„პროგრამის ფარგლებში უკვე შესაძლებელია აგროტურიზმის მიმართულებით პროექტების დაფინანსება, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ახალი სახეები იქნენ წარმოჩენილი“,-ასე ეხმაურება ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ პროგრამა „ბიზნეს უნივერსალის“ გაფართოებას.
მთავრობის გადაწყვეტილებით, "ბიზნეს უნივერსალის" პროგრამას აგროტურისტული და ეკოტურისტული ინდუსტრიების მიმართულება დაემატა. პროგრამით სარგებლობა შეუძლია ყველა მეწარმეს, გარდა მათი, ვინც თბილისისა და ბათუმში ცხოვრობს.
სესხის და ლიზინგის ფარგლებში სააგენტო ბენეფიციარებს სესხის პროცენტს დაუსუბსიდირებს რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 5%, ხოლო ლიზინგის შემთხვევაში მინუს 3%-ის ოდენობით. ამასთან სესხის შემთხვევაში სააგენტო სესხის არაუმეტეს 80%-ის ფარგლებში ბიზნესს გარანტორად დაუდგება. სესხისა თუ ლიზინგის მინიმალური მოცულობა 50 000 ლარს, ხოლო მაქსიმალური 10 მლნ ლარს შეადგენს.
„აწარმოე საქართველო არის ერთ-ერთი საუკეთესო პროექტი იმისთვის, რომ მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეობა განვითარდეს ქვეყანაში. ჩვენ არაერთხელ გვქონია შეხვედრა მათთან და წლების განმავლობაში სწორედ ამ მიმართულებას ვლობირებდით, რომ აგროტურიზმი არის ის ერთ-ერთი მიმართულება, რომელიც სჭირდება ქვეყანას. ქვეყანას ამის პოტენცია გააჩნია, მაგრამ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება ისეთი სწრაფი ტემპებით ვერ ხერხდებოდა, რადგან მოგეხსენებათ ფინანსურ კაპიტალზე ხელმისაწვდომობა ეს არის ერთ-ერთი დიდი გამოწვევა კვლავ.
მივესალმები, რომ პროექტის ფარგლებში უკვე შესაძლებელია აგროტურიზმის მიმართულებით პროექტების დაფინანსება, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ახალი სახეები იქნენ წარმოჩენილი. დღეს თუ ვხედავთ ჩვენ ახალ სახეებს, სხვადასხვა რეგიონში განვითარებულ ბიზნესებს, რომელიც პირდაპირპროპორციულად ავითარებს სოფლის მეურნეობას, ეს არის სწორედ „აწარმოე საქართველოს“ დამსახურება.
საბრუნავი კაპიტალი არასდროს იყო მათთვის ხელმისაწვდომი და ამ პროექტის ფარგლებში ფერმერულ მეურნეობებს საბრუნავი კაპიტალი გაუჩნდებათ, რაც შესაძლებელი იქნება გამოიყენონ საბრუნავი საშუალებებისთვის“,-აცხადებს ნინო ზამბახიძე.
„ბიზნეს უნივერსალის“ ბენეფიციარი შეუძლია გახდეს ის ფერმერული მეურნეობა, რომელსაც განთავსების, კვებითი მომსახურების სერვისები და სხვა აქტივობები გააჩნია.
იმისთვის, რომ პირმა ბიზნეს უნივერსალის პროგრამაში მონაწილეობა შეძლოს, მას საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში უნდა გააჩნდეს ფერმერული მეურნეობა, რეგისტრირებული უნდა იყოს ბიზნესოპერატორად და ასევე სოფლის მეურნეობის სამინისტროს ფერმერთა რეესტრში.
აღსანიშნია, რომ პროგრამაში "ბიზნეს უნივერსალი" ახალი ეკონომიკური საქმიანობების დამატებით პროგრამის საერთო ბიუჯეტი არ შეცვლილა. როგორც აწარმოე საქართველოში bm.ge-ს განუცხადეს, პროგრამის საპროგნოზო ბიუჯეტი 2024 წელს 30 000 000 ლარამდეა.