საქართველოში წარმოების მოცულობის გაზრდის მიზნით სახელმწიფოს წლებია კოოპერაციული მეურნეობების ჩამოყალიბების პრაქტიკა აქვს. ამ მიმართულებით დონორი ორგანიზაციებიც აქტიურად მუშაობენ, თუმცა როგორც პრაქტიკა აჩვენებს, კოოპერატივები საქართველოში ნაკლები წარმატებით მუშაობენ, მათ შორის ხშირად მუშაობასაც აჩერებენ.
ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე ამბობს, რომ კოოპერაციის წარუმატებლობა საქართველოში საბჭოთა წყობასთან არის დაკავშირებული, იმ სივრცესთან, სადაც კოლმეურნეობები იყო განვითარებული. მისი თქმით, უფრო მეტი საინფორმაციო კამპანიაა აუცილებელი, რომ მოსახლეობას კოოპერაციის დადებითი მხარეები დავანახოთ.
“აქ ძალიან ბევრ რამეს აკეთებენ დონორი ორგანიზაციები და სახელმწიფო პროექტი, რომელიც რძის და რძის პროდუქტების განვითარების კუთხით არსებობს. მნიშვნელოვანია კოოპერაცია, რომელიც ჩვენთან ისე არ ვითარდება როგორც საჭიროა და ვფიქრობ, ეს არის მძიმე, პოსტსაბჭოთა სივრცესთან დაკავშირებული, სადაც კოლმეურნეობები ფუნქციონირებდა. ამ კუთხით ცნობიერების ამაღლება უფრო მეტად დასახვეწია, იმიტომ რომ ახალგაზრდებში და ქალებში უფრო წარმატებული კოოპერატივებია, მაგრამ ნაკლებად შეიმჩნევა სხვადასხვა რეგიონში კოოპერაციის წარმატება.
რძის ხარისხი კრიტიკულად მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეს არის მაღალი რისკის პროდუქტი. ჩვენი ქვეყანა ცნობილია, ხაჭაპურით და რა თქმა უნდა, რძის მოხმარება ძალიან მაღალია. თუმცა ხარისხი ის არის, რაზეც ჩვენ უნდა ვიმუშაოთ. ამისთვის არაერთი წინ გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ ძალიან ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი პირუტყვის ჯანმრთელობით დაწყებული”, - ამბობს საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე.