მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“აგროტურიზმის სტიმულირებისთვის სახელმწიფომ დამატებითი პროექტები უნდა გააკეთოს” - ფერმერთა ასოციაცია

ღვინის ტურიზმი

აგროტურიზმისა და ღვინის ტურიზმის მიმართულებით სახელმწიფო საგადასახადო შეღავათების დაწესებას განიხილავს. კანონპროექტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადისგან აგროტურისტული და ღვინის ტურისტული სუბიექტები იმ შემთხვევაში თავისუფლდებიან თუ წლიური შემოსავალი 700 000 ლარს არ აღემატება. 

აგრო და ღვინის ტურიზმის მიმართულებით შესაბამისი საშეღავათო პაკეტი პარლამენტს ფერმერთა ასოციაციამ ჯერ კიდევ წლების წინ წარუდგინა. „საქართველოს ფერმერთა ასოციაციის“ თავმჯდომარის მოადგილე, რატი კოჭლამაზაშვილი აცხადებს, რომ მათი მხრიდან წარდგენილი პაკეტი საგადასახადო შეღავათების დაწესებასთან ერთად სახელმწიფოს მხრიდან სხვა ნაბიჯების გადადგმასაც ითვალისწინებდა. კოჭლამაზაშვილი ინიციატივას დადებითად აფასებს, თუმცა ამბობს, რომ დარგს სტიმულირებისთვის სხვა მექანიზმებიც სჭირდება.

“პაკეტში ჩვენ გათვალისწინებული გვქონდა ორი მიმართულება. როდესაც მოხდებოდა განსაზღვრა ვინ არის აგროტურიზმი და ღვინის ტურიზმი, უნდა მომხდარიყო მათთვის საგადასახადო შეღავათების დაწესება. ამის შემდგომი ნაბიჯი ის არის, რომ სახელმწიფომ სხვადასხვა პროექტების და პროგრამის კუთხით, ასევე დონორების დახმარებით დამატებითი პროგრამები გააკეთოს, რაც სოფლად მცხოვრებ ოჯახებს აგროტურიზმში ჩასართავად დამატებით სტიმულს მისცემს”, - ამბობს საქართველოს ფერმერთა ასოციაციის“ თავმჯდომარის მოადგილე რატი კოჭლამაზაშვილი. 

ღვინის ტურიზმის  მიმართულებით მომუშავე კომპანიები კი ამბობენ, რომ აღნიშნულ შეღავათს, შესაძლოა, ხელშესახები შედეგი იქამდე არ ჰქონდეს, სანამ სექტორში პროდუქტის ხარისხი არ გაუმჯობესდება. ბიზნესი სახელმწიფოს ამ კუთხით არსებული გამოწვევების აღმოფხვრას ურჩევს, რაც სექტორის მიმართ ინტერესს ისედაც გაზრდის.

“ვფიქრობ, რომ სახელმწიფომ უფრო მეტი ღვინის ხარისხის აწევასა და შესაბამისად ყურძნის ხარისხის გაუმჯობესებაზე უნდა იფიქროს. დამერწმუნეთ, თუ ხარისხი აიწევს ღვინის ტურიზმი თავისით მიხედავს თავს და კარგი ღვინის მწარმოებელს არც კლიენტი მოაკლდება და არც შემოსავალი”, - ამბობს "ფაფრის ველის" დამფუძნებელი შალვა ქურდაძე. 

პარლამენტში აგრო და ღვინის ტურიზმის სექტორებისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესებაზე მსჯელობა ტურიზმის კანონის განხილვის პარალელურად იგეგმება. პროექტის მიხედვით, შეღავათით ის ბიზნესები ისარგებლებენ,  რომლებიც სახელმწიფოსგან შესაბამისი საქმიანობის განხორციელების სტატუსს მიიღებენ. წინასწარი ინფორმაციით ტურიზმის შესახებ კანონში აგროტურიზმისა და ღვინის ტურიზმის განსაზღვრებაც უნდა გაჩნდეს. აგროტურიზმისა და ღვინის ტურიზმის საქმიანობის პრინციპები გეგმის მიხედვით მთავრობამ 2024 წლის 1 ივნისამდე უნდა დაამტკიცოს.  





გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები