საქართველოში ასაკით პენსიონერთა რაოდენობა იზრდება იმაზე მაღალი ტემპებით, ვიდრე ეს მთავრობის მიერ იყო პროგნოზირებული. 2023 წლის იანვარში პენსიას 810 ათასი ადამიანი იღებდა, ამჟამად კი ბენეფიციართა რაოდენობამ უკვე 828 ათასს მიაღწია, რაც ფინანსთა სამინისტროს განმარტებით, არის მათ მიერ პროგნოზირებულ მატებაზე უფრო მეტი. ამიტომაც, 2023 წლის ბიუჯეტის კორექტირების პროექტში ფინანსთა სამინისტრომ მიმდინარე წლის საპენსიო უზრუნველყოფის ბიუჯეტს 75 მილიონი ლარი დაამატა.
დეპუტატთა კითხვაზე, თუ რატომ გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, პარლამენტში გამართულ სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ უპასუხა, რომ იმ პირთა რაოდენობა, ვინც პოტენციურად ასაკობრივი პენსია შეიძლება მიიღოს, ფაქტობრივად მიმღებთა რაოდენობას 40 ათასით აღემატება. თუმცა, ამ მოსახლეობის ნაწილი უცხოეთში ცხოვრობს და პენსიას არ იღებს, ნაწილი კი აგრძელებს საჯარო სექტორში მუშაობს და შესაბამისად, სახელმწიფო პენსია არ ეკუთვნის. გიორგი კაკაურიძის თქმით, ამის გამო მთავრობა ბიუჯეტის შედგენისას საპროგნოზო მაჩვენებელს ადგენდა წინა წლებში პენსიონერთა რაოდენობის ზრდის საშუალო ტრენდის მეშვეობით. თუმცა, 2023 წელს გამოიკვეთა ტენდენცია, რომ მოსალოდნელზე მეტმა ადამიანმა მოითხოვა ასაკობრივი პენსია.
“თუ ავიღებთ მონაცემებს სამოქალაქო რეესტრიდან, დაახლოებით 40 ათასით ნაკლები ბენეფიციარი გვყავს, ვიდრე ბაზებში არსებობს. ნაწილი უცხოეთშია, ნაწილი საქართველოშია და საჯარო სექტორში მუშაობს. ჩვენ სრულად ამ თანხას არ ვითვალისწინებთ, 40 ათასი ადამიანის პენსია რომ ჩავდოთ ბიუჯეტში თანხების არასწორი მიმართვა იქნება. ამიტომაც ზრდას ვიღებთ საშუალო სტატისტიკიდან თუ როგორ იზრდება წლიდან წლამდე ასაკით პენსიონერთა რაოდენობა. ეს საშუალოდ არის 12-15 ათასი ადამიანი. თუმცა წელს 20 ათასზე მეტით არის გაზრდილი ეს რაოდენობა და წლის ბოლომდე მოსალოდნელია კიდევ 5-6 ათასი პენსიონერის დამატება,”- ამბობს გიორგი კაკაურიძე.
2023 წლის განახლებული ბიუჯეტის პროექტით, ასაკით პენსიონერთა უზრუნველყოფაზე 3,450,000,000 ლარი დაიხარჯება, რაც ქვეყნის საბიუჯეტო ხარჯების 15.5%-ია.
საქართველოში ასაკობრივი პენსია სპეციალური ინდექსაციის ფორმულით იზრდება. ამჟამად 70 წლამდე პირთა პენსია 295 ლარს, ხოლო 70 წელს ზემოთ პირთა პენსია 365 ლარს შეადგენს.