მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2019 წელს პენსიის რეალური მსყიდველუნარიანობა უფრო დაბალი იყო, ვიდრე - 2016 წელს

5e15f501a56fe
შოთა ტყეშელაშვილი
08.01.20 19:39
1962
საქართველოში 745,001 ასაკით პენსიონერია - ეს ქვეყნის მოსახლეობის ზუსტად 20%-ის ტოლია. ამ მოქალაქეთა მნიშვნელოვანი ნაწილის ერთადერთ შემოსავალს სახელმწიფოს მიერ დადგენილი ასაკობრივი პენსია წარმოადგენს. 2020 წლის პირველი იანვრიდან საბაზო პენსიის მოცულობა - 220 ლარამდე, პირველი ივნისიდან კი, 70 წელზე ხანდაზმულთათვის ის 250 ლარამდე გაიზრდება, თუმცა ქვეყანაში გაზრდილი ინფლაციის ფონზე, ლარში დარიცხული თანხის რეალური ღირებულება თვიდან თვემდე მცირდება. 2019 წლის განმავლობაში საბაზო პენსიის მოცულობა 200 ლარს შეადგენდა, თუმცა წლის განმავლობაში არსებული 7%-იანი ინფლაციის ფონზე, მისი ფაქტობრივი მსყიდველუნარიანობა იყო იმაზე დაბალი, ვიდრე - 2016 წელს, 180-ლარიან პენსიას ჰქონდა.

კიდევ უფრო მძიმე სურათს მივიღებთ თუ სახელმწიფო პენსიების მოცულობის ცვლილებას წლიდან წლამდე აშშ დოლარში დავაკვირდებით. დოლართან მიმართებით საქართველოში პენსიის ღირებულებამ პიკს 2013 წელს მიაღწია, როდესაც 150-ლარიანი პენსია $86.4 დოლარს უდრიდა, 2019 წელს კი, მხოლოდ $69.7 დოლარი ღირდა.

შესაბამისად, გაზრდილი ინფლაცია და გაუფასურებული ლარი არის მთავარი ფაქტორები, რის გამოც პენსიის რეალური მსყიდველუნარიანობა მცირდება.



2021 წლიდან საქართველოს მთავრობა პენსიების ზრდის სპეციალურ ფორმულაზე მიბმას გეგმავს; ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, საქართველოს მთავრობის მიერ ხელმოწერილ მემორანდუმის მუხლებში არის ნათქვამი.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ პენსიების ზრდის ოპტიმალურ მოდელად საქართველოს მთავრობა განიხილავს მის ეკონომიკურ ზრდასთან მიბმას. ანუ წლიდან წლამდე პენსია გაიზრდება იმ ფორმულაზე დაყრდნობით, რომელშიც მთავარი ცვლადი მოსალოდნელი ეკონომიკური ზრდა იქნება.

ეს ნიშნავს, რომ პირობითად, თუ პენსია შეადგენს 200 ლარს, ხოლო მოსალოდნელი ეკონომიკური ზრდა არის 4.5%, მაშინ შესაძლოა მთავრობამ პენსიის ოდენობა 4%-ით ანუ წელიწადში 8 ლარით გაზარდოს.

საქართველოს მთავრობა უკვე რამდენიმე წელია პენსიის ინდექსირების მოდელზე მუშაობს, თუმცა ამ დრომდე პროექტი წარდგენილი არაა. მნიშვნელოვანია გარემოება, რომ პენსიის ინდექსირების წესის დანერგვა საქართველოს მთავრობის ვალდებულებასაც წარმოადგენდა. ამ ვალდებულებას დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონი ითვალისწინებს.