მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მეტად დააფასეთ ფერმერების პროდუქცია და დაეხმარეთ პოპულარიზაციაში"- იტალიელ ფერმერთა გაერთიანების რჩევები საქართველოს

სამხრეტ ტიროლი

წარმოების მაღალი ხარჯები - ესაა ის ერთ-ერთი გამოწვევა, რომელზეც მცირე ფერმერული მეურნეობები ხშირად, მათ შორის საქართველოში საუბრობენ. ეს პრობლემა არა მხოლოდ ჩვენთან არამედ მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც დგას, რომლის გადაჭრის გზებზეც ყოველდღიურად მიდის მსჯელობა.

საქმიანი ვიზიტით BMG აგვისტოში ჩრდილოეთ იტალიაში, კერძოდ, სამხრეთ ტიროლის რეგიონში იმყოფებოდა, სადაც მოვახერხეთ ადგილობრივი ფერმერთა ასოციაციის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან  ჟანრს კნილსეისენი გასაუბრება, რომლებსაც ამ პრობლემის გადაჭრის გზად ქვეყანაში ფერმაში დასვენების, ანუ აგროტურიზმის განვითარება მიაჩნიათ.  

  - თუ შეგიძლიათ, მოგვაწოდოთ უფრო მეტი ინფორმაცია თქვენს გაერთიანებაზე. სამხრეთ ტიროლის ფერმერთა ასოციაცია რამდენ ფერმერს აერთიანებს და რა არის ის მთავარი სტრატეგია რომლის მიხედვითაც მუშაობთ? 

- სამხრეთ ტიროლის ფერმერთა ასოციაცია 20 000 წევრს აერთიანებს. ჩვენს რეგიონში მომუშავე თითქმის ყველა ფერმერი ჩვენი წევრია. ჩვენ მათ უამრავ სერვისს ვთავაზობთ - ვუწევთ საკონსულტაციო მომსახურებას, რაც ადგილობრივ საკანონმდებლო ცვლილებებს ეხება. ასევე ხშირად არის კითხვები მართვასა და მენეჯმენტთან დაკავშირებითაც, რაზეც ჩვენი კონსულტანტები მათთან მუშაობენ. ასევე მუშაობს ჩვენი მარკეტინგის დეპარტამენტიც, რომელიც ეხმარება ფერმერებს თავიანთი პროდუქციის რეკლამირებაში. 

- რა არის ის მთავარი გამოწვევები, რომელსაც ადგილობრივი ფერმერები აწყდებიან და რას აკეთებთ იმისთვის, რომ ეს პრობლემები გადაიჭრას?

- მთავარი გამოწვევა არის ის, რომ ჩვენ გვიჭირს ფასის მხრივ კონკურენცია გავუწიოთ მსოფლიოს ფასებს. რთულია საფასო კონკურენციაში შეხვიდე ისეთ ფერმებთან, რომლებიც ჩვენს რეგიონში მდებარე მეურნეობებზე 100-ჯერ დიდია. ჩვენ ძალიან დიდი წარმოების ხარჯი გვაქვს. ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად  და შესამსუბუქებლად გვიწევს კონკრეტული სტრატეგიების გაწერა, რომ ფერმერებმა სხვადასხვა გზებით შეძლონ შემოსავლის გაზრდა. შემოსავლის გაზრდის ერთ-ერთი მთავარი გზა ამ პირობებში არის აგროტურიზმის განვითარება და ტურისტებისთვის ფერმაში დასვენების შეთავაზება. ჩვენს რეგიონში ეს მიმართულება წარმატებით მუშაობს, ეხმარება ფერმერებს საქმიანობა გააგრძელონ - ინვესტიციები განახორციელონ როგორც წარმოებაში ისე აგროტურიზმში. 

- მოგვიყევით ხარისხის ნიშანზე, რომელიც წითელი მამლის სახელით არის ცნობილი. რატომ გადაწყვიტეთ რომ ეს მიმართულება გაგევითარებინათ და როგორ შეუძლიათ ფერმერებს ამ ნიშნის მიღება?

