდაცვის სამინისტრომ (2020 წლის მონაცემები), ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ (2019-2020 წლების მონაცემები), მთავრობის ადმინისტრაციამ (2019-2020 წლის მონაცემები არ მოგვაწოდა, ხოლო 2018 წლის მონაცემები არასრულად მოგვაწოდა).

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ მთავრობის ადმინისტრაციის, ეკონომიკის სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ სასამართლოს საჩივრით უკვე მიმართა, რითაც კანონის შესაბამისად, გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის მოწოდებას მოითხოვა.