წარმოების მაღალი ხარჯები - ესაა ის ერთ-ერთი გამოწვევა, რომელზეც მცირე ფერმერული მეურნეობები ხშირად, მათ შორის საქართველოში საუბრობენ. ეს პრობლემა არა მხოლოდ ჩვენთან, არამედ მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც დგას, რომლის გადაჭრის გზებზეც მსჯელობა ყოველდღიურად მიდის. საქმიანი ვიზიტით BMG აგვისტოში ჩრდილოეთ იტალიაში, კერძოდ, სამხრეთ ტიროლის რეგიონში იმყოფებოდა, სადაც მოვახერხეთ ადგილობრივი ფერმერთა ასოციაციის წარმომადგენლებთან გასაუბრება, რომლებსაც ამ პრობლემის გადაჭრის გზად ქვეყანაში ფერმაში დასვენების, ანუ აგროტურიზმის განვითარება მიაჩნიათ. საქართველოში ამ კუთხით არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად ისინი სწორედ ამ რეკომენდაციას გვთავაზობენ.
საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ნინო ზამბახიძე კი ამბობს, რომ აქ მცირე ფერმერებს რამდენიმე ძირითადი გამოწვევა აქვთ, რომლის გადაჭრაში თავისი როლი სახელმწიფოსაც აქვს. მისი თქმით, მცირე მეურნეობების განვითარებისთვის აუცილებელია გასაღების ბაზრის არსებობა, რომელიც აგროტურისტული ობიექტებია.
“ყველაზე დიდი გამოწვევა, რასაც ფერმერები აწყდებიან და რაზეც წლებია ვსაუბრობთ, არის ხარისხი, განათლება, ფინანსურ კაპიტალზე წვდომა და ბაზრის არარსებობა. შესაბამისად, როცა ფერმერი პატარა არის და თავის სავარგულზე თვითკმარი პროდუქტი მოჰყავს და აქვს ძალიან მცირე მოცულობის პროდუქცია, რაც სარეალიზაციოდ შეუძლია გაიტანოს, რა თქმა უნდა, ძალიან არაკონკურენტულ გარემოშია იმ დიდ ფერმერულ მეურნეობებთან, რომელიც არსებობს. შესაბამისად, მას გასაღების ბაზარი ადგილზე უნდა ჰქონდეს. გასაღების ადგილი კი სწორედ აგროტურისტული ობიექტებია.
დღეს, როცა რეგიონში ჩადიხარ, სუპერმარკეტის დახლზე დადებული პროდუქტი არ გინდა, შენ გინდა ადგილობრივად წარმოებული პროდუქცია. სახელმწიფომ ფერმერებს უნდა მისცეს შესაძლებლობა უფრო მეტ სერვისზე ხელმისაწვდომობა ჰქონდეთ. იქნება ეს ფინანსური კაპიტალი - ოღონდ არა სუბსიდირება - განათლება, ინფრასტრუქტურა თუ სხვა. როცა ფერმერს ბაზრის შესაძლებლობას აძლევ, უფრო მეტ მოტივაციას აღვივებ, რომ აწარმოოს და ქვეყნისთვის სარგებელი მოიტანოს", - ამბობს ნინო ზამბახიძე.
აგროტურისტული მეურნეობების წახალისების მიზნით, ევროპულ ქვეყნებში შესაბამისი ხარისხის ნიშანი მოქმედებს, რომელიც ტურისტებისთვის ერთგვარი გარანტიაა, რომ ისინი ამ ობიექტში ხარისხიანი სერვისისა და პროდუქციის მიღებას შეძლებენ. ნინო ზამბახიძის თქმით, მსგავსი პლატფორმა საქართველოშიც ფუნქციონირებს, რომლის მიმართაც ქართველი ფერმერების ინტერესი მაღალია.
“ძალიან დიდი პრობლემა გვქონდა აგროტურისტულ ობიექტებთან მიმართებით. ხშირად მოდიოდნენ ჩვენთან ტურისტები და ამბობდნენ, რომ სხვადასხვა პლატფორმებზე, სადაც ნახულობდნენ აგროტურისტული ობიექტების ფოტოებს, ადგილზე ჩასულებს სხვა რამე ხვდებოდათ. "ელკანას" ჰქონდა ეს პრაქტიკა. ხარისხის ნიშანი ჰქონდა შემოღებული და “მზეებს” ანიჭებდა სხვადასხვა აგროტურისტულ ობიექტებს. ჩვენც მათთან ერთად გავაკეთეთ პლატფორმა AGROGATE.WORLD, რომელიც ახლა საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში ოპერირებს. შემდგომ ამ პლატფორმის განვითარებას ვგეგმავთ და სხვა რეგიონების მოცვასაც. მნიშვნელოვანი იყო სწორედ ხარისხის ნიშანი და ის სერვისი, რომელსაც ჩვენ ვაწვდიდით აგროტურისტულ ობიექტებს, რა უნდა დაეკმაყოფილებინათ, რა არის ის მინიმალური მოთხოვნა და როგორ იღებენ ისინი ამ ხარისხის ნიშანს - მზეებს. ყოველი მზე კონკრეტული კრიტერიუმის დაკმაყოფილებას ნიშნავს", - ამბობს ნინო ზამბახიძე.
ცნობისთვის, სამხრეთ ტიროლშიც აგროტურიზმის განვითარებისა და პოპულარიზაციის მიზნით, რეგიონში არსებულ ფერმერთა ასოციაციას მათი წევრებისთვის შესაბამისი ხარისხის ნიშანიც აქვს შემოღებული, რომლის მისაღებად კონკრეტული მოთხოვნების დაკმაყოფილებაა აუცილებელი. “წითელი მამლის” სახელით ცნობილი ხარისხის ნიშნის მფლობელი ფერმერები კი ადგილობრივი ფერმერთა ასოციაციისგან მნიშვნელოვანი ბენეფიტებით სარგებლობენ.