- დიახ, ჩვენი მხრიდან შემუშავებულია ხარისხის ნიშანი, რომელსაც წითელი მამალი ჰქვია. ეს არის აქტიური, მომუშავე ფერმის სიმბოლო ჩვენთან. სწორედ ამ ხარისხის ნიშნით ვცდილობთ უფრო მეტად პოპულარული გავხადოთ ფერმაში დასვენების მიმართულება. ეს არის ქოლგა ბრენდი, რომლის მიზანიცაა მომხმარებელს დაეხმაროს ისეთი ფერმების მოძიებაში, სადაც მაღალი ხარისხი უპირობოდ დაცულია. ფერმერებს აღნიშნული ხარისხის ნიშნის მიღება რამდენიმე საფეხურის გავლის შემდეგ შეუძლიათ. პირველ რიგში ფერმერი აკეთებს განაცხადს, სადაც არის კონკრეტული მოთხოვნები, რომელიც ამა თუ იმ მეურნეობამ უნდა დააკმაყოფილოს. ამის შემდეგ ჩვენი ჯგუფი მიდის ადგილზე და ფერმას ამოწმებს, თუ რამდენად აკმაყოფილებს იმ სტანდარტებს რაც ჩვენი მხრიდან არის მოთხოვნილი. მაგალითად ფერმერი ვალდებულია პროდუქციის წარმოებისას გამოყენებული ნედლეულის 75% მისსავე, ადგილობრივ ფერმაში  იყოს მოყვანილი, დანარჩენი 25% კი შესაძლებელია ფერმერმა სხვა მეურნეობაში მოყვანილი პროდუქციით შეავსოს. საბოლოოდ ხარისხის ნიშნის მისაღებად უხილავი კონტროლი უნდა გაიარო, რომელსაც 6 წევრისგან შემდგარი კომისია ატარებს და იმ შემთხვევაში თუ ისინი რაიმე დარღვევას არ აღმოაჩენენ ფერმერი ხარისხის ნიშნის მფლობელი ხდება. 

- რა არის მთავარი უპირატესობები, რასაც ხარისხის ნიშანი ადგილობრივ ფერმერებს აძლევს?

- 2 ძირითად უპირატესობას გეტყვით, რასაც წითელი მამლის ხარისხის ნიშნის მქონე ფერმერები იღებენ- პირველ რიგში ეს არის აღიარებული ხარისხის ნიშანი, რაც შენს პროდუქტს უფრო პრესტიჟულს და ძვირადღირებულს ქმნის. იზრდება მომხმარებლის მხრიდან ნდობაც. მეორე მხრივ ასეთ ფერმერებს ჩვენ ვუწევთ რეკლამას. ვეხმარებით პროდუქტების პოპულარიზაციაში. მათ შესახებ ინფორმაციას ვათავსებთ სხვადასხვა ციფრულ პლატფორმებზე. ასე რომ მთავარი უპირატესობა წითელი მამლის ხარისხის ნიშნის არის ის რომ იზრდება შენი პროდუქციის ცნობადობა. 


- რძის წარმოება ადგილობრივი ფერმერებისთვის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა- ამ კუთხით საქართველოში გამოწვევები მრავლად გვაქვს. ქვეყანაში თვითკმარობის კოეფიციენტი ძალიან დაბალია, რის გამოც იმპორტირებული რძის ფხვნილის გამოყენება გვიწევს. როგორ შეიძლება ეს პრობლემა მოვაგვაროთ, საინტერესო იქნება თქვენგან ამ მიმართულებით გამოცდილების მოსმენა. 

