მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2014 წლიდან სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი 1 155 კოოპერატივს შეუწყდა

5dbac3c9a1453
ლიკა გურაბანიძე
01.11.19 09:00
825
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივისათვის სტატუსის მინიჭების შესახებ პირველი ბრძანება 2014 წლის 7 მარტს გამოიცა და მას შემდეგ, მიმდინარე წლის 21 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოს მასშტაბით ჯამში, 1028 კოოპერატივია რეგისტრირებული.

როგორც "სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოში" BM.GE-ს განუცხადეს, მათ მიერ ხორცილედება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მონიტორინგი, რაც გულისხმობს კოოპერატივების საქმიანობის შესაბამისობის დადგენას "სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნებთან.

გეგმიური და არაგეგმიური მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი ხარვეზების შესაბამისად, კოოპერატივებს ეძლევათ რეკომენდაცია და კანონით დადგენილი ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად, სწორედ გამოუსწორებელი ხარვეზების შედეგად, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი 2014 წლიდან 21 ოქტომბრამდე 1 155 კოოპერატივს შეუწყდა.

"ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის შეწყვეტის შემთხვევაში,  კოოპერატივი აგრძელებს საქმიანობას, თუმცა მისთვის აღარ არის ხელმისაწვდომი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის პროგრამები და საგადასახადო შეღავათები, რითაც სტატუსის მქონე კოოპერატივები სარგებლობენ.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს, რომელსაც შეუწყდა სტატუსი, მაგრამ აკმაყოფილებს "სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნებს, აქვს უფლება კოოპერატივის სტატუსის მისაღებად  ხელმეორედ მიმართოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს", - განმარტეს სააგენტოში.