მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2019 წელს დასაკუთრებული ქონების ყველაზე დიდი ნაწილი მევახშეთა სასარგებლოდ გაიყიდა

5df72705cc0d6
შოთა ტყეშელაშვილი
16.12.19 10:43
3161
არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკებმა" 2019 წლის 10 თვეში დასაკუთრებული ქონების შესახებ გამოაქვეყნა მიმოხილვა. აღსრულების ეროვნული ბიუროს მონაცემებით, აღნიშნულ პერიოდში სულ 1039 უძრავი ქონების დასაკუთრება მოხდა, რომლის 49%-იც (514 ქონება) კერძო მევახშეების სასარგებლოდ გაიყიდა. კომერციულ ბანკებზე 411 (40%) უძრავი ქონება მოდის. 114-ის (11%) შემთხვევაში, კრედიტორი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იყო.

"2017 წლის შემდეგ დასაკუთრებული უძრავი ქონების რაოდენობა შემცირების ტენდენციით გამოირჩევა. 2017 წელს 1695, ხოლო 2018-ში კი 1395 ქონება გასხვისდა აუქციონის წესით.

მევახშეების სექტორი საქართველოში ლეგალურია, მაგრამ ფაქტობრივად დაურეგულირებელი (რეგულირდება მხოლოდ იმ კერძო იპოთეკარების სექტორი, რომელთა მიერ გაცემული სესხების რაოდენობა აღემატება 20-ს, ხოლო ე.წ. წვრილი იპოთეკარების სექტორის შესახებ მონაცემები არ არსებობს).

პრობლემის აღმოსაფხვრელად სასურველია აღნიშნული სესხების ერთიან ბაზაში მოქცევა და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის ზრდა, რაც გაზრდის კონკურენციას ამ სეგმენტში და გამოიწვევს მსესხებლის პირობების გაუმჯობესებას", - ნათქვამია ორგანიზაციის მიმოხილვაში. 

"საზოგადოება და ბანკები" მიიჩნევს, რომ მევახშეთა სექტორი დღეს პრაქტიკულად ჩრდილოვანი ეკონომიკის ნაწილს წარმოადგენს და მისი გამჭვირვალობის ზრდა აუცილებლობას წარმოადგენს:

"კვლევის შედეგად გამოკვეთილი პრობლემების მოსაგვარებლად არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკები“ მიიჩნევს, რომ აუცილებელია:

· საზოგადოებაში ფინანსური განათლების დონის ამაღლება;

· სესხის რესტრუქტურიზაციის პირობების გაუმჯობესება;

· მევახშეების, როგორც ეკონომიკის ჩრდილოვანი სეგმენტის ანალიზი და არსებული პრობლემების იდენტიფიცირება; 

· აქტივების მართვის კომპანიების შესწავლა, რომლებიც პრობლემური სესხების მართვაში და უძრავი ქონების რეალიზებაში მონაწილეობენ,"- ნათქვამია "საზოგადოება და ბანკების" მიმოხილვაში.