- რძის ფხვნილის იმპორტით და შემდგომ უკვე წარმოებაში გამოყენებით ბაზარი ფუჭდება. რძის ფხვნილი არის იაფიანი პროდუქტი, რომლის გამოყენებაც ყოველთვის სახიფათოა, რადგან პროდუქციის ხარისხი ამ დროს ძალიან დაბალია. ალბათ წარმოების ხარჯები საქართველოშიც სამხრეთ ტიროლის მსგავსად მაღალია - თუმცა ამ კუთხით გამოსავლის გზები არსებობს. ვფიქრობ, რომ უფრო მეტად უნდა დააფასოთ თქვენივე წარმოებული პროდუქცია და ფერმერებს რაც მთავარია მათ პოპულარიზაციაში  დაეხმაროთ. უნდა იცოდეს ფართო მასებმა თუ სად იწარმოება მაღალი ხარისხის ყველი თუ რძე. იმისთვის, რომ ჩვენს რეგიონს წარმოების მოცულობა გაეზარდა კოოპერაციულ მუშაობაზე გადავიდა. ჩვენს რეგიონში რძის  99% კოოპერატივების მიერ იწარმოება და შემდგომ იყიდება. შესაბამისად, რძის ყველა მწარმოებელი კოოპერატივშია გაერთიანებული. ამ კუთხით ფერმერები ახერხებენ ყოველდღიური საწარმოო ხარჯების შემცირებას და ინვესტიციის ერთ დიდ მეურნეობაში პარტნიორებთან ერთად განხორციელებას. როცა ინდივიდუალური ბევრი ფერმერია ბაზარზე ფასის მხრივ კონკურენცია უფრო რთულია. თუმცა როცა რეგიონში კოოპერატივები განვითარებულია - ამ კუთხით თამაშიც წესებს ისინი ადგენენ. 

- და ბოლოს, თუ შეგიძლიათ რომ მოგვიყვეთ ღვინის წარმოებაზეც. რა სახის ღვინოები იწარმოება ადგილზე და რომელ ქვეყნებში გადის სამხრეთ ტიროლში წარმოებული ღვინო? და რა იქნება თქვენი რეკომენდაციები ქართულ ღვინოსთან დაკავშირებით, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის რომ ქართული ღვინის პოპულარიზაცია გავზარდოთ?

- წლების წინ ჩვენც გვქონდა პრობლემები ღვინის პოპულარიზაციასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ არასწორი სტრატეგიით ვმუშაობდით. ჩვენ აქცენტს მოცულობაზე ვაკეთებდით და არა ხარისხზე. საბოლოოდ დავადგინეთ ხარისხის ხაზი, რომელსაც ადგილობრივი მეღვინეები მიყვებიან. გვაქვს სერტიფიცირების სისტემა - შესაბამისად დღეს მხოლოდ მაღალი ხარისხის ღვინოს ვაწარმოებთ. იქამდე სანამ ღვინო მომზადდება დიდი ძალისხმევა იდება ვენახის მოვლაშიც. როცა ხარისხი მაღალია ღვინო უფრო მეტად ფასობს და უფრო მეტი შემოსავლის მიღებასაც ახერხებ. ჩვენი ღვინო წარმოდგენილია ყველა ადგილობრივ რესტორანში, რაც კიდევ უფრო მეტად აძლიერებს ამ პროდუქტს. აქ ჩამოსული ყველა ტურისტი აგემოვნებს მას და მიაქვთ თავიანთ სამშობლოში. ჩვენს ღვინოს შეხვდებით ევროკავშირის ქვეყნებშიც თითქმის ყველგან. ამ კუთხით ცალკე ასოციაცია მუშაობს, რომელიც ადგილობრივი ღვინის პოპულარიზაციას ახდენს.  ეს ასოციაცია კი თანამშრომლობს ტურიზმის ადმინისტრაციასთან, რომელიც თავის მხრივ ჩვენს რეგიონს სხვა ქვეყნებს აცნობს. ყველა ღვინის ბოთლს ეტიკეტზე აქვს ნიშანი, რაც მომხმარებელს აძლევს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ეს ღვინო წარმოებულია სამხრეთ ტიროლში, ხოლო როცა ღვინო მაღალი ხარისხისაა ტურისტებს უჩნდებათ სურვილი ამ რეგიონს ესტუმრონ. შესაბამისად ხდება როგორც რეგიონის ისე თავად პროდუქტის პოპულარიზაციაც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები