24.მაისი .2022 11:43

2016 წლის შემდეგ პირველად საქართველოს რკინიგზა მოგებაზე გავიდა

2016 წლის შემდეგ პირველად საქართველოს რკინიგზა მოგებაზე გავიდა
views 5331
უკან

საქართველოს რკინიგზამ 2021 წელი ზარალის ნაცვლად მოგებით დაასრულა. ამის შესახებ რკინიგზის ფინანსურ ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც კომპანიამ დღეს გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, 2021 წელი კომპანიამ 547.9 მილიონი ლარის შემოსავლით და 52.7 მილიონი ლარის წმინდა მოგებით დაასრულა.

ეს 2016 წლის შემდეგ პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველოს რკინიგზა ზარალის ნაცვლად მოგებაზე გავიდა. 2016-2020 წლების განმავლობაში საქართველოს რკინიგზის ჯამური ზარალი 1.4-მილიარდი ლარი იყო. მათ შორის 2020 წელს კომპანიამ 164.6 მილიონი ლარით იზარალა.

2021 წლის განმავლობაში რკინიგზის მოგებაზე გასვლა კომპანიის გაზრდილმა შემოსავალმა და შემცირებულმა ფინანსურმა ხარჯებმა განაპირობეს.

საქართველოს რკინიგზის შემოსავლები ასე ნაწილდება:

● სატვირთო გადაზიდვები - 423.8 მილიონი ლარი, მატება წინა წელთან 9%;
● ლოჯისტიკური სერვისები - 69.4 მილიონი ლარი, მატება წინა წელთან 28%;
● სამგზავრო გადაყვანები - 14.8 მილიონი ლარი, მატება წინა წელთან 32%
● ვაგონების გაქირავება - 4.6 მილიონი ლარი, კლება წინა წელთან 47%
● ვაგონების სასაზღვრო მომსახურების საკომისიო - 9.9 მილიონი ლარი, კლება წინა წელთან 30%;
● სხვა - 25.3 მილიონი ლარი, მატება წინა წელთან 115%;
● სულ - 547.9 მილიონი ლარი, მატება წინა წელთან 12%.

რაც შეეხება რკინიგზის საოპერაციო ხარჯებს, მათ შორის პირველ ადგილზეა თანამშრომელთა ხელფასები. კომპანია ჯამში 12,000 ადამიანს ასაქმებს, რომელთა ანაზღაურებამაც გასულ წელს 180 მილიონი ლარი შეადგინა. ეს წინა წელთან შედარებით 10 მილიონი ლარით მეტია.

რკინიგზის ინფრასტრუქტურის და მოწყობილობების ცვეთის ხარჯმა 58 მილიონი ლარი შეადგინა, ელექტროენერგიის და სახარჯი მასალების ხარჯი 54.5 მილიონი ლარი იყო, “სხვა ხარჯებმა” კი 95 მილიონი ლარი შეადგინა. თავად სხვა ხარჯებში ლოჯისტიკური სერვისების ღირებულებაა 32 მილიონი ლარი, გადასახადები 30 მილიონი ლარი, დაცვის ხარჯები 9.7 მილიონი ლარი.

“საქართველოს რკინიგზა” 100%-ით “საპარტნიორო ფონდის” საკუთრებაა. კომპანიის აქტივები 2.25 მილიარდ ლარს შეადგენს. სახელმწიფო კომპანიის ვალდებულებები 1.7 მილიარდ ლარს შეადგენს, სადაც წამყვან პოზიციას $500-მილიონიანი ევროობლიგაცია იკავებს, რომელიც კომპანიამ 2021 წელს გამოუშვა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა